წარმატებული სტუდენტი
სასწავლო პროგრამა
კვალიფიციური პედაგოგი
წარმატებული პროექტი
ფაკულტეტის არსებობა XX საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისიდან იღებს სათავეს. მას საფუძვლად დაედო საქართველოში ავტომატიზაციისა და ინფორმატიზაციის სხვადასხვა დარგის სამეცნიერო და კვლევითი დაწესებულებების გახსნა და განვითარება. შეიქმნა საჭიროება, რომ მომზადებულიყო ამ ორგანიზაციებისათვის შესაბამისი კომპეტენციის კადრები.
1957 წელს ნიკოლოზ გაბაშვილისა და გიორგი ტყეშელაშვილის ხელმძღვანელობით ენერგეტიკის ფაკულტეტს გამოეყო ხელსაწყოთმშენებლობის ფაკულტეტი, რომელსაც შემდგომ ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი ეწოდა. ფაკულტეტის პირველი დეკანი გახლდათ პროფესორი გიორგი ტყეშელაშვილი, რომელიც ფაკულტეტს 1962 წლამდე ხელმძღვანელობდა, ხოლო შემდეგ იგი სათავეში ჩაუდგა ახალდაარსებულ ავტომატიკისა და ტელემექანიკის კათედრას, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1977 წლამდე.
პროფესორი ნიკოლოზ გაბაშვილი ხელმძღვანელობდა გამოთვლითი ტექნიკის კათედრას. მისივე ინიციატივით, 1961 წელს ჩამოყალიბდა და 2006 წლამდე ფუნქციონირებდა ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის საპრობლემო ლაბორატორია, რომელიც საბჭოთა კავშირში უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრს წარმოადგენდა და რომელშიც მრავალი სამეცნიერო-ტექნიკური ამოცანა დამუშავდა.
1963 წელს ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა დაიკავა პროფესორმა ლევან გაჩეჩილაძემ, შემდეგ ფაკულტეტის დეკანი გახდა პროფესორი გიორგი სეხნიაშვილი, რომელიც პროფესორმა გივი ჩიხლაძემ შეცვალა. შემდგომ ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა ეკავა პროფესორ ნოდარ ლომინაძეს, 2005 წლიდან პროფესორ ზურაბ წვერაიძეს, 2021 წლიდან კი ფაკულტეტის დეკანი არის პროფესორი თამარ ლომინაძე.
1991 წლიდან ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტს შეეცვალა სახელი და ეწოდა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შემდეგ, 2005 წელს, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს შეუერთდა საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი და მათემატიკის სამი კათედრა, რამაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფაკულტეტის როგორც სასწავლო, ისე მეცნიერული პოტენციალის ამაღლებაში.
2021 წლიდან ფაკულტეტს შეუერთდა ტელეკომუნიკაციის და რადიოტექნიკისა და მაუწყებლობის დეპარტამენტები და ჩამოყალიბდა ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი.
დღეისათვის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მიზანს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციის მქონე, საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება წარმოადგენს, უმაღლესი განათლების სამივე - საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე.
ფაკულტეტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სტუდენტებისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ხელმისაწვდომი განათლების მიღების შესაძლებლობის უზრუნველყოფა.
დღესდღეობით, თანამედროვე უმაღლესი განათლების ერთ-ერთ მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ამაღლებაა. ამ მიმართულებით ფაკულტეტზე ფართოდაა გაშლილი პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა. ფაკულტეტის მიზანია სამეცნიერო სიახლეებზე/ინოვაციებზე, თანამედროვე სწავლების, კვლევით მეთოდებსა და შედეგებზე ორიენტირებულ დაწესებულებად ჩამოყალიბება.