საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის თანამშრომლების პროექტმა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გაიმარჯვა.
პროექტი, რომლის სახელწოდებაა „საქართველოს ტრადიციული მეღვინეობის რეგიონების ადგილობრივი დუღილის საფუვრების ბიომრავალფეროვნება: კოლექციის შექმნა და მათი მეტაბოლური პოტენციალის შესწავლა სპეციფიკური მახასიათებლების მქონე რეგიონული ღვინოების ფორმირებისთვის (FR-23- 11803)“, ერთ-ერთია იმ 112 პროექტიდან, რომელიც ფონდის მიერ დასაფინანსებლად შეირჩა.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გავრცელებული დუღილის საფუვრები დიდი მრავალფეროვნებითა და გენეტიკურად დეტერმინირებული სპეციფიკური ფიზიოლოგიურ-ბიოქიმიური თვისებებით ხასიათდებიან. დღეისათვის ჯერ კიდევ არაა შესწავლილი საქართველოში გავრცელებული საფუვრების მეტაბოლური შესაძლებლობანი, რომელთა გამოყენებას არსებითი მნიშვნელობა აქვს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმოებული ღვინოების უნიკალური თვისებების ფორმირებისათვის, ასევე საქართველოში მეღვინეობის შემდგომი განვითარებისათვის.
პროექტის განხორციელების შედეგად, საქართველოს მევენახეობის ისტორიულად ტრადიციულ რეგიონებში (სამცხე-ჯავახეთი, ქართლი, რაჭა) გავრცელებული ვაზის ენდემური ჯიშებისთვის დამოხასიათებელი მადუღარი საფუვრების კოლექცია შეიქმნება და შესწავლილი იქნება მათ მიერ ღვინის ინდივიდუალური თვისებების განმსაზღვრელი ძირითადი კომპონენტების წარმოქმნის უნარი. ყოველივე ეს კი, ხელს შეუწყობს საწარმოო მნიშვნელობის ავტოქტონური საფუვრების პერსპექტიული კულტურების ბაზაზე უნიკალური სადეგუსტაციო მაჩვენებლების მქონე მაღალხარისხოვანი ადგილწარმოშობის ღვინოების შექმნას.
პროექტის ხანგრძლივობა 3 წელია. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია პროფესორი ლია ამირანაშვილი. პროექტის ძირითადი პერსონალია: პროფესორი გიგა ქვარცხავა, ასოცირებული პროფესორი ელენე სორდია, დოქტორანტი ლევან ელიაშვილი, მაგისტრანტები თამუნა მოდებაძე და გიორგი ანდიაშვილი.
პროექტის კონსულტანტია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ვაიჰენშტეფანის (TUM Weihenstephan) კვლევითი ცენტრის ვიცე დირექტორი, ლუდის ხარშვასა და კვების პროდუქტების ხარისხში დოქტორი მათიას ჰატცლერი. მასთან თანამშრომლობა ხელს შეუწყობს პროექტის განხორციელებაში ჩართულ მეცნიერთა გუნდის საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას.