სტუ
05/03/2024

23 თებერვალს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნ. ნიკოლაძის დარბაზში, სტუ-ს კვლევისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა „Reinnova-ს" ფარგლებში ე.წ „ინოვაციების მრჩეველთა“ ტრენერთა-ტრენინგი ჩატარდა, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციულ პერსონალი მონაწილეობდა. აღნიშნული ტრენინგი დაფუძნებულია ბიზნეს სექტორთან ურთიერთობისა და სამეწარმეო სწავლების კილის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მოდელზე, რომლის ძირითადი კონცეფცია მოიცავს ინდუსტრიებსა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას კონკრეტული ბიზნეს პრობლემების გადასაწყვეტად, ინდუსტრიის, სტუდენტების და აკადემიური პერსონალის ერთობლივი პრაქტიკული მონაწილეობით. ტრენინგის შინაარსი მომზადდა კილის უნივერსიტეტის (დიდ ბრიტანეთი) ექსპერტთა თანამონაწილეობით და სრულად ეფუძნება კილში არსებულ ცოდნასა და პრაქტიკას ბიზნესთან ურთიერთობების მიმართულებით. 5 მარტს გაიმართა დამატებითი სესია, რომლის დასრულების შემდეგ, ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები.

ტრენინგი განხორციელდა „კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისათვის საინჟინრო განათლებაში - Reinnova (№CIF-2023-09) პროექტის ფარგლებში, რომელიც საგრანტო განაცხადის საფუძველზე დაფინანსებულია პროექტია და ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველო კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) დაფინანსებით და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის პარტნიორია კილის უნივერსიტეტი.

პროექტის მიზანია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და სამეწარმეო ბიზნეს ინდუსტრიებს შორის კავშირების გაძლიერება და განათლებაში დამსაქმებლების მონაწილეობის უზრუნველყოფა. ასევე, სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის შედეგების გაუმჯობესებით შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადების ხელშეწყობა.

პროექტი თავდაპირველ ეტაპზე ითვალისწინებს სტუ-ის ორ ფაკულტეტზე, კერძოდ: სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის და სამშენებლო ფაკულტეტების ჯამში 6 საგანმანათლებლო პროგრამაში, „სტუ-ს ინოვაციებისა და კვლევების მხარდამჭერი პროგრამა - ReInnova”-ს პილოტირებას და სასწავლო მოდულის „საწარმოო პრაქტიკა“ გაძლიერებას; სამომავლოდ კი პროგრამის მდგრადი მიზნებისათვის დაგეგმილია აღნიშნული პრაქტიკის ფართოდ გავრცელება სტუ-ის სხვა საგანმანათლებლო პროგრამებში.


სიახლეებში დაბრუნება