სტუ

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართულის კათედრა დაარსდა 1986 წელს. მას ჯერ ქართული ენის კათედრა ერქვა, 1989 წლიდან - ქართული ენისა და ლიტერატურის. 1993 წლამდე კათედრა უძღვებოდა „ქართული ენისა და ლიტერატურის ზოგადი კურსისა“ და ქართული „მეტყველების კულტურის“ სწავლებას საქართველოს უნივერსიტეტში.

1992 წელს შეიქმნა სტუ ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, კათედრა სტრუქტურულად ამ ფაკულტეტის შემადგენლობაში შევიდა, ამასთან საუნივერსიტეტო კათედრის სტატუსი შეინარჩუნა, რადგან კვლავაც უძღვებოდა „ქართული ენისა და ლიტერატურის“ ზოგადი კურსისა და ქართული „მეტყველების კულტურის“ სწავლებას სტუ-ს ყველა ფაკულტეტზე. მაგრამ ამასთან ერთად დაევალა ახალშემოღებული სპეციალობის „ტექნიკური დარგის ჟურნალისტიკის“ (ფაქტობრივ, დარგობრივი - საინჟინრო ჟურნალისტიკის) ხელმძღვანელობა და კათედრამ მაპროფილებელი სტატუსიც შეიძინა. აქედან მოყოლებული დღემდე, კათედრა ამზადებს ფართო პროფილის პრესის ჟურნალისტიკის სპეციალისტებს, რომელთაც გაღრმავებული აქვთ საინჟინრო და ტექნიკის დარგების პრობლემების ცოდნა და კვალიფიციური ჟურნალისტური პროდუქციის შექმნა შეუძლიათ. ახალი ფუნქციის დაკისრების გამო, კათედრას 1995 წლიდან ქართული ენის, ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის კათედრა ეწოდა.

ახალი სტატუსის შეძენასთან ერთად გაძლიერდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. კათედრას სტრუქტურულ დაქვემდებარებაში გადაეცა საუნივერსიტეტო მრავალტირაჟიანი გაზეთის  - „აღმშენებლის“ რედაქცია და ფოტოლაბორატორია. რედაქციას დაეკისრა ჟურნალისტიკის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკული სასწავლო დისციპლინის - „ჟურნალისტური ოსტატობის“ გაძღოლა, რომელიც საბაკალავრო მომზადების ყველა კურსს მოიცავდა და სპეციალური ჟურნალისტური საგნების თეორიული ნაწილების პრაქტიკულ შევსება-გასრულებას და სტუდენტთა დაოსტატებას უზრუნველყოფდა. საბაკალავრო მომზადების პირველი წლიდან სტუდენტები ამ გაზეთის კორესპოდენტები ხდებოდნენ.

სტუდენტი ჟურნალისტები ასეთივე დანიშნულებით და აკადემიური დატვირთვის მოცულობით გადიოდნენ პრაქტიკული დაოსტატების კურსს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ რედაქციაში, რადგან სტუ ჟურნალისტიკის სპეციალობის სასწავლო-საგანმანათლებლო კონცეფციის საფუძველი თეორიული და პრაქტიკული სწავლების ერთდროულობა და მიზანმიმართული განუყოფლობა იყო და არის. მძლავრი მასტიმულირებელი ფაქტორი იყო აგრეთვე საკუთარი შემოქმედებითი ნამუშევრების ბეჭდური პროდუქციის სახით ხილვაც, რაც სტუდენტებს კიდევ უფრო სერიოზულად განაწყობს სწავლისადმი.

ქართული ენის, ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის კათედრაზე სერიოზული სასწავლო-მეთოდური მუშაობა გაიშალა, ერთი მხრივ, ჟურნალისტიკის სპეციალობის საგანმანათლებლო კონცეფციისა და შესაბამისად სასწავლო გეგმების სრულყოფისათვის, მეორე მხრივ, ცალკეული სასწავლო დისციპლინების სწავლების მეთოდიკის დასავლურ სტანდარტებთან დაახლოების მიზნით. ასეთი მუშაობის გაინტენსიურების აუცლიებლობა განპირობებული იყო ჟურნალისტიკის სპეციალობის კონცეპტუალური ხედვა-გააზრების ძირფესვიანი ცვლილებებით, რომლის მიზანი იყო:

 

აღნიშნულის მხრივ კათედრის მიზანმიმართულმა მუშაობამ იმთავითვე გამოიღო სერიოზული შედეგები. საფუძვლიანად შეიცვალა საგანმანათლებლო კონცეფცია, სასწავლო გეგმები (საბაკალავრო, სამაგისტრო); დაიხვეწა ტრადიციული სწავლების მეთოდოლოგია, შემოღებულ იქნა ახალი სასწავლო დისციპლინები: შესავალი მასმედიაში, ახალი ამბების ჟურნალისტიკა, თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკა, საზღვარგარეთის ჟურნალისტიკა, მედია-სამართალი (მოდული, რომელიც აერთიანებდა საგნებს: ჟურნალისტიკის სამართლებრივი სივრცე; საგამოძი-ებო ჟურნალისტიკა; სასამართლო ჟურნალისტიკა), სამაუწყებლო ჟურნალისტიკა, სატელევიზიო შემოქმედების სპეციფიკა, ახალი მასმედია (მოდული, რომელიც აერთიანებდა: პოლიტიკა და მასმედია; რეკლამა მასმედიაში; მასმედიის ეკონომიკა, მენეჯმენტი და სარეკლამო ბაზარი); ჟურნალისტური ეთიკა, ჟურნალისტიკის ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკის სოციოლოგია და სხვა.

