სტუ
13/07/2024

კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა ფაკულტეტის ბიზნესადმინისტრირების, საბანკო და საფინანსო ტექნოლოგიების, საჯარო მმართველობის და სასტუმროს მომსახურების საბაკალავრო პროგრამების, ასევე, ბიზნესადმინისტრირების, საბანკო პროცესების მართვის, საჯარო მმართველობის და სასტუმრო მომსახურების მართვის ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამების  კურსდამთავრებულებს გაცილების ღონისძიება მოუწყვეს. 

_DG_0001.jpeg

ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლის დასრულება ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ  მიულოცა.

„ძვირფასო კურსდამთავრებულებო, გილოცავთ! თქვენს ცხოვრებაში დასრულდა ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი. იწყება ახალი გზა, ახალი გამოწვევები, წარმატებები მეცნიერებისა თუ კარიერული ზრდის მიმართულებით. თქვენ ხართ მომავალი თაობა, რომელზედაც იმედებს ვამყარებთ, თქვენ უნდა ააშენოთ ახალი და შეცვალოთ ძველი. წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე სწავლა-სწავლების პროცესი 300 სტუდენტმა დაასრულეთ. წარმატებულ პროფესიული ცხოვრებას გისურვებთ. მჯერა, თქვენი სწავლითა და შრომით უკეთესობისკენ შეცვლით სამყაროს! გისურვებთ შესაძლებლობების სრულად რეალიზებას ამ დიდ და საინტერესო გზაზე“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში დეკანმა. 

_DG_6417.jpeg

კურსდამთავრებულებს მიესალმა ვიცე-რექტორი, ასოცირებული პროფესორი თამარ წერეთელი. მან ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა, ასევე, ახალგაზრდებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვა და საუკეთესო სურვილები  გადასცა.  

კურსდამთავრებულებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა, ასევე, მიულოცეს დეკანის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა გიორგი სულაშვილმა, ტურიზმის და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ლელა კოჭლამაზაშვილმა, პროფესორმა მარიამ ცაცანაშვილმა და ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ჩიკვილაძემ.  

_DG_0012.jpeg

ცნობისათვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი 2016 წელს ჩამოყალიბდა და სწავლების სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. ფაკულტეტზე მოქმედებს სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიები, მათ შორის: საბანკო ტექნოლოგიების სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, რომელიც პროფესორ ზურაბ ჩხაიძის სახელს ატარებს. ლაბორატორიაში შექმნილია  თანამედროვე საბანკო დაწესებულებების სრული მოდელი და საბანკო ინფრასტრუქტურის ავტომატიზებული მართვის სისტემა. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ რეალურ სისტემაში სხვადასხვა საბანკო ოპერაციები პრაქტიკულად განახორციელონ. 

ადგილობრივი თვითმმართველობის კვლევის ლაბორატორია, რომლის უმთავრესი ამოცანაა მეცნიერულად გაანალიზებული და კვლევის თანამედროვე მეთოდიკის გამოყენებით ადგილობრივი თვითმმართველობის პრობლემების შესწავლა, ანალიზი და ამ პრობლემების გადაჭრის რეკომენდაციების შემუშავება, ასევე, მომავალი საჯარო მოხელეების სათანადო ცოდნით აღჭურვა. 

_DG_0007.jpeg

ბიზნესის და სამართლის ინსტიტუტი ახორციელებს ფაკულტეტის მაგისტრალურ კონცეფციას, რომლის ფარგლებშიც მუშავდება ბიზნესის ჰუმანიზაციის და სოციალიზაციის თეორიულ-გამოყენებითი პროექტები. ამ თემატიკით მომზადებულია არაერთი საკვალიფიკაციო ნაშრომი. ინსტიტუტი აქტიურად ახორციელებს ინტერნაციონალიზაციის პროგრამას. დასახული ამოცანების განსახორციელებლად ინსტიტუტი აქტიურად თანამშრომლობს პრობლემით დაინტერესებულ სახელმწიფო ინსტიტუციებთან, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კონკრეტული თემატიკით დაინტერესებულ როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ სპეციალისტებთან.

საჯარო მმართველობის პრობლემათა კვლევების ინსტიტუტი, რომლის მიზანია საჯარო მმართველობის სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და კვლევების განხორციელება ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის ფორმირების სირთულეთა დასაძლევად. ინსტიტუტის კვლევითი აქტივობები სამ ძირითად მიმართულებაზეა ფოკუსირებული: ინოვაციური სახელმწიფო სერვისები, ტექნოლოგიების მართვა და მათი დანერგვის გზები; ელექტრონული მმართველობის პოლიტიკის იმპლემენტაცია; საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობის მოდელები – პოლიტიკურ-სამართლებრივი გარემო. ინსტიტუტმა ორგანიზება გაუკეთა კვლევისა და სწავლების პროცესში სპარინგის ახალი მეთოდის გამოცდას. სპარინგის მიზანია: ტექნოლოგიების მოძიებისა და პრობლემის გადაწყვეტისათვის მმართველობითი ხასიათის ფსიქოლოგიური და ტაქტიკური ჩვევების გაღრმავება, მოდელების შექმნაში კოორდინაციისა და თანამშრომლობის ამაღლება, ცოდნის ინტეგრირებისა და ეკოლოგიასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების მართვის უნარების რეალიზაცია. განხორციელდა სპარინგის მოსამზადებელი სამუშაოები, დაიწყო დანერგვაზე ორიენტირებული ტექნოლოგიების მოძიება, ჩატარდა ტრენინგები სპარინგში მონაწილე პროექტის შექმნის თაობაზე. 

_DG_6173.jpeg

„ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი“ ახორციელებს საგანმანათლებლო და პრაქტიკულ საქმიანობას. ის კრეატიული, თავისუფალი და ლიდერული აზროვნების პლატფორმაა. ცენტრის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში მოსწავლეთა ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლება, სამეწარმეო უნარის დაუფლების გზით თვითრეალიზაციის მოტივაციის ამაღლება, სამეწარმეო საქმიანობის არსის გაცნობიერება და პოპულარიზაცია; ბიზნესკონფერენციების, ბიზნესოლიმპიადების და ბიზნესკონკურსების ორგანიზების გზით, ფაკულტეტის ცნობადობის ამაღლება.