სტუ
13/10/2025

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორები ათენში, III საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ

ათენი-6.jpg

11-12 ოქტომბერს ათენში ( საბერძნეთი) III საერთაშორისო მულტი-დისციპლინურ კონფერენცია -„ინოვაციური მიდგომები მეცნიერებაში“ ჩატარდა. 
კონფერენცია  IERD (Institute for Economic Research and Development) და ჟურნალ „მეცნიერება და ინოვაცია“-ს საგამომცემლო ჯგუფი ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც  სტუ-ის მოწვეული პროფესორი ვალერი მოსიაშვილი ხელმძღვანელობდა.  ღონისძიების თანაორგანიზატორი კი, Thomas Jefferson Research Center და მისი ჟურნალი „TJRC Academic Review“ იყო. 

კონფერენცია  საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საბერძნეთის ქართული დიასპორის და  ათენის კულტურის ცენტრის „კავკასიის“ მხარდაჭერით წარიმართა. ღონისძიებას ესწრებოდა რამდენიმე ქვეყნის  უნივერსიტეტების  აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი. 

საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობას იღებდა საქართველოს ელჩის მრჩეველი საბერძნეთის რესპუბლიკაში  ვარლამ ბაძაღუა. 

კონფერენციის მიზანი იყო  მეცნიერებისთვის, პროფესორებისთვის და მკვლევარებისთვის  ბიზნესის, ეკონომიკის, სამართლის, პოლიტიკისა და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამედროვე გამოწვევების განხილვა. 

კონფერენციაზე, სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორები გუგული ყურაშვილი და მედეა ჭელიძე მოხსენებით - „მოლაპარაკებების როლი ორგანიზაციული კონფლიქტების მართვაში” წარდგნენ. ღონისძიების დასასრულს, დისკუსია გაიმართა და მონაწილეებმა ერთმანეთს საინტერესო მოსაზრებები,   არსებული საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება გაუზიარეს. 

კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი  ლევან კერესელიძე, რომელმაც  საბერძნეთში, ქართველი ემიგრანტების დიასპორის წარმომადგენლების დასმულ შეკითხვებს უპასუხა.  შეკითხვები  საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და განათლების რეფორმებთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხო.