საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებთან სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ „მოდუსის“ წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენლებმა სტუდენტებს პრეზენტაცია წარუდგინეს. მათ ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნეს და დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს კომპანიაში არსებულ ვაკანსიებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე.
ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის, ნატო ქათამაძის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.
შეხვედრა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ გახსნა. სტუდენტებს სიტყვით მიმართა ნატო ქათამაძემ, რომელმაც კარიერული განვითარების მნიშვნელობასა და სტუდენტებისთვის პროფესიული შესაძლებლობების გაცნობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კომპანიის წარმომადგენლებისგან მიეღოთ მათთვის საინტერესო ინფორმაცია ვაკანსიების, დასაქმების პირობებისა და პროფესიული განვითარების პერსპექტივების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
ღონისძიების დასასრულს, “მოდუსის” წარმომადგენლებმა სტუდენტებს კომპანიის შესახებ საინფორმაციო ბუკლეტები და საჩუქრები გადასცეს.
მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები ხელს უწყობს უნივერსიტეტსა და დამსაქმებლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სტუდენტების კარიერულ განვითარებასა და მათი დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას.