საქართველოში უმაღლეს არქიტექტურულ განათლებას საფუძველი ჩაეყარა 1922 წლის 16 იანვარს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის სამშენებლო განყოფილებაზე. ფაკულტეტის პირველი დეკანი იყო პროფესორი ალექსანდრე დიდებულიძე.
1924 წელს სამშენებლო განყოფილების არქიტექტურის სპეციალობას "სახუროთმოძღვრებო" ეწოდა. შემდგომ წლებში სპეციალობამ რამდენჯერმე შეიცვალა სახელწოდება: 1928–1930 წლებში მას ერქვა „სამოქალაქო ხუროთმოძღვრება“, 1930–1933 წლებში — „სამოქალაქო მშენებლობა და დაპროექტება“, ხოლო 1933–1969 წლებში — „არქიტექტურა“. 1969 წელს, სამშენებლო ფაკულტეტის არქიტექტურის სპეციალობის ბაზაზე, შეიქმნა არქიტექტურის ფაკულტეტი. 1991 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი გადაკეთდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტად, ხოლო მის შემადგენლობაში არსებული არქიტექტურის ფაკულტეტი — არქიტექტურის ინსტიტუტად, რომლის დირექტორიც 1991–2005 წლებში იყო არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი გიორგი სალუქვაძე. 2005 წელს ინსტიტუტს კვლავ შეეცვალა სტატუსი და ეწოდა არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი.
პირველი ქართული უმაღლესი არქიტექტურული განათლების დიპლომის მფლობელები გახდნენ მომავალში საქვეყნოდ ცნობილი არქიტექტორები — არჩილ ქურდიანი და ქეთევან სოკოლოვა-ქურდიანისა, რომლებმაც პოლიტექნიკური ფაკულტეტი 1928 წელს დაამთავრეს.
1969 წელს შექმნილი არქიტექტურის ფაკულტეტის დეკანები სხვადასხვა წლებში იყვნენ:
• 1969–1972 წწ. — აკაკი ბერიშვილი (არქიტექტურის კანდიდატი, დოცენტი);
• 1972–1974 წწ. — ნოდარ მგალობლიშვილი (არქიტექტურის კანდიდატი, პროფესორი);
• 1974–1975 წწ. — თინათინ ჩიჩუა (არქიტექტურის კანდიდატი, პროფესორი);
• 1975–1978 წწ. — მიხეილ ლორთქიფანიძე (არქიტექტურის კანდიდატი, პროფესორი);
• 1978–1983 წწ. — გიორგი სალუქვაძე (არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი);
• 1983–1987 წწ. — კონსტანტინე ამირეჯიბი (არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი);
• 1987–1989 წწ. — ნიკოლოზ შავიშვილი (არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი);
• 2005–2017 წწ. — გოჩა მიქიაშვილი (არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი);
• 2017–2024 წწ. — ნინო იმნაძე (არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი).
2024 წლიდან ფაკულტეტს სათავეში უდგას არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი ნუგზარ ხვედელიანი.
2009 წლიდან ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ორი სასწავლო აკადემიური დეპარტამენტი, რომლებშიც გაერთიანებულია სხვადასხვა მიმართულება:
1. არქიტექტურის, ურბანისტიკისა და გარემოს დიზაინის #601 დეპარტამენტი — ხელმძღვანელი: არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი თინათინ ჩიგოგიძე.
ამ დეპარტამენტში გაერთიანებულია შემდეგი მიმართულებები: შენობა-ნაგებობათა არქიტექტურა, ურბანული დაგეგმარება, გარემოს დიზაინი, ინტერიერის დიზაინი.
2. არქიტექტურის საფუძვლების, თეორიისა და სახვითი ხელოვნების #602 დეპარტამენტი — ხელმძღვანელი: არქიტექტურის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი მანანა თავხელიძე.
ამ დეპარტამენტში გაერთიანებულია შემდეგი მიმართულებები: არქიტექტურული დაგეგმარების საფუძვლები, არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის ისტორია და თეორია, სახვითი ხელოვნება, არქიტექტურული კონსტრუქციები და არქიტექტურული ფიზიკა, ასევე მოდის დიზაინის ტექნოლოგიები.
არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე სწავლების სხვადასხვა საფეხურზე ხორციელდება ხუთი საგანმანათლებლო პროგრამა: საბაკალავრო პროგრამა „არქიტექტურა“, რუსულენოვანი საბაკალავრო პროგრამა „არქიტექტურა“ და (2017 წლიდან) საბაკალავრო პროგრამა „მოდის დიზაინის ტექნოლოგიები“, ასევე სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამები „არქიტექტურა“.