საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველ კურსზე ჩარიცხული საერთაშორისო სტუდენტების მისალმების ღონისძიება გაიმართა, რომელიც უნივერსიტეტის გაცნობას, სტუდენტური ცხოვრების დაწყებასა და მხარდაჭერის შესაძლებლობების გაზიარებას დაეთმო. საზეიმო შეხვედრის მიზანი უცხოელი ახალგაზრდების საგანმანათლებლო სივრცეში ეფექტური ინტეგრაცია და მათთვის უნივერსიტეტის მრავალფეროვანი რესურსების გაცნობა იყო.
ღონისძიებას მოდერაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები, ამავდროულად უნივერსიტეტის გლობალური აკადემიური ჩართულობისა და ინსტიტუციური ცნობადობის დეპარტამენტის თანამშრომლები – ანა თუხარელი და გიორგი შაკიაშვილი უწევდნენ. მათთან ერთად პროცესში აქტიურად მონაწილეობდა ახალი ციფრული პერსონაჟი – Mr Global-ი.
საერთაშორისო სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა მიმართა და ახალგაზრდებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მიმართვა გააცნო.
„მოხარულნი ვართ, რომ თქვენი ცხოვრების ამ მნიშვნელოვანი ეტაპისთვის საქართველო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აირჩიეთ. გვჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება თქვენთვის ახალი ცოდნის, საინტერესო აღმოჩენების, მრავალფეროვანი გამოცდილებისა და მნიშვნელოვანი შესაძლებლობების დასაწყისი გახდება. ვაფასებთ თქვენს არჩევანსა და ნდობას ჩვენი უნივერსიტეტის მიმართ. გვსურს, რომ აქ გატარებული წლები თქვენთვის ნაყოფიერი, საინტერესო და დაუვიწყარი იყოს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი საუკუნეზე მეტი ისტორიის, მდიდარი აკადემიური ტრადიციებისა და მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევების მქონე უნივერსიტეტია. თქვენ უკვე ამ დიდი აკადემიური ოჯახის წევრები ხართ და შესაძლებლობა გეძლევათ, საკუთარი ცოდნით, შრომითა და მიღწევებით მისი ისტორიის გაგრძელებაში შეიტანოთ წვლილი.
მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მსოფლიოს უნივერსიტეტების საუკეთესო 7.9%-ში შედის, მუდმივად ვითარდება და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ღირსეულ ადგილს იკავებს. ამის ერთ-ერთი დასტურია უნივერსიტეტის საერთაშორისო აღიარებაც: QS Stars-ის შეფასების სისტემაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს სამი ვარსკვლავი მიენიჭა.
ჩვენთან გელით თანამედროვე სასწავლო გარემო, განახლებული აუდიტორიები და ლაბორატორიები, სამეცნიერო კვლევებსა და ინოვაციურ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ამ გზაზე მარტო არ ხართ – ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები და მკვლევრები მზად არიან მხარი დაგიჭირონ. გისურვებთ წარმატებას და დასახული მიზნების მიღწევას! გახსოვდეთ, ცოდნა ძალაა!“ – პროფესორი თამარ წერეთელი
თამარ წერეთელმა საერთაშორისო სტუდენტებს გადასცა რექტორის მოწოდება, რომ ისინი აქტიურად ჩაერთონ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, მონაწილეობა მიიღონ სამეცნიერო, კულტურულ თუ სპორტულ აქტივობებში და სწავლების პერიოდი ასევე გამოიყენონ საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიისა და კულტურის უკეთ გასაცნობად.