„იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული’’ საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა სამეცნიერო მიმართულებით აღნიშნა. დანტე ალეგიერის საზოგადოებამ კი ჩაატარა მაკარონის ხელნაკეთობების კონკურსი - “Opere di Pasta – 2023’’.
2023 წლის 13 ნოემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით, სტუ-ის იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის, ასევე, დანტე ალეგიერის საზოგადოება - თბილისის კომიტეტის მონაწილეობით იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა ორსექციანი ღონისძიება. ღონისძიებას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები.
სტუ-ში იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეულის ფარგლებში გამართული ღონისძიება გახსნეს: საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილე ფაბიოლა ალბანეზემ, სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დევი ხვედელიანმა, სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ედიშერ კვესიტაძემ, სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, ასისტენტ პროფესორმა თამარ საჩანელმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამარ მაისურაძე.
ღონისძიების გახსნისას სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დევი ხვედელიანმა მადლობა გადაუხადა საქართველოში იტალიის საელჩოს უნივერსიტეტის მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. როგორც დევი ხვედელიანმა განაცხადა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს იტალიის წამყვან უნივერსიტეტებთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს.
ღონისძიების პირველ სექციაში აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის პოლეცოს უნივერსიტეტის პროფესორმა მიშელ ფილიპო პონტეფრანჩესკომ ჩაატარა საჯარო ლექცია. მოხსენება გააკეთა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამარ მაისურაძემ.
მეორე სექციაში ჩატარდა იტალიურ-ქართული კონფერენცია სტუ-ის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის, სასურსათო ტექნოლოგიების და მეღვინეობა-მევენახეობის დეპარტამენტის სტუდენტების აქტიური მონაწილეობით. მათ გააკეთეს მოხსენებები სასურსათო მეცნიერებების და ტექნოლოგიების მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.
დანტე ალეგიერის საზოგადოება - თბილისის კომიტეტის მიერ კონკურსში - „Opere di Pasta – 2023“ (მაკარონის ხელნაკეთობები), გამარჯვებულები დააჯილდოვეს.
საქართველოში იტალიის ელჩის მოადგილემ, ფაბიოლა ალბანეზემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ-მასწავლებლებს, სტუდენტებსა და დანტე ალეგიერის საზოგადოება - თბილისის კომიტეტის პრეზიდენტს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და წარმატებები უსურვა მათ.
სტუ-ის იტალიური ენისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის, დანტე ალეგიერის საზოგადოება - თბილისის კომიტეტის პრეზიდენტის, ნინო ცერცვაძის განცხადებით, წელს იტალიური სამზარეულოს მსოფლიო კვირეული, იტალიის მთავრობის ორგანიზებით, მერვედ ტარდება, საქართველოში კი - მეხუთედ. მან მადლობა გადაუხადა საქართველოში იტალიის საელჩოს და განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, რომლის მხარდაჭერითაც ხშირად ხორციელდება მსგავსი ღონისძიებები, რაც იტალიის და საქართველოს ურთიერთობების განვითარებას უწყობს ხელს.