საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის თანამშრომლები პროფესორი გიორგი ქვარცხავა, პროფესორი ნინო ლომიძე და ასისტენტ პროფესორი თამარ საჩანელი Erasmus+-ის გრანტით დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს უმაღლეს განათლებაში დუალური განათლების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება“ (DUGEOR) ფარგლებში, იმყოფებოდნენ სასწავლო ვიზიტით FH Joanneum, ქალაქ გრაცში(ავსტრია) და ბადენ-ვიურტემბერგის დუალურ სახელმწიფო უნივერსიტეტში (DHBW), ქალაქ ჰაილბრონში (გერმანია).
სასწავლო ვიზიტში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარდა მონაწილეობა მიიღო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, საქართველოს ხუთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და ავსტრიის და სერბეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა. ასევე, პროექტში ჩართული ქართული კომპანიების წარმომადგენლებმა.
პროექტის ძირითადი მიზანია უმაღლესი განათლების სისტემის მოდერნიზების მიზნით დუალური განათლების მოდელის (DUGEOR) შემუშავებისა და დანერგვის მხარდაჭერა. პროექტი ითვალისწინებს დუალური სწავლების კუთხით უცხო ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების შესწავლას.
სამუშაო ვიზიტს მასპინძლობდა FH Joanneum - ის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი ავსტრიის ქალაქ გრაცში, ხოლო მიმდინარე ვიზიტი განხორციელდა გერმანიის ბადენ-ვიურტემბერგის დუალური სწავლების სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰაილბრონსა და შტუტგარტში, რომელსაც გააჩნია მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება დუალური სწავლების კუთხით და გამოდგება სანიმუშოდ სხვა ქვეყნებისათვის.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ვიზიტის მონაწილეებს, მასპინძელი უნივერსიტეტის შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელებმა გააცნეს დუალური სწავლების პროგრამების შინაარსი და სტრუქტურა, სწავლის შედეგები, რომელზეც სტუდენტი გადის პროგრამის დასრულების შედეგად. ასევე, ცალკეული საგნების სილაბუსები, რომელიც სანიმუშოდ შეიძლება იყოს გამოყენებული ჩვენს მიერ სილაბუსის მოდელის შემუშავებისას.
გაიმართა დუალური პროგრამის სტუდენტებთან სამუშაო შეხვედრა, სადაც სტუდენტებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია იმ პროგრამების შესახებ, სადაც ისინი სწავლობენ და ისაუბრეს დუალური სწავლების უპირატესობაზე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებისა და შემდგომი დასაქმების პერსპექტივების კუთხით.
შტუტგარტის უნივერსიტეტში ორგანიზებული მცირე ტურის ფარგლებში სამუშაო ვიზიტის მონაწილეებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ საუკეთესო ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატოერიები.
სამუშაო შეხვედრები ასევე მოიცავდა დუალური სწავლების სფეროში ჩართულ პარტნიორ კომპანიებში ვიზიტს. მონაწილეებმა მოინახულეს ღვინის მწარმოებელი მცირე საოჯახო კომპანია ,,ალბრეხტ კისლინგში’’ და გაეცნენ საწარმოო პროცესს, რომელშიც ჩართულები არიან დუალური სწავლების სტუდენტები.
ასევე, განხორციელდა ვიზიტი ჰაილბრონის სამეცნიერო ცენტრში - EXPERIMENTA. ჩატარდა პრეზენტაცია დუალური მაგისტრატურა DHBW CAS-ში, რომელიც მიმდინარეობს ინჟინერიის ფაკულტეტზე.
მონაწილეებმა მოინახულეს მევენახეობის და პომოლოგიის ფედერალური ინსტიტუტი (LVWO, Weinsberg), სადაც ჩატარდა პრეზენტაცია და განხილვა DHBW სასწავლო კურსის „ღვინის ტექნოლოგია და მენეჯმენტი.’’
განხორციელდა ვიზიტი შტუტგარტის სამრეწველო და სავაჭრო პალატაში, სადაც ჩატარდა პრეზენტაცია და გაიმართა დისკუსია დუალური პროგრამები პროფესიულ განათლებაში.
DHBW შტუტგარტის ფილიალში ჩატარდა პრეზენტაცია და დისკუსია სასწავლო კურსი "მექატრონიკ"-ის შესახებ, მათ შორის განხორციელდა ლაბორატორიული ტური.