საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის ფრანგულ-ქართულ ორდიპლომიანი პროგრამის - „წარმოების მართვა რძის ინდუსტრიაში“, რომელიც სტუ-ისა და ფრანგული უნივერსიტეტის რენ - ის მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება, კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცეს.
2023 წლის 11 კურსდამთავრებულს 14 ნოემბერს დიპლომები საზეიმო ვითარებაში, პროგრამის ხელმძღვანელმა ფრანგული მხრიდან, პროფესორმა აჰმედ ზუარმა გადასცა. წელს ჩარიცხულ სტუდენტებს კი მიულოცა ორდიპლომიან პროგრამაში მოხვედრა და სტუდენტის ბარათები გადასცა.
დიპლომების გადაცემის ცერემონიას სტუდენტებთან ერთად ესწრებოდნენ, ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის წარმომადგენელები, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, და ორდიპლომიან პროგრამაში ჩართული სტუ-ს პროფესორ-მასწავლებლები.
აღნიშნული პროგრამა 2020 წელს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საფრანგეთის უნივერსიტეტ რენ 1-ს შორის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს მრავალმხრივი მხარდაჭერით დაარსდა.
„წარმოების მართვა რძის ინდუსტრიაში“ სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორის, გიორგი ქვარცხავას ინიციატივითა და მისი უშუალო ხელმძღვანელობით შემუშავდა.
ერთობლივი, ფრანგულ-ქართული ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამა 60 კრედიტიანი მოდულს მოიცავს და ლექციები ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. ამ მოდულის დასრულების შემდეგ კი, სტუდენტები ფრანგულ უნივერსიტეტ რენ -ის და სტუ-ს დიპლომს იღებენ. სასწავლო კურსს ფრანგ კოლეგებთან ერთად, ქართველი პროფესორ-მასწავლებლებიც წარმართავენ და სტუ-ს სტუდენტები სწავლის პროცესში ყველა იმ კომპონენტს გადიან, რასაც მათი ფრანგი თანატოლები.
ორდიპლომიანი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები პრაქტიკულ სამუშაოებს სურსათის უვნებლობის, მიკრობიოლოგიისა და ბიოლოგიის უახლესი ტექნიკა-დანადგარებით აღჭურვილ ლაბორატორებში გადიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროგრამაზე სწავლა უფასოა.