სტუ

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დაარსების პირველივე დღიდან აშკარა იყო საინჟინრო კადრების ტექნიკურთან ერთად, ეკონომიკური განათლების აუცილებლობა. ამ უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის ზემოთ აღწერილი გენეზისი გარკვეულწილად ცხადყოფს, თუ რატომაა ძნელი საარქივო დოკუმენტების მოპოვება ორმოციან წლებამდე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ეკონომიკური სწავლებისა და ამ დარგში მეცნიერული კვლევების მიმდინარეობის შესახებ. თუმცა, იმ პერიოდის ქვეყნის მმართველობის ერთპარტიული, ტოტალიტარული სისტემა მაინც იძლევა საფუძველს გამოითქვას ზოგიერთი მოსაზრება ამ მიმართულებით. ჯერ ერთი, კომუნისტური იდეოლოგიის მთავარი პრინციპი იყო მასებში მარქსიზმ-ლენინიზმის იდეების პროპაგანდა და საზოგადოების წევრთა აღზრდა ამ იდეებისადმი ერთგულების სულისკვეთება. პოლიტიკური ეკონომია განიხილებოდა როგორც მარქსიზმ-ლენინიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი და ამიტომ მიჩნეული იყო, რომ მისი სწავლება უმაღლეს სასწავლებლებში (მიუხედავად პროფილისა) განამტკიცებდა ახალგაზრდობის ერთგულებას კომუნისტური „იდეალებისადმი“. ამიტომ, როგორც ეს საერთოდ იყო დამახასიათებელი ადმინისტრაციულ-მბრძანებლური, ტოტალიტარული მმართველობისთვის, პოლიტიკური ეკონომიის სწავლების პროგრამა დგებოდა „ერთიან ცენტრში“ - მოსკოვში, სსრ კავშირის უმაღლესი განათლების სამინისტროში. ეს პროგრამები, როგორც აუცილებელი ორიენტირი საგნის სწავლებისათვის, „ჩამოდიოდა“ რესპუბლიკების განათლების უწყებებში, ითარგმნებოდა და გადაეცემოდა უმაღლეს სასწავლებლებს. იმის გამო, რომ აკრძალული იყო ორიგინალური სახელმძღვანელოების შექმნა და გამოცემა მშობლიურ ენებზე, ძირითადად გამოიყენებოდა ამ პროგრამების შესაბამისად ასევე „ცენტრში“ რუსულ ენაზე გამოცემული და მშობლიურ ენაზე თარგმნილი სახელმძღვანელოები და მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსთა ნაშრომები. მოგვიანებით, ჯერ მოსკოვთან შეთანხმებით, შემდგომში ადგილობრივი პარტოკრატიის ნებართვით, შესაძლებელი გახდა ორიგინალური სახელმძღვანელოების შექმნა მშობლიურ ენაზე, მაგრამ გამოსაცემად წარდგენილი თითოეული სტრიქონი ექვემდებარებოდა მკაცრ „ცენზურას”. ქართულ ენაზე გამოცემული პოლიტიკური ეკონომიის პირველ სახელმძღვანელოებს შორის გამორჩეული ადგილი დაიკავა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პოლიტიკური ეკონომიის კათედრის გამგის, პროფ. რ. მელაძის ავტორობით გამოცემულმა დამხმარე სახელმძღვანელომ - „პოლიტიკური ეკონომია” (1973 წ.).

  საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პოლიტიკური ეკონომიის კათედრა, როგორც დღევანდელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის დეპარტამენტის ეკონომიკური თეორიისა და ბიზნესის მართვის მიმართულება, პოლიტიკური ეკონომიისა და საბჭოთა მეურნეობის თეორიის კათედრის სახელწოდებით შეიქმნა გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების მეორე ნახევარში. 1940 წელს მას ეწოდა პოლიტიკური ეკონომიის კათედრა. ამავე პერიოდიდან მისი გამგე გახდა რაფიელ მელაძე. მის გვერდით მოღვაწეობდა მრავალი გამორჩეული ადამიანი, მეცნიერი, რომელთა ნაწილმა დიდი ხანია, რაც დაიმკვიდრა ადგილი მარადისობაში.

