სტუ

სტუ-ის პროფესორმა, მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან ერთად, ფილადელფიაში მათემატიკოსთა საერთაშორისო კონგრესში – ICM 2026 – მიიღო მონაწილეობა

18/08/2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დავით ნატროშვილმა ფილადელფიაში (აშშ) გამართულ მათემატიკოსთა საერთაშორისო კონგრესში (International Congress of Mathematicians - ICM 2026) მიიღო მონაწილეობა.

მათემატიკის მიმართულებით ამ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო ფორუმზე, რომელსაც პენსილვანიის საკონფერენციო ცენტრმა (Pennsylvania Convention Center) უმასპინძლა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა დავით ნატროშვილმა მოხსენება – „შერეული საწყის-სასაზღვრო-გადაცემის ამოცანები კომპლექსური მრავალშრიანი სტრუქტურებისთვის“ (Mixed Initial-Boundary-Transmission Problems for Complex Multi-Layered Structures) – დიფერენციალური განტოლებების სექციაზე წარადგინა.

კონგრესის ფარგლებში პროფესორ დავით ნატროშვილს შესაძლებლობა ჰქონდა შეხვედროდა და უახლეს სამეცნიერო შედეგებზე ემსჯელა არაერთ მსოფლიო დონის მეცნიერთან. მათ შორის იყვნენ ტერენს ტაო, კარლოს კენიგი, ინგრიდ დოუბეჩი, ნიმა ანარი, თამარ ციგლერი, ფენგ ქსუ, რემი როდესი და ულრიკე ტილმანი, ასევე სხვა ცნობილი მკვლევრები.

„საგულისხმოა, რომ კონგრესი ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება და თანამედროვე მათემატიკის მრავალ მიმართულებას განიხილავს. მისი მიზანია როგორც უახლესი სამეცნიერო შედეგების წარმოჩენა, ისე დარგის მომავალი განვითარების მიმართულებათა განხილვა. აღსანიშნავია, რომ ამ მეცნიერთა ნაწილი თავად ხელმძღვანელობს საერთაშორისო მათემატიკური საზოგადოების უმნიშვნელოვანეს პროექტებსა თუ ინსტიტუტებს. მაგალითად, კარლოს კენიგი მათემატიკოსთა საერთაშორისო კავშირის (IMU) ყოფილი პრეზიდენტია, ხოლო თამარ ციგლერი 2023–2026 წლების IMU-ის აღმასრულებელი კომიტეტის წევრია.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა კონგრესის ფარგლებში გამართულ დისკუსიებსა და პროფესიულ შეხვედრებს, რომლებიც საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებისა და ახალი კვლევითი მიმართულებების განვითარების შესაძლებლობას ქმნის. მსგავს ფორუმებში ქართველი მეცნიერის ჩართულობა ხელს უწყობს როგორც კონკრეტული სამეცნიერო ინსტიტუტის – ამ შემთხვევაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის – მიღწევების საერთაშორისო აღიარებას, ისე ქართული მათემატიკური სკოლისთვის ახალი პარტნიორული კავშირების ჩამოყალიბებას“. – პროფესორი დავით ნატროშვილი

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ დავით ნატროშვილის მონაწილეობა ICM 2026-ში ქართული მათემატიკური სკოლის საერთაშორისო აღიარების დასტურია. მისი მრავალწლიანი სამეცნიერო მოღვაწეობა მათემატიკური ფიზიკის, ელასტიურობის თეორიისა და დიფერენციალური განტოლებების სფეროს უკავშირდება. მეცნიერის კვლევები ფოკუსირებულია კომპოზიტურ და ფენოვან ანიზოტროპულ სტრუქტურებში შერეული სასაზღვრო-ტრანსმისიული ამოცანების შესწავლაზე, პოტენციალთა მეთოდისა და ფსევდოდიფერენციალური განტოლებების თეორიის გამოყენებით.