სტუ
03/11/2026

“გახდი მეწარმე” – სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტების სტუდენტებისთვის, სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილოების ორგანიზებით, საჯარო ლექცია თემაზე – „გახდი მეწარმე“ გაიმართა. ლექცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ჩაატარეს. შეხვედრის მიზანს სტუდენტებში სამეწარმეო აზროვნების განვითარება, ბიზნესის დაწყებასთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლება და მათთვის პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ბარქაია, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი ჯაბა ჯამაგიძე, ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნანა ახალაშვილი და მეწარმეთა და იურიდიულ პირთა რეგისტრაციის დეპარტამენტის ბიზნესის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი ნინო მესხი.

“გახდი მეწარმე” - სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩატარდა.png

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა გახსნა. როგორც ვიცე-რექტორმა აღნიშნა, მსგავსი შეხვედრები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ პრაქტიკული ინფორმაცია ბიზნესის წამოწყების, სამეწარმეო საქმიანობის რეგისტრაციისა და ამ პროცესთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების შესახებ.

„როდესაც სტუდენტს ბიზნესის დაწყების სურვილი უჩნდება, ხშირად არ იცის, საიდან დაიწყოს, რა პროცედურები უნდა გაიაროს და ვის მიმართოს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი დღევანდელი შეხვედრა. გვინდა, ახალგაზრდებმა მხოლოდ ბიზნესის იდეაზე კი არ იფიქრონ, არამედ იცოდნენ, როგორ აქციონ ეს იდეა რეალურ საქმიანობად. საჯარო რეესტრის წარმომადგენლებთან უშუალო საუბარი მათ საშუალებას აძლევს, მიიღონ პასუხები პრაქტიკულ კითხვებზე და უკეთ დაინახონ ის შესაძლებლობები, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას უკავშირდება. უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია, სტუდენტებსა და პროფესიულ გარემოს შორის ასეთი პირდაპირი კავშირი არსებობდეს“. – პროფესორი თამარ წერეთელი

სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის, ნატო ქათამაძის თქმით, სტუდენტებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ადრეულ ეტაპზევე გაეცნონ სამეწარმეო საქმიანობის პრაქტიკულ მხარეს, გაიაზრონ საკუთარი ბიზნესიდეების განხორციელების გზები და მიიღონ ინფორმაცია იმ სამართლებრივი და ადმინისტრაციული პროცედურების შესახებ, რომელთა გავლაც ბიზნესის დასაწყებად არის საჭირო. მისი განცხადებით, საჯარო რეესტრის წარმომადგენლებთან შეხვედრა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, უშუალოდ პრაქტიკოსებისგან მიიღონ ინფორმაცია და უკეთ მოემზადონ პროფესიული საქმიანობისთვის.

საჯარო ლექციის ფარგლებში სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებისგან მიეღოთ ინფორმაცია ბიზნესის რეგისტრაციის პროცედურებზე, მეწარმის სტატუსსა და საქმიანობის დაწყებისთვის აუცილებელ საკითხებზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატშიც წარიმართა, რაც სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევდა, მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.