სტუ
26/03/2025

თამარ ურუშაძემ მომავალ ჟურნალისტებს საჯარო ლექცია ჩაუტარა

8746.jpg

„თანამედროვე ქართული ტელეჟურნალისტიკა - გამოწვევები, პრობლემები და მათი დაძლევის გზები” - ამ საკითხების ირგვლივ საჯარო ლექცია ჩაუტარა ცნობილმა  ჟურნალისტმა თამარ ურუშაძემ  სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს. იგი სტუდენტებთან  საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და  „ქრისტიანული კულტურის კვლევის ლაბორატორიის“ მოწვევით იმყოფებოდა. 
 
მოწვეულმა სტუმარმა მომავალ ჟურნალისტებს  საკუთარ გამოცდილება გაუზიარა, თუ როგორ გაიარა გზა რიგითი ჟურნალისტობიდან გადაცემის წამყვანობამდე და ამ გზაზე როგორ შეიძინა პროფესიული უნარ-ჩვევები. მან სტუდენტებს მისცა ძალიან ღირებული რჩევები, ჟურნალისტის პროფესიაში თუ რამდენად მნიშვნელოვანია ობიექტურობა და რაოდენ დიდი სიფრთხილეა საჭირო სენსიტიური თემების გაშუქებისას.
 
თავად ჟურნალისტი  განსაკუთრებულ პრობლემად მიიჩნევს პოლარიზებულ მედიას, თუმცა მან აღნიშნა, რომ ჟურნალისტის კეთილსინდისიერება არის გარანტი, რომ მან ნებისმიერ მედია გარემოში შეინარჩუნოს ობიექტურობა და თავისუფლების მაღალი ხარისხი. მან ასევე ისაუბრა ტელემედიის ზოგად პრობლემებზე და გამოწვევებზე და სტუდენტებთან ინტერაქციით გამოავლინა, რომ ტელემედია თანდათან კვდომას განიცდის, რადგან კარგავს ახალგაზრდა აუდიტორიას.

თამარ ურუშაძემ სტუდენტთა მრავალრიცხოვან შეკითხვებს უპასუხა. საჯარო ლექცია  კი,  ჟურნალისტიკის თემაზე შედგენილი ვიქტორინით დაასრულა,  სადაც  გამორჩეულ სტუდენტებს გადაეცათ სამახსოვრო დიპლომები.

სტუდენტებმა ჟურნალისტი აპლოდისმენტებით დააჯილდოვეს და მასთან კვლავ შეხვედრის სურვილი გამოთქვეს.