სტუ
08/03/2023

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის პედაგოგ, მეცნიერ და ახალგაზრდა მკვლევარ ქალებს, ასევე, უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის წევრებს შეხვდნენ.

გაფართოებულ შეხვედრას, რომელიც გიორგი ნიკოლაძის დარბაზში გაიმართა, ესწრებოდნენ სტუ-ის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და საქართველოს ქალთა საბჭოს აღმასრულებელი საბჭოს თავჯდომარე ქეთევან გაბრუაშვილი.

ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გაფართოებული შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ მილოცვით გახსნა. მან წარმატებები უსურვა უნივერსიტეტის ღვაწლმოსილ პედაგოგ და მეცნიერ ქალებს, ისაუბრა მათ სამეცნიერო და აკადემიურ მიღწევებზე და ყურადრება გაამახვილა ახალგაზრდა ქალ მკვლევრებზე, რომლებიც უახლოეს მომავალში, თავიანთი სამეცნიერო საქმიანობით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს არაერთ წარმატებას მოუტანენ.

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მოღვაწე ქალბატონების დატვირთული პედაგოგიური და სამეცნიერო საქმიანობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არ არსებობს ქალისა და მამაკაცის პროფესიები. საბედნიეროდ, ჩვენი ქვეყნის მთავრობის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაუღალავი მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის ის სივრცე, სადაც მაქსიმალურად დაცულია ქალთა უფლებები, სადაც შექმნილია ყველა პირობა ქალ მეცნიერთა და პედაგოგთა განვითარებისთვის, კვლევების ინტერნაციონალიზაციითვის. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ყოველმხრივ ცდილობს ხელი შეუწყოს, როგორც ღვაწლმოსილ მეცნიერ ქალბატონებს და ჩვენს გამოცდილ  პედაგოგებს, ასევე ახალგაზრდა მკვლევრებს, ნიჭიერ სტუდენტებს, რომელთა შორის არაერთი იმედისმომცემი ახალგაზრდა ქალბატონია. დარწმუნებული ვართ, უახლოეს მომავალში ისინი, კოლეგების უფროს თაობებთან ერთად, თავიანთი სამეცნიერო მოღვაწეობით, დიდ წარმატებებს მოუტანენ არა მხოლოდ მშობლიურ უნივერსიტეტს, არამედ ჩვენს ქვეყანას, მრავალი მათგანი გახდება შესანიშნავი პედაგოგი და ისევე აღზრდის ღირსეულ თაობებს, როგორც საუკუნის მანძილზე ჩვენი უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგი და მეცნიერი ქალბატონები ზრდიდნენ და ახლაც ზრდიან. მომავალი მხოლოდ თქვენთან ერთად გვესახება, ქალბატონებო, ჩვენო სასიქადულო მეცნიერებო და პედაგოგებო, ჩვენო ახალგაზრდა თაობებო! გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს, გისურვებთ გეგმების რეალიზებას და დიდ წარმატებებს პირად ცხოვრებასა და სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობაში, თქვენი ოჯახების, უნივერსიტეტისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პედაგოგ და მეცნიერ ქალებს მიესალმა და წარმატებები უსურვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, რომელმაც იმ ფართო შესაძლებლობებსა და კვლევების ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ქმედით მხარდაჭერაზე ისაუბრა, რაც დღეს საქართველოში მეცნიერებითა და სწავლებით დაინტერესებულ ქალბატონებს გააჩნიათ.

გაფართოებულ შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა, საქართველოს ქალთა საბჭოს აღმასრულებელი საბჭოს თავჯდომარემ, ქეთევან გაბრუაშვილმა, უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის თავმჯდომარემ, პროფესორმა ნაზი კუციავამ.


შეხვედრაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ, განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდო - „ოქროს მედალი“ სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის პროფესორსა და უნივერსიტეტის ქალთა ასოციაციის თავმჯდომარეს, ნაზი კუციავას გადასცა, ხოლო უნივერსიტეტის მრავალშვილიანი ახალგაზრდა მეცნიერი ქალები სამახსოვრო საჩუქრებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვა.

უნივერსიტეტის სახელით, სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა ერთ-ერთი უძველესი ორგანიზაციის - საქართველოს ქალთა საბჭოს აღმასრულებელი საბჭოს თავჯდომარეს, ქეთევან გაბრუაშვილს, რომელმაც, თავის მხრივ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ორგანიზაციის სახელობის მედლით დააჯილდოვა.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახალხო თეატრ-სტუდია „მოდინახეს“ სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნუგზარ ბუცხრიკიძემ და დასის სტუდენტმა მსახიობებმა უნივერსიტეტის პედაგოგ და მეცნიერ ქალბატონებს მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია  მიუძღვნეს.

 


სიახლეებში დაბრუნება