სტუ
30/10/2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის გაზის უნივერსიტეტის (ანკარა, თურქეთი) პროფესორმა ჰაკან ატეშმა და სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ზაბრჟე, პოლონეთი) ასისტენტ-პროფესორმა იოლანტა ბარანმა სალექციო კურსები ჩაატარეს.

უცხოელი მეცნიერები საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის კვირეულის ფარგლებში ეწვივნენ.

პროფესორები ჰაკან ატეში და იოლანტა ბარანი, Erasmus+ აკადემიური პერსონალის მობილობის კვირეულის ფარგლებში, ასევე შეხვდნენ სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელს, პროფესორ ლიანა თარგამაძეს, ფაკულტეტის ადმინისტრაციასა და სამეცნიერო-აკადემიურ პერსონალს, რომელთაც თავიანთი უნივერსიტეტები წარუდგინეს და პრიორიტეტული კვლევითი მიმართულებები გააცნეს. სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის კვლევითი მიმართულებების შესახებ მოხსენება ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, თამარ ლოლაძემ გააკეთა.

როგორც ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორ ლიანა თარგამაძემ აღნიშნა, სილეზიის ტექნოლოგიური და გაზის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ერთობლივი საგანმანათლებლო- სამეცნიერო პროექტების განხორციელების შესახებ იმსჯელეს.

„ვიმსჯელეთ აკადემიურ და სამეცნიერო თანამშრომლობაზე, ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო პროექტების განხორციელებაზე, ასევე, ვისაუბრეთ სტუდენტთა და თანამშრომელთა მობილობის პროცესის გააქტიურებისა და უცხოელ კოლეგებთან პარტნიორობით, კვლევების ჩატარების აუცილებლობაზე. ვფიქრობთ, სამივე უნივერსიტეტისთვის ყველა ეს კომპონენტი, სასწავლო პროცესის მდგრადობის მხრივ, უმნიშვნელოვანესია“, - აცხადებს  ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ლიანა თარგამაძე.

ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს გაზის და სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტების პროფესორებმა, ჰაკან ატეშმა და იოლანტა ბარანმა 5-დღიანი სალექციო კურსები მასალათმცოდნეობისა და გარემოსდაცვითი ინჟინერიის მიმართულებით ჩაუტარეს.



სიახლეებში დაბრუნება