სტუ
27/03/2023

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე, ცნობილი მეცნიერის, კოორდინაციული ნაერთების ქიმიის მკვლევრის, საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსის, ნიუ იორკის მეცნიერებათა აკადემიის წევრის, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატის, ღირსების ორდენის კავალერის, პროფესორ თენგიზ წივწივაძის სახელი სასწავლო აუდიტორიას მიენიჭა.

პროფესორ თენგიზ წივწივაძის სახელობის აუდიტორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ გახსნეს.

პროფესორ თენგიზ წივწივაძის სახელობის აუდიტორიის საზეიმო გახსნას ცნობილი მეცნიერის ოჯახი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, აკადემიური და სამეცნიერო წრეები, სტუდენტები და კურსდამთავრებულები ესწრებოდნენ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ თენგიზ წივწივაძის სამეცნიერო და პედაგოგიურ ღვაწლზე ისაუბრა.

„საუნივერსიტეტო საზოგადოება ვიხსენებთ დიდ ქართველსა და სახელოვან მეცნიერს, მოამაგეს, არაჩვეულებრივ პედაგოგს, ჩვენს საყვარელ კოლეგას, რომელმაც 1969 წლიდან, თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი წლები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მეცნიერებას მიუძღვნა - დაგვიტოვა 250-ზე მეტი ნაშრომი, 5 მონოგრაფია, 12 სახელმძღვანელო და გამოგონებები. ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომების ციკლისთვის - „ლითონების კოორდინაციული ნაერთები: სინთეზი, აღნაგობა, თვისება“ მას მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა. ის ღირსეული და გამორჩეული მამულიშვილი იყო, რომელიც თავის ერუდიციას უშურველად ახმარდა ახალგაზრდა პროფესიონალი თაობების აღზრდას. ჩვენს ქვეყანაში ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და საინჟინრო-ტექნოლოგიური კადრების აღზრდის მხრივ შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პროფესორი თენგიზ წივწივაძე ღირსების მედლითა და ორდენით დაჯილდოვდა. ბატონი თენგიზი იყო მეცნიერი მაღალი მოქალაქეობრივი პოზიციით, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა არა მხოლოდ ჩვენი უნივერსიტეტის, არამედ ქვეყნის სამეცნიერო ცხოვრებაში. ჩვენ ვაფასებთ წარსულს და მის პატივისცემას ვუნერგავთ ახალგაზრდებს. უნივერსიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი და ისტორიული მისიაა, აღზარდოს არა მხოლოდ მეცნიერთა და პროფესიონალ სპეციალისტთა, არამედ ღირსეულ მოქალაქეთა თაობები. ბატონი თენგიზ წივწივაძის კრედოც სწორედ ეს იყო. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით კოლეგებს და ბატონი თენგიზის ოჯახის წევრებს“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

როგორც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ აღნიშნა, პროფესორმა თენგიზ წივწივაძემ ქართული სამეცნიერო სკოლა უნიკალური ნაშრომებითა და კვლევებით გაამდიდრა.

„ბედნიერია ახალგაზრდა, რომელსაც ბატონ თენგიზ წივწივაძესთან ოდესმე ჰქონია შეხება და შესაძლებლობა, მისი ხელმძღვანელობით მეცნიერების ზიარი გამხდარიყო. პროფესორმა თენგიზ წივწივაძემ არაერთი მნიშვნელოვანი, ვიტყოდი, უნიკალური ნაშრომებითა და კვლევებით გაამდიდრა ქართული სამეცნიერო სკოლა. მისი კვლევის სფერო ბუნებრივი და სინთეზური ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების მიღება, ფიზიკურ-ქიმიური და ბიოლოგიური თვისებების შესწავლა და მიღებული შედეგების პრაქტიკული გამოყენება იყო; ასევე, იკვლევდა სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიური პრეპარატების სინთეზს, შემოკრებილი ჰყავდა ერთგული თანამოაზრეები, ახალგაზრდა მკვლევრები, რომელთაც თავის გამოცდილებას უშურველად უზიარებდა. მთავარია, რომ მის სამეცნიერო მემკვიდრეობაზე ახალგაზრდა მკვლევართა კიდევ მრავალი  თაობა აღიზრდება“, - განაცხადა აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ.

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-მდივანმა, რამაზ ხუროძემ პროფესორ თენგიზ წივწივაძეს სამართლიანობის, გულისხმიერებისა და განათლების სიმბოლო უწოდა.

„ჩვენ სახელოვან კაცთან გვიწევდა მუშაობა. ბედნიერებაა, რომ არსებობდა თენგიზ წივწივაძე, სამართლიანობის, გულისხმიერებისა და განათლების სიმბოლო, დიდი მეცნიერი, ჩვენი ქვეყნის, უნივერსიტეტისა და ქიმიკოსთა საზოგადოების გამორჩეული მოამაგე. ყველამ, ვისაც მასთან უწევდა ურთიერთობა, იცოდა, რომ თენგიზ წივწივაძე უსამართლო გადაწყვეტილებას არასოდეს
მიიღებდა. გასაოცრად გულისხმიერი იყო სტუდენტების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ბატონი თენგიზი ქიმიკოსი იყო, უბადლოდ ფლობდა მშობლიურ ენასა და ლიტერატურას. ეს წივწივაძეების ოჯახის მთავარი ნიშანია, მადლობა ამ ოჯახს“, - აღნიშნა აკადემიკოსმა, რამაზ ხუროძემ.


სიახლეებში დაბრუნება