საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის – „შენი კარიერა იწყება სტუ-ში“ – ფარგლებში, დამსაქმებლებთან შეხვედრების ახალი, 2026/2027 სასწავლო წლის სეზონი დაიწყო. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტები, უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, „McDonald’s საქართველოს“ ადამიანური რესურსების მართვის გუნდის წევრებს შეხვდნენ და ამ ერთ-ერთ მსხვილ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობებს გაეცნენ.
პირველკურსელებმა პირველწყაროდან შეიტყვეს, თუ როგორ შეიძლება სწავლის პარალელურად ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიაში წარმატებული კარიერის დაწყება.
შეხვედრას ახალგაზრდებთან ერთად ესწრებოდნენ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი და კარიერული განვითარების განყოფილების უფროსი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე. კომპანიის მხრიდან კი სტუდენტებს HR გუნდის წევრი ნათია კელაპტრიშვილი „McDonald’s საქართველოში“ დასაქმების ახალგაზრდებზე მორგებული სქემების, მოქნილი შეთავაზებებისა და ორმხრივი სარგებლის შესახებ ესაუბრა.
კომპანიის წარმომადგენელმა პირველკურსელებს ვრცლად გააცნო ორგანიზაციის შიდა კორპორაციული კულტურა, კარიერული ზრდის ეტაპები და ის უპირატესობები, რასაც ბრენდი საკუთარ გუნდს სთავაზობს. მან ხაზი გაუსვა, რომ კომპანია დიდ ინვესტიციას დებს ახალგაზრდა კადრების პროფესიულ განვითარებასა და ტრენინგებში. სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ვაკანტური პოზიციების, შერჩევის ეტაპებისა და იმ სოციალური პაკეტების შესახებ, რომლებიც თანამშრომლებისთვისაა ხელმისაწვდომი. ნათია კელაპტრიშვილმა აღნიშნა, რომ „McDonald’s“-ი ბევრი წარმატებული პროფესიონალისთვის სწორედ ის პირველი საფეხური აღმოჩნდა, რომელმაც მათ მყარი პრაქტიკული გამოცდილება შესძინა.