სტუ
18/10/2025

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორები CERN-ში, ჟენევის მეცნიერებისა და დიპლომატიის სამიტს დაესწრნენ

Screenshot_9.jpg

13-17 ოქტომბერს,  CERN-ში, ჟენევის მეცნიერებისა და დიპლომატიის სამიტი (ორგანიზატორი ფონდი GESDA, დამფუძნებლები შვეიცარიის მთავრობა, კანტონი და ქალაქი ჟენევა), ასევე ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ფორუმი (ორგანიზატორი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი) გაიმართა. 

ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული იყვნენ სტუ-ის  ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორები გუგული ყურაშვილი და მედეა ჭელიძე.  

ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ფორუმს, რომელიც ორ  წელიწადში ერთხელ იმართება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაღალი დონის დელეგატები ესწრებოდნენ. ღონისძიება  მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს  აზრთა გაცვლისთვის, დიალოგისთვის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობისთვის. 

წლევანდელი ფორუმის თემა იყო „დემოკრატია და კლიმატის ცვლილება: ფოკუსირება გადაწყვეტილებებზე“.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ კლიმატის ცვლილება ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. ის არის „საფრთხის მულტიპლიკატორი“, რომელიც ამწვავებს მსოფლიოში არსებულ უთანასწორობას. ფორუმზე არაერთხელ აღინიშნა, რომ კლიმატის ცვლილების გავლენის შესამცირებლად დაუყოვნებელი, ამბიციური და კოორდინირებული ქმედებების გარეშე, მსოფლიო დგას კრიტიკული გარდამტეხი ხაზის გადალახვის რისკის წინაშე.

პოლიკრიზისის პირობებში კლიმატის ცვლილების შედეგები ყველა სფეროში ვლინდება. თუმცა, აშკარაა, კრიზისის მართვის ამჟამინდელი სისტემები არ არის მზად ამ ამოცანის შესასრულებლად. შესაბამისად, პერსპექტიულ ანალიზში, ექსპერტთა ინტერდისციპლინარული ჯგუფი განიხილავს შესაძლო სამომავლო სცენარებს, რა დროსაც ფოკუსირება მოხდება კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის ევოლუციაზე და მათ გავლენაზე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებაზე.

სპეციალური დისკუსიები მიეძღვნა დემოკრატიასა და ეფექტურ კლიმატურ პოლიტიკას შორის ემპირიულ ურთიერთკავშირს, ასევე დემოკრატიული ტენდენციებისა და მზარდი პოპულიზმის შედეგებს კლიმატის ცვლილების პრობლემების გადაჭრაზე მიმართული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელებისთვის. სადისკუსიო ჯგუფის წევრებმა შეხვედრების, პანელური დისკუსიებისა და სხვადასხვა ღონისძიებების სერიის ფარგლებში ასევე განიხილეს ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა შეიარაღებული კონფლიქტის გავლენა კლიმატის ცვლილებაზე და კლიმატის ცვლილების როლი, როგორც კონფლიქტის მამოძრავებელი ფაქტორი; კლიმატით გამოწვეული მობილობის ზრდა; სუვერენული ვალის სისუსტე და ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის ხელოვნური ინტელექტის გამოყენების გავლენა კლიმატის ცვლილებაზე და სხვა.

გარდა ამისა, 15-17 ოქტომბერს, CERN-ში (ჟენევა)  მეცნიერებისა და დიპლომატიის სამიტი გაიმართა, სადაც ასევე მონაწილეობდნენ სტუ-ს წარმომადგენლები. სამიტი ინოვაციური მეცნიერებისა და დიპლომატიის გლობალური პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიო ლიდერებსა და გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს აკადემიური წრეებიდან, მთავრობებიდან, საქველმოქმედო ორგანიზაციებიდან, ინდუსტრიებიდან და სამოქალაქო საზოგადოებიდან. სამიტზე იმსჯელეს, თუ როგორ შეიძლება მოწინავე სამეცნიერო მიღწევების პასუხისმგებლიანად გარდაქმნა გლობალურ გავლენად. 

2025 წლის სამიტი „შესაძლებლობების ეპოქა: მეცნიერება, სუვერენიტეტი და საერთო მომავალი“, გეოპოლიტიკური ფრაგმენტაციისა და მეცნიერების განვითარების უჩვეულო აჩქარების ეპოქაში იმართება. კვანტურ ტექნოლოგიებში, კლიმატურ ინჟინერიაში, ნეიროტექნოლოგიებსა და სხვა სფეროებში ახალი შესაძლებლობების გაჩენა მსოფლიოს წინაშე გადაუდებელ კითხვებს აჩენს: როგორ ვმართოთ ეკოლოგიური სისტემები? შეუძლია თუ არა დიპლომატიას ორმაგი რისკების პროგნოზირება? როგორ შეგვიძლია უზრუნველვყოთ, რომ მეცნიერება ემსახურებოდეს უმრავლესობას და არა მხოლოდ რჩეულებს? სამიტზე დაისვა ეს კითხვები შესწავლის და გადაჭრის, ასევე კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღების მიზნით, რაც საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ შესაძლებლობები, რომლებსაც მეცნიერება ხდის რეალურს.

სამიტის მიზანია „მომავლის გამოყენება აწმყოს შესაქმნელად“ - სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების ერთობლივი პროგნოზირება და მათ საფუძველზე ინკლუზიური და გლობალური გადაწყვეტილებების შემუშავება მდგრადი მომავლის უზრუნველყოფის მიზნით; ინოვაციური სამეცნიერო მიღწევებისა და მასთან დაკავშირებული შესაძლებლობების წარმოჩენა მომდევნო 5, 10 და 25 წლის განმავლობაში; ურთიერთქმედების გაძლიერება მეცნიერებას, დიპლომატიას, კერძო სექტორსა და საზოგადოებას შორის დიალოგისა და თანამშრომლობის სტიმულირებისთვის; საერთო მიზნით დაკავშირებული მრავალმხრივი გაერთიანებების შექმნის მხარდაჭერა გლობალური გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობისათვის.

ღონისძიების ფარგლებში,  მსოფლიოში ცნობილი მეცნიერებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლების ბრიფინგები გაიმართა, ლიდერებთან ინტერაქტიული დისკუსიები სამეცნიერო და ტექნოლოგიური მიღწევების პოტენციური გავლენის შესახებ ადამიანების, საზოგადოებისა და პლანეტის მომავალზე, სემინარები კვანტურ ტექნოლოგიებში, კოსმოსურ დიპლომატიაში და სხვა სფეროებში, შეფასებები მსოფლიო ლიდერებისგან მათი წვლილის შესახებ წინმსწრებ მეცნიერებასა და დიპლომატიაში, ექსპერიმენტული დემონსტრაციები და სიმულაციები.

ღონისძიების დასასრულს, მომავალ სამიტზე განსახილველი საკითხებზე იმსჯელეს და თემების მოკლე პრეზენტაცია წარადგინეს. 

მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მსგავს მაღალი დონის შეხვედრებში მონაწილეობა,  მსოფლიოს წინაშე მდგარი ამოცანების და პრობლემების გადაჭრაზე კოლექტიური ზომების შემუშავება და ამოქმედება წარმოადგენს, მდგრადი მომავლის უზრუნველყოფის ერთ-ერთ ქმედით საშუალებას და ხაზს უსვამს ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას დასახული მიზნების მიღწევის გზაზე.