სტუ

მიმართულება - გარემოს დიზაინი

საქალაქო გარემოს დიზაინის კომპლექსური ორგანიზებისკენ, საგნობრივი შემავსებლებით მაღალკომფორტული საზოგადოებრივი სივრცეების დაგეგმარებისა, და შედეგად, ქალაქის განუმეორებელი სახის შექმნისკენ მიმართული, გარემოს დიზაინის მიმართულების სასწავლო კურსები ინტეგრირებულია ფაკულტეტზე განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების სამივე საფეხურზე.

მიმართულებას უძღვებიან დარგში აღიარებული, სამეცნიერო და პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართული, მაღალკვალიფიციური პედაგოგები: ნინო ხაბეიშვილი (მიმართულების ხელმძღვანელი), ნუგზარ ხვედელიანი, გიორგი წულუკიძე, მარიამ ხაბეიშვილი, ავთანდილ დიღმელაშვილი, გია როყვა, ირინა მაკოვკინა, მარიამ გოგოლაშვილი, მანანა ხვედელიანი, დავით კიკნაველიძე, ზურაბ კარამურზა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის „გარემოს დიზაინი“-ს მიმართულება აქტიურად არის ჩართული ჩვენი დედაქალაქის ვიზუალური იერსახის გამშვენიერების პროცესში.

ზოგადად, საქართველოს ყველა მოქალაქეს სურს, რომ თავისი დედაქალაქი იყოს ძალიან ლამაზი, მოვლილი. ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ თბილისის ყოველი რაიონი, მიკრორაიონი, კვარტალი თუ უბანი იყოს დასამახსოვრებელი, ცნობადი კრეატიული დიზაინის მქონე მცირე არქიტექტურული ფორმებით, საბავშვო მოედნებით, შადრევნებით, ურბანული ავეჯით, განათების ელემენტებით და ა. შ, რადგან სწორედ მათი ერთობლიობა ქმნის ქალაქის საერთო სახეს, მის "ინტერიერს", რაც საბოლოო ჯამში წარმოადგენს მის იმიჯს მსოფლიო ასპარეზზე. გარდა ამისა ადამიანი, რომელიც გაიზარდა მასიური მშენებლობის ნაცრისფერ გარემოში თვლის, რომ ეს სურათი არ ეწინააღმდეგება ესთეტიკურ ნორმებს, შედეგად ის ხდება უგრძნობი ქალაქის მხატვრული სახის აღქმისადმი. ამიტომ ჰარმონიული საქალაქო გარემოს შექმნას აქვს არა მარტო სოციალურ-კულტურული, არამედ აღმზრდელობითი მნიშვნელობაც.

სასიხარულოა, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდა თაობაც, კერძოდ, ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტები ზრუნავენ დედაქალაქის იერსახეზე. ამაზე მეტყველებს 2016 წელს ჩატარებული ორი მასშტაბური კონკურსი, რომელთაგან პირველი - "ნუცუბიძისა და ზაქარიაძის ქუჩებს შორის არსებული ტერიტორიის დიზაინ–პროექტი" - დაიგეგმა და განხორციელდა საბურთალოს რაიონის გამგეობასა და “გარემოს დიზაინის“ მიმართულების პედაგოგებს შორის თანამშრომლობის შედეგად, ხოლო მეორე - „საბურთალოს რაიონში, ალექსიძის ქუჩაზე არსებული რეკრეაციული პარკის დიზაინ–პროექტი“ - გამოცხადდა და განხორციელდა ააიპ “ეკოლოგიკა”-სა და “გარემოს დიზაინის“ მიმართულების პედაგოგებს შორის თანამშრომლობის შედეგად. აღსანიშნავია, რომ ორივე შემთხვევაში გამარჯვებული პროექტის ავტორს (პირველ კონკურსში გამარჯვებული - გვანცა ცქიფურიშვილი, მეორე კონკურსში გამარჯვებული - ნუცა დემეტრაშვილი) მიეცა სკვერის რეალიზების საშუალება. ორივე პროექტი ორმაგად მიმზიდველი აღმოჩნდა, რადგან ერთის მხრივ მან ხელი შეუწყო ჩვენი დედაქალაქის გამშვენიერებას და მეორეს მხრივ, ამ პრაქტიკული სამუშაოს ბაზაზე სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას.

ასევე „გარემოს დიზაინი“-ს პედაგოგთა თაოსნობით, ჩვენი სტუდენტები იღებენ მონაწილეობას "ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ბავშვთა და მოზარდთა თბილისის საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი“-სთვის აფიშის, ბანერის და მოსაწვევის შესრულებაზე გამოცხადებულ გრაფიკული დიზაინის კონკურსში. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული აფიშა დაიბეჭდა და განთავსდა ქალაქის სივრცეში, ბანერმა დაამშვენა ფესტივალის ჩატარებისთვის განკუთვნილი დარბაზის სცენა, ხოლო მოსაწვევები დამზადდა და დაურიგდათ სტუმრებს.

გარემოს დიზაინის მიმართულების პედაგოგები აქტიურად არიან ჩართულები სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. მათი ხელმძღვანელობით მოხდა არაერთი, ქვეყნისთვის აქტუალურ თემაზე შესრულებული, სადისერტაციო ნაშრომის დამუშავება და დაცვა.