1993 წლიდან სტუდენტი ჟურნალისტები მონაწილეობდნენ სტუდენტთა სამეცნიერო-ტექნიკურ კონფერენციებში, სტუ საზოგადოებასთან ურთიერთობის ცენტრის მუშაობაში, როგორც ამ ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ ღონისძიებათა მონაწილენი და როგორც აკრედიტებული კორესპოდენტები. ამას გარდა, მონაწილეობდნენ სტუდენტური გაზეთებისა და ჟურნალების გამოცემაში და რაც მთავარია - პირველი კურსიდანვე თანამშრომლობდნენ ჩვენი ქვეყნის ჟურნალ-გაზეთების რედაქციებთან, ქმნიდნენ და აქვეყნებდნენ ჟურნალისტურ პროდუქციას. ბევრი მათგანი სწავლების განმავლობაშივე პროფესიონალურ ჟურნალ-გაზეთების თანამშრომლები ხდებოდნენ. ასე რომ, ჟურნალისტიკის სპეციალობის კურსდამთავრებულთა დასაქმების (სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფის) პრობლემა საერთოდ არ დგას.

კათედრის ბევრი კურსდამთავრებული დღეს უკვე ცნობილი ჟურნალისტია (სალომე მახარაძე, ნატა ზუევა, გიორგი თარგამაძე, ჯაბა ხუბუა, ნატა ხორავა, ლევან კვატაშიძე, თინათინ ქენქაძე, ნინო წივწივაძე და სხვა). ჟურნალისტიკის სპეციალობით მაგისტრატურის კურსდამთავრებულმა ნინო ჩიქობავამ კათედრაზე განაგრძო პედაგოგიური მუშაობა, ხოლო ქართული ენის სპეციალობით კათედრის მაგისტრატურის წარჩინებული კურსდამთავრებული თურქეთის მოქალაქე ორჰან მემიში ამჟამად თურქეთის რესპუბლიკაში განაგრძობს სამეცნიერო-პედაგოგიურ მუშაობას. მან სამაგისტრო მომზადების პერიოდში მოამზადა და დემირელის სახელობის კოლეჯის ეგიდით 1999 წელს გამოსცა (პროფ. თემურ ჯაგოდნიშვილის რედაქტორობითა და წინასიტყვაობით) „ქართულ-თურქული და თურქულ-ქართული ლექსიკონი“, რომელშიც  29 ათასი სიტყვა ქართულ-თურქულია, ხოლო 12 ათასი თურქულ-ქართული. ლექსიკური ერთეულების სიმდიდრით ქართულ სინამდვილეში იმჟამად ამ ლექსიკონის ანალოგი არ არსებობდა.

კათედრამ თავისი არსებობის მანძილზე შეძლო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, აკადემიურ დისციპლინად დამკვიდრება, საინჟინრო განათლებლისათვის აუცილებელ ასპექტში – „ქართული ენისა და ლიტერატურის ზოგადი კურსის“ და „ქართული მეტყველების კულტურის“ შინაარსით სწავლება, საამისოდ მტკიცე სასწავლო მეთოდური ბაზის შექმნა: მომზადდა და გამოიცა დამხმარე სახელმძღვანელო „ქართული მეტყველების კულტურის საკითხები“ (ორი გამოცემა, 1998, 2004), ორთოგრაფიულობის გამიზნულობის ცნობარი „ქართული მართლმეტყველებისა და მართლწერის საკითხები“ (2000), რომელიც გამორჩეულია ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა საკითხების სისრულით (შემდგენელი ც. კიკვიძე). ამას გარდა, გამოიცა: „მეთოდური მითითებები და მოცემულობები საკონტროლო წერებისა და საშინაო დავალებებისათვის ქართულ ენასა და ლიტერატურაში“ (1990). პირველად ქართულ სინამდვილეში შეიქმნა და გამოიცა სახელმძღვანელო „ქართული ორატორული ხელოვნება“ (2000), „ქართული ორატორული ხელოვნება“ (ქრესტომათია-პრაქტიკუმი, 2000), „ქართული ორატორული ხელოვნების ლექსიკონი“ (2000).

