საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე 2025 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელი პირები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები, მათი ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები.
საღამო მისასალმებელი სიტყვით გახსნა ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ, რომელმაც კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა და პროფესიულ თუ პირად ცხოვრებაში წარმატებები უსურვა.
„სამი მთავარი რამ, რაც მინდა, უნივერსიტეტიდან რომ წაიღოთ – არ შეწყვიტოთ სწავლა: ის, რაც დღეს ინოვაციაა, ხვალ შეიძლება ისტორია იყოს; არ შეგეშინდეთ შეცდომების: ისწავლეთ ამ შეცდომებზე და უფრო ძლიერებმა განაგრძეთ გზა და რაც მთავარია, დარჩით ადამიანებად – ხელოვნური ინტელექტისა და ალგორითმების ეპოქაში, თქვენი ყველაზე დიდი კონკურენტული უპირატესობა იქნება ემპათია, ემოციური ინტელექტი და გუნდური მუშაობის უნარი. ტექნოლოგია მხოლოდ ინსტრუმენტია, მთავარი ღირებულება ადამიანია“.
– პროფესორი რუსუდან ქუთათელაძე
როგორც ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, თანამედროვე სამყაროში პროფესიული ცოდნის მუდმივი განახლება, პასუხისმგებლობა და ადამიანური ღირებულებების ერთგულება წარმატების აუცილებელი წინაპირობაა. მისი თქმით, ფაკულტეტი ამაყობს თითოეული კურსდამთავრებულით, რომლებიც მომავალში საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას ქვეყნის განვითარებას მოახმარენ.
ღონისძიების ფარგლებში კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ახალგაზრდებს ახალი ცხოვრების ეტაპის დაწყება მიულოცეს და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
„დღეს განსაკუთრებული საღამოა. ვხედავ ადამიანებს, რომლებმაც რამდენიმე წლის წინ ჩვენი ფაკულტეტის კარი შემოაღეს ცოტაოდენი შიშითა და უამრავი კითხვის ნიშნით. დღეს კი აქ დგანან ჩამოყალიბებული, პროფესიონალები, რომლებიც მზად არიან თავიანთი სიტყვა თქვან ქვეყნის აღორძინების საქმეში. ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი ყოველთვის იქნება თქვენი სახლი. ჩვენი კარი თქვენთვის მუდამ ღიაა ახალი იდეების გასაზიარებლად, რჩევისთვის თუ უბრალოდ, ერთი ჭიქა ყავის დასალევად. გილოცავთ! არასოდეს დაგავიწყდეთ, რომ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ თამაშის წესები. ბედნიერ გზას გისურვებთ!”.
- პროფესორი ზურაბ გუდავაძე
საზეიმო საღამოს განსაკუთრებული ემოციური განწყობა ახლდა. კურსდამთავრებულებმა გაიხსენეს უნივერსიტეტში გატარებული წლები, მადლობა გადაუხადეს ლექტორებსა და მშობლებს მხარდაჭერისთვის და აღნიშნეს, რომ მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათთვის მომავალი პროფესიული განვითარების მყარ საფუძველს წარმოადგენს. ღონისძიება მუსიკალური ნომრებით, სამახსოვრო ფოტოების გადაღებითა და კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა.