სტუ
27/02/2023

შპს „შვიდი ვაინსის“ მმართველი პარტნიორი მომავალ მევენახე-მეღვინეებს შეხვდა

საქართველოს ტექნიკური უნივერისტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა ახალგაზრდა მეღვინემ, ექსპერტმა და შპს „შვიდი ვაინსი“ მმართველმა პარტნიორმა - მიშა მესხმა გამართა.

შეხვედრის მიზანს საჯარო ლექცია თემაზე: „თანამედროვე მეღვინეობაში გამოყენებული დამხმარე მასალები“ წარმოადგენდა.

მან მომავალ თაობას მეღვინეობაში ნებადართული მასალები და მათი თავისებურებები გააცნო. მიმოიხილა ისეთი გლობალური საკითხები, რომელიც დღეს მეღვინეობაში მსჯელობის საგანს წარმოადგენს. ყურადღება გაამახვილა ტკბილსა და ღვინოში მიმდინარე ფიზიკო-ქიმიურ და ბიოქიმიურ პროცესებზე, მათში მონაწილე სხვადასხვა მასალებსა და მიღებულ შედეგებზე.

ახალგაზრდა მეღვინემ მომავალ კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა და მომავალში პრაქტიკული უნარებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით დახმარება აღუთქვა.

საჯარო ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში დასრულდა.

მიშა მესხმა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობის ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1999 წელს წარმატებით დაამთავრა, დოქტორის წოდება 2002 წელს მიენიჭა. ამავე პერიოდში მან წარმატებით გაიარა მეღვინეობის ერთწლიანი თეორიული და პრაქტიკული კურსი დიჟონში, ბურგუნდიის უნივერსიტეტში. 2014 წლიდან კი გახლავთ Wine and Spirits Education Trust (WSET) სასწავლო პროგრამების WSET -ის მე-3 დონის მფლობელი და 1-2 დონის პროვაიდერი. ასევე მას აქვს მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილება და პრაქტიკა ღვინის საწარმოებში სხვადასხვა პოზიციებზე.

მიშა მესხი იმ ახალგაზრდა მეღვინეთა თაობას მიეკუთვნება, რომელმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა თანამედროვე ქართული მეღვინეობის განვითარებაში.

აღსანიშნავია, რომ საჯარო ლექციები მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტის ორგანიზებითა და აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის და დეკანის პროფ. გიორგი ქვარცხავას მხარდაჭერით იმართება და იგი მუდმივ ხასიათს ატარებს.

ეს კი საგანმანათლებლო სივრცისა და კერძო სექტორის საუკეთესო მაგალითია.