დაფუძნდა საინჟინრო და ტექნიკის მეცნიერებათა სფეროს „მორგებული“ ჟურნალისტიკის სპეციალობა (კინოჟურნალისტიკის, სპორტული ჟურნალისტიკის დარად) და გარკვეულ ტრადიციებსაც დაუდო სათავე, რაზედაც ამ სპეციალობისადმი მოსწავლე-ახალგაზრდობის შეუნელებელი და სულ უფრო მზარდი ინტერესი მეტყველებს. თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად, დაიხვეწა ჟურნალისტიკის სპეციალობის საგანმანათლებლო კონცეფცია, არსებითად შეიცვალა სასწავლო გეგმები, სასწავლო კურსები პრაქტიკულ უნარ-ჩვევებზე უფრო მეტი ორიენტაციის თვალსაზრისით. შემოღებულ იქნა ახალი საგნების სწავლება. სისტემურად ეწყობოდა შეხვედრები ცნობილ ჟურნალისტებთან, მწერლებთან, მეცნიერებთან, საზოგადო მოღვაწეებთან. სტუდენტებს უტარდებოდათ დისკუსიები ადგილობრივი და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით.

2006 წლიდან სტუ ინგლისური ენის კათედრასთან ერთად მთარგმნელობითი საქმიანობის სწავლების სრულყოფისა და გაღრმავების მიზნით, დაიგეგმა ენების შემსწავლელი სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის შექმნა.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარე გარდაქმნების, რეორგანიზაციის პროცესში კათედრა რუსული ენის, ლიტერატურისა და ჟურნალისტიკის, აგრეთვე, აუდიო-ვიზუალური რეჟისურის კათედრებთან ერთად, სპეციალობათა ნათესაობის პრინციპით, ერთ დეპარტამანტში გაერთიანდა, რომელსაც „ქართული ენისა და მედიის დეპარტამანტი“ ეწოდა.

მალე ეს დეპარტამენტი გარდაიქმნა ქართული ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების დეპარტამენტად (2013 წლის 25 იანვარს).

ქართული ფილოლოგიისა და მედიატექნოლოგიების დეპარტამენტი ამჟამად უძღვება ხუთ საგანმანათლებლო პროგრამას ოთხ საგანმანათლებლო დონეზე: „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ (ხელმძღვანელი პროფ. თემურ ჯაგოდნიშვილი) საფუძველზე ქართულ ენაში მომზადებას B2 დონეზე გადიან საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სტუდენტები, ასევე უცხოეთის მოქალაქენი. პროგრამა ერთწლიანია და მოიცავს 60 ECTS-ს. 2012 წელს პროგრამას სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ მიენიჭა აკრედიტაცია. ბოლო აკრედიტაცია პროგრამამ გაიარა 2020 წელს. კურსდამთავრებულებს გადაეცემათ ენობრივი კომპეტენტურობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.

დეპარტამენტი ასევე უძღვება უმაღლესი განათლების სამი საფეხურის - საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებს „მასობრივი კომუნიკაციის“ სპეციალობით. პროგრამების ხელმძღვანელები არიან ასოც. პროფესორები თამარ მალაღურაძე (ბაკალავრიატი), გიგლა გობეჩია (მაგისტრატურა) და პროფესორი თემურ ჯაგოდნიშვილი (დოქტორანტურა). ყველა პროგრამას 2012-2017 წელს მიენიჭა სახელმწიფო აკრედიტაცია. დეპარტამენტი ასევე უძღვება რუსულენოვან საბაკალავრო პროგრამას „ჟურნალისტიკის“ სპეციალობით (ხელმძღვანელი ასოც. პროფესორი თამარ ბონდარენკო).

დეპარტამენტში სტუდენტების მომზადებას ემსახურება მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეული აკადემიური პერსონალი - სრული პროფესორები, ასოცირებული პროფესორები, ასისტენტ პროფესორები, მასწავლებლები. ისინი აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა რანგის სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმების, კონგრესების მუშაობაში, აქვეყნებენ მეცნიერულ სტატიებს, წიგნებს, მონოგრაფიებს, სახელმძღვანელოებს. დეპარტამენტი გამოსცემს სამეცნიერო ჟურნალს „განათლება“. დეპარტამენტის მეცნიერული მიღწევები აღნიშნულია სიგელებით, მადლობებით, სერთიფიკატებით. 2012 წელს მეტალურგიის ტერმინთა ექვსენოვანი, ორტომეული დიდი ლექსიკონის შექმნაში მონაწილეობისათვის სრული პროფესორი თემურ ჯაგოდნიშვილი დაჯილდოვდა საქართველოს სახელმწიფო ეროვნული პრემიითა და ლაურეატის წოდებით; 2014 წელს – ღირსების ორდენით, ხოლო 2019 წელს საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირმა გადასცა იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო მედალი და საპატიო სიგელი, როგორც გამოჩენილ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს. 

მთავრობის ჯილდოებით დაჯილდოვნენ დეპარტამენტის სხვა წევრებიც (პროფესორები - ბ. იმნაძე, ვ. პაპასკირი და სხვ.).