20/10/2026
სტუ-ის რექტორის შეხვედრა ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის დელეგაციასთან
„საქართველოს ტექნიკურ და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტებს შორის აკადემიური პარტნიორობის გაღრმავების უმნიშვნელოვანეს პერსპექტივად ერთობლივი სადოქტორო პროგრამების შემუშავება და საერთაშორისო სამეცნიერო გრანტების მოპოვებას განვიხილავთ, რაც თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანს ინსტიტუციურ კავშირს. კოლაბორაციის ეს ფორმატი შეფასებულია როგორც სტრატეგიული ინსტრუმენტი მაღალი დონის მკვლევრების მოსამზადებლად, რადგან დოქტორანტებს საშუალებას მისცემს, იმუშაონ ორმაგი სამეცნიერო ხელმძღვანელობის პრინციპით და მიიღონ წვდომა როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ისე ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ბაზასა თუ აკადემიურ რესურსებზე. ამასთანავე, ევროპული ფონდებიდან ერთობლივი კვლევითი გრანტების მოზიდვა ფინანსურად უზრუნველყოფს ინოვაციური პროექტების განხორციელებას ბიზნესტექნოლოგიების მიმართულებით, რაც დადებითად აისახება ორივე უნივერსიტეტის საერთაშორისო რეიტინგსა და სამეცნიერო პროდუქტიულობაზე“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორთან, დოქტორ ვილჰელმ ჰაუზერთან და გერმანული უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის შეხვედრას სამუშაო ვიზიტით მყოფ გერმანული უნივერსიტეტის დელეგაციასთან ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორები, პროფესორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე, ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა და გერმანელმა პროფესორმა ორ უნივერსიტეტს შორის არსებული მჭიდრო კავშირები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. მხარეებმა დეტალურად განიხილეს სტუდენტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის გაფართოებისა და პროფესორ-მასწავლებლების ერთობლივ კვლევით პროექტებში ჩართულობის საკითხები.
რექტორმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანსა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორს იმ ნაყოფიერი და ეფექტური სამეცნიერო კვლევებისთვის, რომლებსაც ორი პარტნიორი უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ამ დრომდე ერთობლივად ახორციელებენ. მისივე თქმით, ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტთან პარტნიორობა ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთ წარმატებული მაგალითია, რაც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციის რეალურ შესაძლებლობას აძლევს. დავით გურგენიძემ ხაზგასმით აღნიშნა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის განსაკუთრებული როლი ამ პროცესში და ყურადღება გაამახვილა სამომავლო პერსპექტივებზე.
„გერმანულ მხარესთან, კერძოდ, პროფესორ ვილჰელმ ჰაუზერთან და უნივერსიტეტის დელეგაციის წევრებთან შეხვედრა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენი ინსტიტუციური კავშირები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის. სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ჩართულობით განხორციელებული ერთობლივი კვლევები და სამეცნიერო ინიციატივები აჩვენებს, რომ ჩვენი აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების პოტენციალი სრულად პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია არა მხოლოდ არსებული დინამიკის შენარჩუნება, არამედ თანამშრომლობის მასშტაბების კიდევ უფრო გაფართოება.
ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სტუდენტთა მობილობის გაზრდაზე, რაც მათ საშუალებას მისცემს, მიიღონ უნიკალური ევროპული გამოცდილება, აითვისონ თანამედროვე ტექნოლოგიური და ბიზნესმიდგომები და ეს ცოდნა შემდგომში საქართველოს განვითარებას მოახმარონ. ამასთანავე, უაღრესად მნიშვნელოვანია პროფესორ-მასწავლებლების ერთობლივი კვლევითი აქტივობები, რაც ხელს უწყობს სამეცნიერო პროდუქტიულობის ზრდას და ორ უნივერსიტეტს შორის ცოდნის ტრანსფერს. მინდა მადლობა გადავუხადო პროფესორ რუსუდან ქუთათელაძეს და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის მთელ გუნდს, ასევე ჩვენს გერმანელ კოლეგებს იმ ნაყოფიერი პარტნიორობისთვის, რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს საერთო წარმატებას“.
– აკადემიკოსი დავით გურგენიძე
ვიზიტის ფარგლებში, გერმანული დელეგაცია, რომელსაც ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი, დოქტორ ვილჰელმ ჰაუზერი ხელმძღვანელობს მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში – „ხელისუფლება და საზოგადოება“ და ინგლისურენოვან ლექციებს დაესწრება.