საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის, სტუ-ის ადმინისტრაციის, სტუდენტური თვითმმართველობისა და სტუდენტური კლუბების მხარდაჭერით, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, საუნივერსიტეტო მუსიკალურ-ვოკალური კონკურსის - „სტუ - STAR“ - ნახევარფინალური ტური გაიმართა.
„სტუ - STAR“-ის ნახევარფინალური ტურის გახსნის ღონისძიებაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა სტუდენტებს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ სტუდენტებს „სტუ - STAR“-ის საუნივერსიტეტო სივრცეში დაბრუნება მიულოცა.
„განახლებული „სტუ - STAR“ ახალი სახეებით, იდეებითა და მრავალფეროვნებით დაუბრუნდა საუნივერსიტეტო სივრცეს, გილოცავთ! ეს შესანიშნავი კონკურსი რამდენიმე წელი ობიექტური მიზეზებით იყო შეჩერებული. „შენი ხმა შენი შანსია, გახდი სტუდენტური ვარსკვლავი!“, - თქვენი წარმატება კონკურსის ამ სლოგანით იწყება და გრძელდება სცენაზე, სადაც გამოდიოდნენ ქართული ესტრადისა და საშემსრულებლო ხელოვნების ლეგენდები, როგორებიც არიან: გიული ჩოხელი, ოთარ ბზვანელი, სულიკო კოროშინაძე, გურამ ბაკურაძე, გია ჭირაქაძე, პაატა ბურჭულაძე, გია-ჯარჯი ასათიანი, თემურ თათარაშვილი, ნუკრი კაპანაძე, ნატო მეტონიძე, აჩიკო ბერიძე, გია მაჭარაშვილი, ასევე, ჯგუფები „ცისფერი ტრიო“, „ურსა“, „მგზავრები“ და სხვა. საქართველოში, გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, საესტრადო მუსიკისა და ჯაზის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელგანთქმულმა ორკესტრმა და ვაჟთა კვარტეტმა; ათეული წლების განმავლობაში, სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის ორკესტრთან თანამშრომლობით, აქტიური საესტრადო კარიერა დაიწყო და საქვეყნო აღიარება მოიპოვა ძველი და ახალი თაობის თითქმის ყველა ცნობილმა მომღერალმა, კომპოზიტორმა და ინსტრუმენტალისტმა. მათ შორის ერთ-ერთი პირველი ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე იყო. დღესაც, მრავალმხრივ წარმატებულია საუნივერსიტეტო ორკესტრი, ვაჟთა კაპელა, ქორეოგრაფიული ანსამბლი „მერანი“, სტუდენტური ბენდები. იმედი მაქვს, ძირითადი პროფესიის საფუძვლიანად შესწავლის პარალელურად, სცენაზეც ასახელებთ მშობლიურ უნივერსიტეტს, წარმატებებს გისურვებთ“, - აღნიშნა თავის გამოსვლაში დავით გურგენიძემ.
პროექტი - „სტუ - STAR“, სამი ეტაპისა და ორი ტურისგან შედგება. შერჩევით ტურში მონაწილეობის სურვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამოცდაათამდე სტუდენტმა გამოხატა. პირველი ტურის გამარჯვებულები და ნახევარფინალისტები გახდნენ: