სტუ

სტუ-ის მკვლევრები სამუშაო ვიზიტით ტვენტეს უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ

08/07/2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის მკვლევართა ჯგუფი პროფესორ პაატა კერვალიშვილის, ასოცირებული პროფესორების თამარ ბერბერაშვილისა და ლალი ჩახვაშვილის შემადგენლობით, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების ტვენტეს უნივერსიტეტში (University of Twente) იმყოფებოდა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დელეგაციას ცნობილმა მეცნიერმა და ინოვატორმა, ტვენტეს უნივერსიტეტის პროფესორმა ჰანს ჰილგენკამპმა უმასპინძლა.

ხუთდღიანი ვიზიტის მიზანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ტვენტეს უნივერსიტეტს შორის აკადემიური და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება, მიმდინარე კვლევითი პროექტების გაცნობა და სამომავლო ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივების განვითარების პერსპექტივების განსაზღვრა იყო.

სტუ-ის პროფესორ პაატა კერვალიშვილის თქმით, სამუშაო შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს ერთობლივი კვლევების, საერთაშორისო საგრანტო პროექტების, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების, ასევე, საინჟინრო ფიზიკის მიმართულებით სამეცნიერო თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე.

„ჩვენმა ჯგუფმა ოფიციალური შეხვედრა გამართა რიტა დე ვილდე-ბრინკთან, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის საგანმანათლებლო მხარდაჭერისა და ინტერნაციონალიზაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს  უნივერსიტეტებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის გაფართოება და სამომავლო საგანმანათლებლო პროექტები. ჩვენს დელეგაციას ჰქონდა უნივერსიტეტის სხვადასხვა კვლევით ჯგუფთან ინტენსიური თანამშრომლობის შესაძლებლობა. მონაწილეობა მივიღეთ ICE (Interfaces and Correlated Electron Systems) და QTM (Quantum Transport and Matter) კვლევითი ჯგუფების ერთობლივ სემინარში. წარვადგინეთ მოხსენება - „ლაზერული მეთოდით სინთეზირებული კვანტური მასალები“, რასაც მოჰყვა აქტიური სამეცნიერო დისკუსიები, გამოცდილების გაცვლა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვა.

შეხვედრებისა და სემინარების დროს წარვადგინეთ საკუთარი სამეცნიერო შედეგები, მათ შორის: „ნანობიოლოგიური ანსამბლების სტრუქტურული თავისებურებების გააზრების ფრაქტალური კონცეფცია“; „ნანობიონაწილაკების ვიბრაციული თვისებები და რეზონანსული თერაპიის კონცეფცია“; „ბორ-10 იზოტოპით გამდიდრებული ნახევარგამტარული სენსორული სისტემები“ და „ფოტოვოლტური გამოყენებისთვის ნახევარგამტარ-გრაფენული ნანოსისტემე­ბის კვლევა“.

პროფესორი  პაატა კერვალიშვილი

ტვენტეს უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის  სამუშაო ვიზიტმა წარმოაჩინა  ორივე მხარის მნიშვნელოვანი პოტენციალი მოწინავე სამეცნიერო კვლევების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და თანამედროვე საგანმანათლებლო მეთოდების მიმართულებით თანამშრომლობისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიდერლანდელი კოლეგებისა და ტვენტეს უნივერსიტეტის სტუდენტების მაღალი ინტერესი და მზადყოფნა თანამშრომლობის გასაღრმავებლად, რაც მომავალში მრავალმხრივი და ნაყოფიერი პარტნიორობის საფუძველს ქმნის.