1974 წლიდან კათედრის გამგის თანამდებობაზე არჩეულ იქნა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლეო ჩიქავა, რომელიც მოვალეობის შესრულებას შეუდგა 1974 წლის 1 სექტემბრიდან და იმუშავა 1983 წლამდე, სამუშაოდ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სისტემაში გადასვლამდე. კათედრაზე სწრაფად აეწყო სამეცნიერო, პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობა. კათედრის სხდომებზე წინასწარ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად განიხილებოდა არა მარტო მეცნიერულ-კვლევითი მუშაობის გეგმით შესრულებული წლიური ნაშრომები, არამედ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხებიც.  კათედრის გამგე თავად, ან რომელიმე წევრთან ერთად, სისტემატურად ესწრებოდა ლექციებსა და სემინარებს. დასწრების შედეგების ღრმად და საფუძვლიანად განხილვამ განაპირობა კათედრის წევრთა ძალისხმევის მაქსიმალური მობილიზება უფრო უკეთესი მოღვაწეობისთვის. ასეთივე დონეზე მიმდინარეობდა წლიური მეცნიერულ-კვლევითი ნაშრომების განხილვა და მიღება. ზოგიერთ ნაშრომს კათედრის გამგე წინასწარ ეცნობოდა, ოფიციალური რეცენზენტის პარალელურად და მისი ავკარგიანობის შესახებ მოსაზრებებს ახსენებდა კათედრას. ზოგიერთს კი სხდომის მსვლელობისას ეცნობოდა (ვიდრე რეცენზენტი გააცნობდა კათედრას რეცენზიას) და იქვე პოულობდა ნაკლს, რაც დიდ უხერხულობაში აგდებდა ავტორსაც და რეცენზენტსაც. ყოველივე ამის გათვალისწინება, ცხადია, ხელს უწყობდა კვლევითი ნაშრომების მეცნიერული დონის ამაღლებას. კათედრაზე მთავარი საზრუნავთაგანი იყო მაღალკვალიფიციური კადრებით მისი შევსება და კვალიფიკაციის ამაღლება.

ფრიად საგულისხმო ფაქტია ის, რომ თავისი საქმიანობის შედეგებით 1974-1983 წლებში იგი ყოველწლიურად პირველ ადგილს იკავებდა ინსტიტუტში საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრებს შორის.

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პოლიტიკური ეკონომიის კათედრა, სხვა კათედრებთან ერთად, თანამშრომლობდა პრაღის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლისა და ბუქარესტის პოლიტექნიკური ინსტიტუტის პოლიტიკური ეკონომიის კათედრებთან. ხშირი იყო თანამშრომელთა ურთიერთ მიმოსვლა და ერთობლივი ღონისძიებები, საინსტიტუტო სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა. 1982 და 1984 წლებში პრაღის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებლის შრომების კრებულში „აქტაპოლიტექნიკა” გამოქვეყნდა პროფ. ლ. ჩიქავასა და დოც. ვ. ქირიას სტატიები. სტუ-ს პოლიტიკური ეკონომიის კათედრიდან საზღვარგარეთის ამ ორ უმაღლეს სასწავლებელში იმყოფებოდნენ პროფ. ოთარ მაღლაფერიძე და დოც. ლამარა მდივანი. ინსტიტუტის ხელმძღვანელობის თანადგომით კათედრაზე ლექციების კურსის წასაკითხად მოწვეულნი იყვნენ ცნობილი რუსი მეცნიერები, პროფესორები – ნიკოლოზ კოლესოვი და ნიკოლოზ ჩერკასოვი. ორმოცდაათიანი წლების დასასრულამდე კათედრის წევრები ხუთ წელიწადში ერთხელ იმაღლებდნენ კვალიფიკაციას მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის უნივერსიტეტთან, სანკტ-პეტერბურგის (მაშინდელი ლენინგრადის), კიევის, მინსკის და ტაშკენტის სახელმწიფო უნივერსიტეტებთან არსებულ საზოგადოებრივ მეცნიერებათა მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტებში.

კათედრის ზოგიერთ წევრს რამდენიმეჯერ მოუხდა კვალიფიკაციის ამაღლება ამ ინსტუტუტებში, სადაც ისმენდნენ ცნობილი მეცნიერ-ეკონომისტების ლექციებს, ამზადებდნენ სამეცნიერო და მეთოდურ ნაშრომებს, მონაწილეობდნენ დამუშავებული ნაშრომების განხილვასა და სემინარულ მეცადინეობებში, ჰქონდათ საშუალება გამოექვეყნებინათ საკუთარი ნაშრომები. ამ შესაძლებლობებს აქტიურად იყენებდნენ კათედრის წევრები.

