სტუ
17/09/2024

სტუ-ის სტუდენტ-არქეოლოგთა ჯგუფი ვაშნარ-სპონიეთის ნაქალაქარში მნიშვნელოვანი აღმოჩენის თანამონაწილე გახდა

IMG_20240716_100645.jpg


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები, ცნობილი არქეოლოგებისა და ისტორიკოსების ხელმძღვანელობით, ვაშნარ-სპონიეთის ნაქალაქარში (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. გურიანთა), მდინარეების ნატანებისა და სკურდუმის ხერთვისში მნიშვნელოვანი არქეოლოგიური აღმოჩენის უშუალო თანამონაწილეები გახდნენ. 

არქეოლოგიური ექსპედიცია, რომელშიც სტუ-ის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის მკვლევრები და არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები მონაწილეობდნენ, 14 ივლისიდან 1-ელი აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა. 

გაიწმინდა შიდაციხის საფორტიფიკაციო სისტემის ნაშთი, შიდა სივრცეში არსებული სამნავიანი ბაზილიკა, მარტირიუმი, ორი კოშკი, სამხრეთის გალავანი და გალავანზე შიდა მხრიდან მიდგმული გრძელი სათავსო.

გაითხარა გრძელი სათავსოს შიდა სივრცე, სადაც კერამიკისა და მინის ნატეხებთან ერთად, ოქროს საყურე აღმოჩნდა.

არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, არქეოლოგი ვაჟა სადრაძე, ხოლო სტუდენტ-არქეოლოგთა ჯგუფს - სტუ-ის არქეოლოგიის პროგრამის მაგისტრანტი, „ქართულ ტაძარ-მონასტრების აღმშენებლობის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისა და საადგილმამულო ბანკის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის (აიპ). ს/კ 4019855“ კომუნიკაციის გენერალური მენეჯერი, არქეოლოგი გიორგი კვირკველია.

როგორც სტუ-ის სტუდენტ-არქეოლოგთა ჯგუფის ხელმძღვანელი, მაგისტრანტი გიორგი კვირკველია აღნიშნავს, არქეოლოგიურ გათხრებში, რომლებიც ვაშნარის ნაქალაქარის არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთში მიმდინარეობდა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა აღმოჩენილი მარტირიუმი (მოწამის საფლავზე აგებული ქრისტიანული საკულტო შენობა) და ბაზილიკა შეისწავლეს, რაც უდავოდ მნიშვნელოვანი ფაქტია მომავალი არქეოლოგების პროფესიული დახელოვნების კუთხით.

სტუდენტებმა გათხარეს და პრეპარაცია ჩაუტარეს ბაზილიკის მთავარ შესასვლელ კარიბჭეს, მიცვალებულის სამარხს და მარტირიუმის ფილაქნის ნაწილს.

ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები რამდენიმე წელია, ეპიზოდურად მიმდინარეობს. ექსპედიციის მიზანი იყო ადრე შესწავლილი მარტირიუმისა და ბაზილიკის შესახებ გავრცელების და სტრატიგრაფიული მონაცემების დაზუსტება.

გათხრითი სამუშაოების ჩატარებისას კი ექსპედიციამ მდინარე სკურდუმის ნაპირზე მიაკვლია IV-VIII საუკუნეებით დათარიღებულ თაღოვან ხიდსა და კოშკის ნაშთებს, რომლებიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა შეისწავლეს.

სტუდენტებმა უშუალო მონაწილეობა მიიღეს, როგორც დაზვერვით სამუშაოებსა და სტაციონარულ გათხრებში, ასევე, ძეგლის აღმოჩენილი მონაკვეთის აგეგმვაში, გაწმენდასა და სამარხის პრეპარაციაში.

ბაზილიკის მთავარ ნავში სტუდენტებმა მიაგნეს მიცვალებულის სამარხს.

სამარხის შიდა სივრცეში, თანდათანობით დაღრმავების პროცესში, გაფანტული ინვენტარი არ გამოვლენილა, ძვლების განლაგების მიხედვით, ახალგაზრდა ინდივიდი სამარხში მარცხენა გვერდზე, თავით ჩრდილო-დასავლეთისკენ იყო ჩასვენებული. სამეცნიერო დასკვნები აღმოჩენილი მასალის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ გაკეთდება.

სტუ-ის „ახალგაზრდა არქეოლოგთა გაერთიანება“ მხარდაჭერისა და ექსპედიციის მოწყობისთვის მადლობას ვუხდით რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძესა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას“, - ამბობს სტუ-ის მაგისტრანტი გიორგი კვირკველია. სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ივანე ჯაგოდნიშვილის განცხადებით, ვაშნარის ნაქალაქარის ტერიტორიაზე ჩატარებულ არქეოლოგიურ ექსპედიციაში სტუ-ის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის მეცნიერ-მკვლევრებთან და ცნობილ არქეოლოგებთან ერთად, არქეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების სამივე საფეხურის 45 სტუდენტი იყო ჩართული.

დეკანის თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ექსპედიციისთვის სტუდენტები სათანადოდ მომზადებულები და ეკიპირებულები იყვნენ. „არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ცნობილი არქეოლოგი ვაჟა სადრაძე.

გათხრებში მონაწილეობდნენ ჩვენი ფაკულტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის მკვლევრები: პროფესორი მერაბ ძნელაძე, დოქტორები გია ნადირაშვილი და მარიკა იზორია, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, არქეოლოგი, დოქტორი გრიშა გოდერძიშვილი. სწორედ მათი ხელმძღვანელობით გაიარეს ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებმა საველე კვლევა-ძიების მეთოდიკის კურსი და გახდნენ კიდეც არქეოლოგიური აღმოჩენის თანამონაწილეები. 

ექსპედიციაში ფაკულტეტის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 45 სტუდენტი თეორიული ცოდნის გაღრმავების მიზნით მონაწილეობდა. ახალგაზრდები, როტაციის საფუძველზე, მონაცვლეობით მონაწილეობდნენ არქეოლოგიურ გათხრებში. 

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიცია სათანადოდ იყო მომზადებული, მონაწილეები უზრუნველყოფილი იყვნენ ეკიპირებით: კარვებით, საძილე ტომრებით, კარვის ნათურებით, სამუშაო და საპრეპარაციო იარაღებით, სტაციონარული კარვით, კვებითა და ტრანსპორტით.

დარწმუნებული ვართ, სტუდენტებისთვის დაუვიწყარი იქნება წლევანდელი ზაფხული, რომელიც მნიშვნელოვან არქეოლოგიურ აღმოჩენას უკავშირდება.

გარდა ამისა, საველე სამუშაოებით მათ თეორიული ცოდნაც გაიღრმავეს და პროფესიისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევებიც შეიძინეს. არქეოლოგიური ექსპედიციის აღმოჩენის შედეგები სტუ-ის არქეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ჟურნალ „ალმანახის“ მე-5 ნომერში გამოქვეყნდება, აღმოჩენილი არტეფაქტების გამოფენა კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და საქართველოს ისტორიის დეპარტამენტის სამუზეუმო ფონდებში მოეწყობა.