საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ილია ჭავჭავაძის 187 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, შემეცნებითი ტური გაიმართა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წმინდა ილია მართლისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში პირველი ღონისძიება საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა გამართა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივას ილია ჭავჭავაძის, მწერლისა და პუბლიცისტის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ღონისძიებების ჩატარების შესახებ.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 8 ნოემბერს დაიწყო და 14 ნოემბრამდე გასტანს ღონისძიებათა ციკლი, რომელიც ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობას უკეთ გააცნობს სტუდენტებს, საქართველოს მომავალ თაობას. ღონისძიებათა ციკლი მიზანმიმართულად დავიწყეთ ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმიდან. ეს არის ადგილი, სადაც უდიდესმა პოლიტიკურმა და საზოგადო მოღვაწემ, მწერალმა, პოეტმა და პუბლიცისტმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა. აქ იმართებოდა ცნობილი „ხუთშაბათობები“, აქ იბადებოდა და იწერებოდა ილიას ნააზრევი, რაც დღეს ჩვენი ეროვნული საგანძურია. აქ იყო გაზეთ „ივერიის“ რედაქცია და სტამბა. „საპოლიტიკო და სალიტერატურო“ „ივერიამ“ დიდი როლი ითამაშა როგორც ეროვნული თვითშეგნების გაღვივებაში, ასევე ევროპეიზმის იდეის დამკვიდრებაში. ილია ჭავჭავაძე ყოველთვის ფხიზლად იდგა ქართული ზნეობისა და იდეოლოგიის მცველად. ის ყურს უგდებდა თავისი „ქვეყნის ძარღვის ცემას“, ნატრობდა ევროპაში მოზეიმე „ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა“ გაეგონა საქართველოში.