1983 წლიდან 1989 წლამდე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პოლიტიკური ეკონომიის კათედრის მუშაობას გამგის სტატუსით წარმართავდა პროფესორი ვალერიან დათუკიშვილი. ამ პერიოდშიც ჯეროვან დონეზე ტარდებოდა პროფესორ-მასწავლებელთა მეთოდური და თეორიული სემინარები. განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იყო კათედრის შევსება კვალიფიციური კადრებით.

1989 წელს, ხანდაზმულობის გამო, პროფესორმა ვალერიან დათუკიშვილმა სურვილი გამოთქვა დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა. 1989 წელს კათედრის გამგედ არჩეულ იქნა პროფესორი კარლო ღურწკაია. ცხოვრება ითხოვდა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას.  საჭირო გახდა სასწავლო პროგრამების ძირეული ცვლილება. უნდა შეცვლილიყო საერთოდ პოლიტიკური და ეკონომიკური აზროვნება საბაზრო ეკონომიკის, თავისუფალი კონკურენციის ეპოქის შესატყვისად. მზადდებოდა უმაღლესი განათლების რეფორმა. სიახლე უნდა შეხებოდა ყველაფერს, დაწყებული სასწავლო პროგრამებიდან და სწავლების მეთოდებიდან, დამთავრებული სტუდენტთა შეფასების სისტემით. ეს უკანასკნელი უპირველესად სამთავრობო პრეროგატივა იყო. უმაღლესი სასწავლებლების გადაუდებელ ამოცანად უნდა ქცეულიყო სწავლების ახალი მეთოდების დანერგვა და სტუდენტებისთვის ახალი, ცხოვრების რეალობის ამსახველი სახელმძღვანელოების მიწოდება, რასაც წარამატებით გაართვა თავი პროფ. კ. ღურწკაიამ. მისი ხელმძღვანელობით ითარგმნა და ორჯერ გამოიცა მაკკონელი დ. ნ. და ბრიუს ლ. „ეკონომიკსის” ოთხტომეული; ფიშერი ს., დორნბუში ნ., შმალენზი ნ. „ეკონომიკა”, სამუელსონი პ. ა., ნორდჰაუზი ვ. დ. „ეკონომიკა” ოთხ ტომად. თვითონ გამოსცა „ეკონომიკური თეორიის”, „ეკონომიკის პრინციპების” და სხვა დამხმარე სახელმძღვანელოები.

პოლიტიკური ეკონომიის კათედრას სახელის გადაერქვა და მას ეწოდა ეკონომიკური თეორიისა და მარკეტინგის საფუძვლების კათედრა. პოლიტიკური ეკონომიის კათედრა დაარსებიდანვე იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის, შემდგომში კი ტექნიკური უნივერსიტეტის დამოუკიდებელი, ცალკე სტრუქტურული ერთეული, რომელიც სასწავლო პროცესს წარმართავდა ყველა ფაკულტეტზე. უკანასკნელ პერიოდში, სტრუქტურული რეორგანიზაციის კვალობაზე, მას ეწოდა „ეკონომიკური თეორიის და ბიზნესის მართვის მიმართულება“ და გაერთიანდა ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის დეპარტამენტში.

ეკონომიკური თეორიისა და ბიზნესის მართვის მიმართულებას დღეისთვის შენარჩუნებული აქვს საუნივერსიტეტო მიმართულების ფუნქცია და სასწავლო პროცესს წარმართავს როგორც ბიზნეს-ინჟინერინგის, ისე სტუ-ს სხვა ფაკულტეტებზე. იგი მრავალპროფილიანია. უძღვება ეკონომიკური თეორიის საფუძვლების, მარკეტინგის, მენეჯმენტის, ბიზნესის საფუძვლების, მიკრო და მაკროეკონომიკის, ეკონომიკური ანალიზის, სტატისტიკის, საბირჟო და საგადასახადო საქმის, რისკებისა და დაზღვევის და სხვა ეკონომიკური დისციპლინების სწავლებას. ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის დეპარტამენტის სხვადასხვა მიმართულებების და ფაკულტეტის ხარისხის მართვის სამსახურის, ყოველდღიური ზრუნვის საგანია სასწავლო პროგრამების სრულყოფა.

