სტუ
19/10/2025

„გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია“ - საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ქუთაისში

17-18 ოქტომბერს, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით და ორგანიზებით, მე-13 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა, თემაზე -  „გლობალური გამოწვევები და ეკონომიკური განვითარების მოდელების ტრანსფორმაცია“. 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ყოველწლიურად,   ტრადიციულად თბილისში იმართება,  ხოლო ყოველ მეორე წელს კი,  ქალაქ ქუთაისში. ამჟამად, კონფერენციის ორგანიზატორებს - საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს,  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტიც შეუერთდა. 

ღონისძიება  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა შალვა კირთაძემ გახსნა. მისასალმებელი სიტყვით მონაწილეებს მიმართეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა ალექსანდრე სიჭინავამ, ასევე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნანა შონიამ. 

კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს მოწვეულმა სტუმრებმა – ლიეტუვის მიკოლას რომერისის უნივერსიტეტის პროფესორმა რომუალდას გინევიჩიუსმა, ბელორუსიის შეფასების ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარემ სვეტლანა იურიენამ და  ბაქოს ბიზნესის უნივერსიტეტის (აზერბაიჯანი) პროფესორმა ილგარ მამადოვმა.

მეცნიერებისა და განათლების სფეროში შეტანილი წვლილისთვის ეკონომიკური საზოგადოება „დარიას“ საბჭოს თავმჯდომარემ ილგარ მამედოვმა პროფესორ ალექსანდრე სიჭინავას  საპატიო სიგელი გადასცა. 

კონფერენციის ფარგლებში წარმოდგენილი იყო 86 სამეცნიერო მოხსენება და 11 ქვეყნიდან მონაწილეობდა 156 მეცნიერი, მკვლევარი და დოქტორანტი. 

კონფერენციაში მონაწილეობდნენ უცხოეთის სხვადასხვა  უნივერსიტეტისა  და ორგანიზაციის წარმომადგენლები. კერძოდ: 
კაზიმიერას სიმონავიჩიუსის უნივერსიტეტი, მიკოლას რომერისის უნივერსიტეტი, ვილნიუსის კოლეჯი (ლიეტუვა); მოლდოვის რესპუბლიკის დამოუკიდებელ შეფასებელთა საზოგადოება (მოლდოვა); ტაშკენტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი და ტაშკენტის სატრანსპორტო უნივერსიტეტი (უზბეკეთი); ინოვაციური ევრაზიული უნივერსიტეტი (ყაზახეთი); ევრაზიის შეფასების ორგანიზაციების საბჭო (მრავალეროვანი გაერთიანება); დასავლეთ კასპიის უნივერსიტეტი და აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტი (აზერბაიჯანი); სოფიის ტექნიკური უნივერსიტეტი (ბულგარეთი); მაკაუს უნივერსიტეტი და შენჟენის უნივერსიტეტი (ჩინეთი); დნიპროს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (უკრაინა), ბელორუსიის შეფასების ორგანიზაციების ასოციაცია (ბელორუსი) და სხვ.

ღონისძიებაში უცხოელი სტუმრების გარდა, მონაწილეობა მიიღეს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი სამეცნიერო ცენტრების – ი. ჟორდანიას სახელობის საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის, არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტის, ასევე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ფაზისის აკადემიის მეცნიერებმა და  მკვლევრებმა. 

პლენარულ სესიებზე  ისეთი აქტუალური თემები განიხილეს, როგორებიცაა: ხელოვნური ინტელექტის როლი ეკონომიკურ პროგნოზირებაში, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გავლენა საბანკო სისტემაზე, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება ადამიანური რესურსების მართვაში, მწვანე ენერგიის განვითარება და ეკონომიკური პოლიტიკა, რეგიონის მდგრადი განვითარების სტრატეგიები და ინფრასტრუქტურული უსაფრთხოება.

კონფერენციაზე მუშაობდა სამი სექცია:

  • ეკონომიკის მდგრადი განვითარების გამოწვევები და ტრანსფორმაციები
  • როვნული ეკონომიკის დარგობრივი განვითარების ძირითადი მიმართულებები
  • ეროვნული ეკონომიკის სამართლებრივი, პოლიტიკური და ფილოსოფიური ასპექტები

ღონისძიებამ მნიშვნელოვნად გაამდიდრა საერთაშორისო სამეცნიერო დიალოგი, ხელი შეუწყო ინოვაციური იდეებისა და კვლევითი გამოცდილების გაცვლას, აგრეთვე, ხელი შეუწყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პარტნიორი ინსტიტუციების სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას.

კონფერენციის შედეგები და შერჩეული სტატიები ყოველკვარტალურ, რეფერირებად და რეცენზირებად  საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში „ბიზნეს-ინჟინერინგი“ გამოქვეყნდება.