„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტი წარმატებით ახორციელებს ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის პროექტს, რომელიც უკვე შვიდი წელია ეხმარება მოსწავლეებს ბიზნესის საფუძვლების შესწავლაში. ჩვენი მიზანია, ვასწავლოთ ახალგაზრდებს მეწარმეობის ძირითადი პრინციპები, მივცეთ საჭირო ცოდნა და უნარები, რომლებიც მათ პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება“, - ამის შესახებ სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გუგული ყურაშვილმა „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ საგაზაფხულო სესიის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა.
სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ საგაზაფხულო სესია დაიწყო, რომელშიც თბილისისა და რუსთავის 13 საჯარო და კერძო სკოლის 70-მდე მოსწავლე მონაწილეობს.
ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა მადლობა გადაუხადა წარმატებული პროექტის ავტორებს. როგორც გუგული ყურაშვილმა განაცხადა, პროექტი და შესაბამისად პროგრამა, რომლის მიხედვითაც მომავალი სტუდენტები ბიზნესის საფუძვლებს სწავლობენ, სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მხარდაჭერით განხორციელდა, ხოლო ფაკულტეტის ყოფილი დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის და პროფესორ მერაბ მიქელაშვილის უშუალო ხელმძღვანელობით, 2017 წელს, შემუშავდა.
„ჩვენი მიზანია, ვასწავლოთ ახალგაზრდებს მეწარმეობის ძირითადი პრინციპები, მივცეთ საჭირო ცოდნა და უნარები, რომლებიც მათ პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება. 7 წლის განმავლობაში 450-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო სერტიფიკატი და პროექტი იქცა სკოლასა და უნივერსიტეტს შორის დამაკავშირებელ ხიდად, რომელიც ახალ თაობას მომავლის წარმატებისთვის ამზადებს. მოხარულები ვართ, რომ წელს 60-ზე მეტი მოსწავლე შემოგვიერთდა. ახალგაზრდებო, ერთად შევისწავლოთ ბიზნესის სამყარო, განვავითაროთ კრეატიული იდეები და შევქმნათ მტკიცე საფუძველი წარმატებისთვის!“, - განაცხადა დეკანმა.