 წინა პერიოდებისგან განსხვავებით, ამჟამად მთელს უნივერსიტეტში და მათ შორის ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის მიმართულებაზე სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ბაკალვრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის აკადემიური პროგრამებით.

     საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი გამსხვილდა და  მისი მართვის ეფექტურობის გასაძლიერებლად მის ბაზაზე ჩამოყალიბდა სამი ფაკულტეტი: ბიზნეს ტექნოლოგიების. სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი და საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

2013    წლის 31 იანვარს სტუ-ს აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით ცალკე დეპარტამენტად გამოიყო საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტი. 

დეპარტამენტი ახორციელებდა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს. მოგვიანებით დეპარტამენტმა შეიმუშავა ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაც.  საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტი შემდგომში შევიდა  საინჟინრო ეკონომიკის, მედია ტექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შემადგენლობაში.

დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა, პროფესორი ალექსანდრე სიჭინავა. დაარსების დღიდან დეპარტამენტი გამოირჩევა სამეცნიერო, სასწავლო აღმზრდელობითი, საერთაშორისო საქმიანობით. დეპარტამენტი ახორციელებს ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და სადოქტორო პროგრამებს. სამივე პროგრამამ 2021 წელს მიიღო 7 წლიანი აკრედიტაცია.

დეპარტამენტში შეიქმნა ეკონომიკური პროცესების მოდელირების ლაბორატორია, რომელიც ეწევა ნაყოფიერ მუშაობას. ინოვაციური პროგრესი კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებაში საშუალებას იძლევა რთული ეკონომიკური პროცესების გამოკვლევებში აქცენტები გაკეთდეს ფორმალიზებულ მეთოდებსა და ალგორითმებზე, როგორც ზუსტ და საიმედო ინსტრუმენტებზე. ეკონომიკური ანალიზისა და პროგნოზირების ამოცანათა გადაწყვეტა, შეზღუდული რესურსების ოპტიმალური განაწილება, ეფექტური მმართველობითი გადაწყვეტილებების გამომუშავება და მთელი რიგი სხვა რეალური პრობლემის წარმატებული გადაჭრა თანამედროვე ეტაპზე წარმოუდგენელია ეკონომეტრიკული და ზოგადად, ეკონომიკურ-მათემატიკური მეთოდებისა და მოდელების (ემმმ) გამოყენების გარეშე. აქედან გამომდინარე, ეჭვგარეშეა, თუ რაოდენ აქტუალურია მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადება, განსაკუთრებით, ეკონომიკისა და ბიზნესის ადმინისტრირების, ასევე საინჟინრო სფეროებში. ამის გარეშე შეუძლებელია ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარება.

ზემოთაღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობეს „ეკონომიკური პროცესების მოდელირების ლაბორატორიის“ დაფუძნება საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტთან 2013 წელს. ლაბორატორიის კვლევის ძირითადი მიზნები იმთავითვე შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: 1. ემმმ-ისა და ეკონომეტრიკის არსებული პროგრამული პაკეტების (განსაკუთრებით შესაძლებლობების მქონე) მოძიება, მოპოვება და გაანალიზება; 2. ახალი ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელების შექმნა; ემმმ-ისა და ეკონომეტრიკული მოდელირების სასწავლო პროცესში დანერგვის თანამედროვე მეთოდოლოგიების შემუშავება. შესაბამისი კორექტივების შეტანა სასწავლო პროგრამებსა და სილაბუსებში; 3.ტრეინინგების ორგანიზება პროფესორ-მასწავლებელთათვის, რომლებიც მიზანშეწონილად მიიჩნევენ სასწავლო პროცესში შესაბამისი პროგრამული პაკეტის გამოყენებას; 4. მოდელირების ინსტრუმენტების გამოყენების ეფექტურობის ხარისხის ამაღლება სამაგისტრო და სადოქტორო კვლევით კომპონენტებში; 5. სამეცნიერო კვლევების გაღრმავება ეკონომიკურ-მათემატიკური მოდელირებისა და ეკონომეტრიკის მიმართულებით კვლევის შედეგების პრაქტიკაში დანერგვაზე ორიენტაციით.     თანამედროვე ეტაპზე ლაბორატორიული მეცადინეობები კომპიუტერულ კლასში უტარდებათ როგორც ბაკალავრიატის (სასწავლო დისციპლინა -ეკონომიკური პროცესების მოდელირება), ისე მაგისტრატურის (სასწავლო დისციპლინა - ეკონომეტრიკა) საფეხურის სტუდენტებს.

 ლაბორატორიული სამუშაოების თემატიკა მრავალფეროვანია და გამოიყენება პროგრამული პაკეტების ფართო სპექტრი (წრფივი და არაწრფივი პროგრამირების, მატრიცული თამაშების, დარგთაშორისი ბალანსის, რეგრესიულ-კორელაციური ანალიზისა და სხვ.). თითოეული ლაბორატორიული სამუშაო ტარდება ინტერაქტიულ რეჟიმში და მოიცავს ორ აკადემიურ საათს. პირველ საათზე ხდება ტიპიური ამოცანის ამოხსნის დემონსტრირება, ხოლო მეორე საათზე სტუდენტებს ეძლევათ ლაბორატორიული სამუშაოს დავალება. შესრულებული სამუშაო კი აიტვირთება შესაბამის ელექტრონულ ჟურნალში. ლაბორატორია ეხმარება მაგისტრანტებს და დოქტორანტებს კვლევის პროცესებში გამოიყენონ შესაბამისი პროგრამული ინსტრუმენტები.

დეპარტამენტთან ფუნქციონირებს ორი სამეცნიერო კვლევითი ცენტრი: 1. ეკონომიკური განვითარებისა და მისი სამართლებრივი უზრუნველყოფის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი(ხელმძღვანელი პროფესორი დ. სეხნიაშვილი) და 2. ქონების  ევროპული სტანდარტებით შეფასების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (ხელმძღვანელი, პროფესორი ალ. სიჭინავა). პირველი ცენტრი ატარებს კონფერენციებს, ტრენინგებს, იწვევს უცხოელ სპეციალისტებს ლექციების წასაკითხად სტუდენტებისა და პროფესორ მასწავლებლებისათვის. კონფერენციები გამოირჩევა საკითხების მრავალფეროვნებით და მასში მონაწილე უცხოელი პროფესორებით.

9 წლის განმავლობაში კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 150-მე უცხოელმა მეცნიერ-ეკონომისტმა. ეხლა მიმდინარეობს მზადება მეათე  კონფერენციის ჩასატარებლად, რომელიც მიეძღვნება სტუს-100 წლის თავს. მეორე ცენტრი გადის ლიცენზირებას და მალე დაიწყებს ფუნქციონირება ქონების შეფასებისა და სპეციალისტთა გადამზადების მიმართულებით.

            საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დღეს მიმდინარე რეფორმებმა მოითხოვა საშტატო ერთეულების ოპტიმიზაციას, რის შედეგადაც ამჟამად საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტში 2021 წელს ჩატარებული კონკურსის შემდეგ  მოღვაწეობას განაგრძობენ: ალექსანდრე სიჭინავა, დალი სეხნიაშვილი, დავით იაკობიძე, გურამ ჯოლია, რევაზ შენგელია, ტარიელ კიკვაძე, ნატო ჩიკვილაძე, ნაზი ჭიკაიძე, ირინა მამალაძე, დემნა კვარაცხელია, აკაკი გვარუციძე, ლია ჭყონია, ელენე მენაბდე, ნატო გეგენავა, თამარ აბუაშვილი, თეა ბიძინაშვილი, მაია ბენია, ზურაბ გარაყანიძე, თეონა ბაქანიძე, ლევან ტატიშვილი, დავით მახვილაძე, თამარ ჩაჩანიძე, ირაკლი ჯანგავაძე, ლაშა მგელაძე, თემურ შაკიაშვილი, ირმა ბახტურიძე, ნინო ბენდიანიშვილი, დავით გეგია, დალი გვასალია (სპეციალისტი).

საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის მთელი შემადგენლობა მზად არის პირნათლად შეასრულოს ყველა ის ამოცანა, რასაც მის წინაშე სახავს სტუ-ში მიმდინარე რეფორმები და კვლევაც გააკეთებს ყველაფერს მომავალი საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის საფუძვლიანი ეკონომიკური განათლების მიღებისათვის.