სტუ

სამთო პროფილის სპეციალისტთა მომზადების სისტემის  ანალიზი ადასტურებს, რომ თანამედროვე შახტზე (მაღაროზე) რეალური წარმოდგენის შექმნა, იქ მიმდინარე პროცესების პრაქტიკულად შესწავლა უმაღლეს სკოლაში (რაგინდ სრულყოფილადაც არ უნდა მოეწყოს სასწავლო კაბინეტები და ლაბორატორიები) შეუძლებელია. ამას ისიც ართულებს, რომ სწავლის პერიოდში სტუდენტის საქმიანი კავშირი სამთო საწარმოსთან ხანმოკლეა და მხოლოდ მცირე ხანგრძლივობის საწარმოო პრაქტიკებით ამოიწურება. რთული მექანიზებული კომპლექსებისა და სხვა მიწისქვეშა დანადგარ-მოწყობილობათა ათვისება, სამომპოვებლო ტექნოლოგიური პროცესების მართვის ჩვევების გამო­მუშა­ვე­ბას ახალგაზრდა სპეციალისტი  ფაქტიურად იწყებს შახტაზე (მაღაროზე) სამუშაოდ მისვლის შემდეგ. სასწავლო შახტი-ლაბორატორია უმაღლეს სკოლაში თეორიული და პრაქტიკული სწავლების უწყვეტი პროცესის წარმართვის  ხელსაყრელ პირობას იძლევა.

 შახტი-ლაბორატორია, რომელსაც საერთოდ ანალოგი არ გააჩნია,  წარმოადგენს ჰორიზონტალური, დახრილი, ვერტიკალური გვირაბების და კამერების ერთობლიობას, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე სამთო-შახტური მოწყობილობით, მექანიზმე­ბით და საწარმოო პროცესების მართვის ავტომატიზებული საშუალებებით, მიწისქვეშა ელექტრომომარაგების მთელი სისტემით. გვირაბების საერთო სიგრძე 1000 მეტრის ფარგლებშია. მათი განაწილების სიღრმე მიწის ზედაპირიდან 16 და 30 მეტრია.

შახტი-ლაბორატორია დაკავშირებულია ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე კორპუსთან. მასში ჩასვლა ხორციელდება სალიფტე აწევითა და სათადარიგო კიბის განყოფილებით. საშახტო ველის საზიდი და სავენტილაციო ჰორიზონტები მდებარეობს 410 და 422 ნიშნულების დონეზე. მათ შორის განლაგებულია დახრილი გვირაბები _ ბრემსბერგი, ბრემსბერგის სასვლელი და საწმენდი სანგრევი (წიაღისეულის უშუალოდ მოპოვების ადგილი), რომელთა დახრა 90-ს შეადგენს. თანამედროვე შახტის საწმენდ სანგრევებში იყენებენ მექანიზებულ კომპლექსებს, რომლითაც ხორციელდება წიაღისე­უ­ლის ამოღება, გამოტანა და სამუშაო სივრცის გამაგრება. ამ მეტად რთული მექანი­ზმე­ბის ათვისება, რაც შეუძლებელია სწავლების ტრადიციული ფორმებით, რეალური ხდება სასწავლო ლაბორატორიის წყალობით. 70 მეტრის სიგრძის საწმენდი სანგრევი განკუთვნილია საშუალო სისქის ფენებში გამოყენებული  კომპლექსებისათვის საზიდ (ქვედა) ჰორიზონტზე შტრეკის გაყვანა ხორციელდება გვირაბგამყვანი კომბაინით, რომელიც უზრუნველყოფს ქანის მონგრევას, მონგრეული მასის აწმენდას და სატრან­სპორტო საშუალებებში მოთავსებას. ამავე ჰორიზონტის მეორე გვირაბში (კვერშლაგში) გათვალისწინებულია ქანის მონგრევა ბურღვა-აფეთქებით. ამ მეთოდით გვირაბის გაყვანის ციკლი შეიცავს თანამიმდევრულ პროცესებს: საბურღი მანქანით საყელავი, მომნგრევი და მაკონტურებელი შპურების ბურღვა, მათში ფეთქებადი ნივთიერების მოთავსება (დამუხტვა), შპურების დაცობა, ასაფეთქებელი ქსელის გამართვა, აფეთქება (აფეთქების იმიტაცია), სანგრევის განიავება და ა.შ. გვირაბის სანგრევში სტუდენტები სრულყოფილად ითვისებენ გაყვანის ოპერაციათა მთელ კომპლექსს, მათ შორის ბურღვა-აფეთქებითი სამუშაოების უსაფრთხო შესრულების ჩვევებს, რითაც საშუალება ეძლევათ, რეალურად აითვისონ ამფეთქებლის პროფესია.

შახტი-ლაბორატორიაში აგებულია სხვადასხვა სახის კამერები: წყალამოსაღვრელი (სატუმბო დანადგარებით),  ელექტროქვესადგურის,  ელმავლების  დეპოს,  ხანძარსა­წი­ნააღ­მდეგო მატარებლის, ბრემსბერგის, ჯალამბრის, საბაგირო გზის ამძრავის, ტექნო­ლოგიური მოწყობილობის გამშვები აპარატურის. მათი საშუალებით სტუდენტები საფუძვლიანად სწავლობენ საშახტო სტაციონალური დანადგარების ექსპლუატაციას, მიწისქვეშა ელექტრომომარაგების, ავტომატური მართვისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხებს. აქ შექმნილია ყველა პირობა სტუდენტების ინდივიდუალური მუშაობი­სა­თვის, რაც პროფესიული მომზადების _ ტექნოლოგიური პროცესებისა და წარმოების მართვის ჩვევების შეცნობა-ათვისების საწინდარია. მიწისქვეშა პოლიგონი საშუალებას იძლევა სწავლების აქტიური ფორმები და მეთოდები ეფექტურად შეერწყას პრაქტიკულ-საწარმოო მოდელირებას.  გვირაბში დამონტაჟებული ტელეაპარატურის საშუალებით სასწავლო კორპუსის სპეცაუდიტორიებში სალექციო თეორიული კურსის გადაცემა შესა­ბამისი პროცესების დემონსტრაციით ხორციელდება. ლაბორატორიას აქვს ორი აუდი­ტო­რია სალექციო და პრაქტიკული მეცადინეობის  ჩასატარებლად. შახტი-ლაბორა­ტორია, ამავე დროს, წარმოადგენს ინსტიტუტის საკონსტრუქტორო ტექნოლო­გიურ და საცდელ-ექსპერიმენტულ ბაზას და უმაღლესი სკოლის პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლების ცენტრს.