სტუ

ინტერიერის დიზაინის მიმართულება

XX საუკუნის მეორე ნახევარში, მსოფლიო არქიტექტურული საზოგადოება ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. მოთხოვნადი გახდა სპეციალისტი, რომელიც არქიტექტურული პროექტირების კულტურის ტრადიციებზე დაყრდნობით შეძლებდა საქალაქო გარემოსა თუ ინტერიერის სივრცის საგნობრივი შემავსებლებით ორგანიზებას. ამ გამოწვევის საპასუხოდ, 1992 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტზე, პროფესორ კონსტანტინე ამირეჯიბის თაოსნობით ჩამოყალიბდა დიზაინის კათედრა, რომელსაც იგი წარმატებით ხელმძღვანელობდა 2004 წლამდე. შემდგომ კათედრის გამგის მოვალეობას ასრულებდა პროფესორი ალეკო კორკოტაშვილი. 2008 წელს ინტერიერის დიზაინის  მიმართულება შევიდა არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის (ურბანისტიკის) დეპარტამენტში. ხოლო 2013 წელს, არქიტექტურული დიზაინის სფეროში, როგორც ტრადიციულ, ისე ინოვაციურ კვლევებზე დაყრდნობით, სტუდენტთა თეორიული თუ პრაქტიკული საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით,  შეიქმნა ინტერიერისა და დიზაინის დეპარტამენტი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა პროფესორი თინათინ ჩიგოგიძე. 2015 წლიდან დეპარტამენტის ფარგლებში გაჩნდა ახალი მიმართულებაც - “მოდის დიზაინი”.

დეპარტამენტის წარმატებულ მუშაობას უზრუნველყოფდა მაღალკვალიფიციური, დიდი გამოცდილების მქონე აკადემიური და მოწვეული პერსონალი.

2022 წლიდან ინტერიერისა და დიზაინის დეპარტამენტი შეუერთდა არქიტექტურული გეგმარების და ურბანისტიკის დეპარტამენტს. შედეგად ჩამოყალიბდა არქიტექტურის, ურბანისტიკისა და გარემოს დიზაინის დეპარტამენტი, რომლის ხელმძღვანელადაც დაინიშნა პროფ. თინათინ ჩიგოგიძე.

ინტერიერის დიზაინის მიმართულებას უძღვებიან დარგის გამოცდილი პროფესორ-მასწავლებლები: თინათინ ჩიგოგიძე (მიმართულების ხელმძღვანელი), ნათია ქოჩლაძე, ქეთევან სალუქვაძე, ვალერი მჭედლიშვილი, შოთა გელაშვილი. ისინი აქტიურად არიან ჩართულები როგორც კვლევით, ისე პრაქტიკულ საქმიანობაში. აქ მოღვაწე პედაგოგები სისტემატურად მონაწილეობენ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და ფორუმებში, საერთაშორისო გაცვლით პროექტში EASMUS+ და Erasmus K107  Project Mobility, აქვეყნებენ სამეცნიერო სტატიებს და პუბლიკაციებს, მათ შორის მაღალრეიტინგულ რეფერირებად ჟურნალებში. მათი ავტორობით მომზადებულია არაერთი სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო, სასწავლო-სალექციო კურსი, მეთოდიკური მითითება.

პერსონალის სამეცნიერო, პრაქტიკული მოღვაწეობა და გამოცდილება აკუმულირდება სასწავლო პროცესში და დადებითად აისახება სწავლების სამივე საფეხურზე მიღწეულ შედეგებზე. რისი დასტურიცაა დეპარტამენტის პედაგოგთა ხელმძღვანელობით შესრულებული სტუდენტური, მათ შორის საბაკალავრო პროექტების, სამაგისტრო ნაშრომებისა თუ დისერტაციების მაღალი დონე.

დიდია ინტერიერის დიზაინის მიმართულების სტუდენტების საკონკურსო აქტივობა, რომლის დროსაც არაერთგზის ასახელეს ფაკულტეტი: კონკურსი: „ხატვის სტუდიის ინტერიერის დიზაინის პროექტი“ - 06.03.2014 წ;

საცხოვრებლის ინტერიერის კონკურსი 24.03.2017 წ; 2018 და 2019 წწ. პირველი ადგილი საუკეთესო სამაგისტრო ნამუშევრისთვის საქართველოს არქიტექტორთა კავშირის მიერ ორგანიზებული სამაგისტრო დიპლომების კონკურსში. სისტემატიურად ეწყობა სტუდენტთა საკურსო ნაშრომების გამოფენები.

ინტერიერის დიზაინის საგანთა ჯგუფი მოიცავს როგორც საცხოვრებელი, ისე საზოგადოებრივი და სამრეწველო დანიშნულების შენობების თემატიკას, პროგრამის ფარგლებში სტუდენტები ეუფლებიან ინტერიერის დიზაინის თეორიულ და პრაქტიკულ საფუძვლებს, ინტერიერის სტილებს, ინოვაციურ მოსაპირკეთებელ მასალებს არქიტექტურულ დიზაინში, სამგანზომილებიან მოდელირებას.

სტუდენტები პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად სისტემატურად ეცნობიან ინტერიერის დიზაინის თანამედროვე ტენდენციებს მოქმედ არქიტექტურულ ფირმებში, ასევე ეწყობა ექსკურსიები საკურსო თემატიკის შესაბამის ობიექტებზე და შეხვედრები მომავალ დამსაქმებლებთან.