საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის ახალგაზრდა მკვლევრებმა – ქართველმა და უცხოელმა დოქტორანტებმა საჯარო ლექციები გამართეს.
უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის მოწვევით, საჯარო ლექციებს უძღვებოდნენ FAU Erlangen-Nürnberg-ის N-Squared Lab-ის (გერმანია) მკვლევარი და დოქტორანტი რაულ სიმპეტრუ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი და მკვლევარი სალომე ფიროსმანიშვილი.
საჯარო ლექციებს, ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებთან ერთად, ესწრებოდნენ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თალიკო ჟვანია, დეკანის მოადგილე, პროფესორი ლილი პეტრიაშვილი, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი პროგრამის ხელმძღვანელი, საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის დირექტორი, პროფესორი ირინე გოცირიძე და ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები.
რაულ სიმპეტრუმ საკუთარი თემის – „კუნთები, მანქანები და მოძრაობა: EMG-ის როლი სიმულაციასა და რეაბილიტაციაში“ ირგვლივ თანამედროვე EMG ტექნოლოგიებზე და მათ შესაძლებლობებზე ადამიანის მოძრაობის კვლევის, რობოტიკისა და რეაბილიტაციის კუთხით ისაუბრა. მომხსენებელმა ვრცლად მიმოიხილა კვლევის ინტერესები, რაც მოიცავს ნეიროინტერფეისებს, ელექტრომიოგრაფიას (EMG) და ადამიანის მოტორულ კონტროლს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი სამეცნიერო მუშაობა აქტიურად მიმართულია ნეირომუსკულური დარღვევების მქონე ადამიანებისთვის ხელის ფუნქციის აღდგენისა და გაუმჯობესებისკენ. რაულ სიმპეტრუმ დამსწრე საზოგადოებას გააცნო, თუ როგორ ეხმარება მანქანური სწავლება ნეირორეაბილიტაციის პროცესების ეფექტიანად მართვასა და ბიომექანიკური სიმულაციების შექმნაში.
სალომე ფიროსმანიშვილის თემა – „ნეირონული აქტივობიდან ელექტრულ სიგნალამდე და პირიქით“ – ეხებოდა ნეირონული იმპულსების (სპაიკების) დამუშავებისა და მათი ელექტროფიზიოლოგიურ სიგნალებად გარდაქმნის მათემატიკურ და საინჟინრო მოდელებს. მან ისაუბრა ნერვული სისტემიდან წამოსული ბიოსიგნალების დეკოდირების მეთოდებზე, ციფრული ფილტრაციის ალგორითმებსა და იმ გამოწვევებზე, რომლებიც თან ახლავს მაღალი სიზუსტის მონაცემთა მიღებასა და ინტერპრეტაციას ბიოსამედიცინო კვლევებში.