სტუ

სამთო გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი

ფაკულტეტის ისტორია იწყება 1922 წლის 16 იანვარს, როდესაც თბილისის უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე პოლიტექნიკური ფაკულტეტი გაიხსნა. 

პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე თავდაპირველად სამი განყოფილება იყო: სამშენებლო, მექანიკური და სამთამადნო. სამთამადნო განყოფილებას გააჩნდა სპეციალობები - სამთო (საექსპლუატაციო), მეტალურგიული და ქიმიურ-ტექნოლოგიური.

1928 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით თბილისის უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის ბაზაზე გაიხსნა საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელსაც დასაწყისში გააჩნდა შემდეგი ფაკულტეტები: I. სამშენებლო ფაკულტეტი, II. მექანიკური ფაკულტეტი, III. სამთო-ქიმიური ფაკულტეტი. სამთო ფაკულტეტის დეკანად დაინიშნა გრიგოლ წულუკიძე.

1930 წელს ჩატარებული საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რეორგანიზაციის შედეგად საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა ექვსი ინსტიტუტი. 1932 წელს შეიქმნა ამიერკავკასიის სამთო-ქიმიური ინსტიტუტი. 1933 წელს სამთო-ქიმიური, საინჟინრო-სამშენებლო და ენერგეტიკული ინსტიტუტები გაერთიანდნენ ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სახელწოდებით. 

1947 წელს ინსტიტუტს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სახელი მიენიჭა. ინსტიტუტში იმ დროს არსებულ 6 ფაკულტეტს შორის იყო სამთო ფაკულტეტი.

1972 წელს, როდესაც საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის 50 წლისთავი აღინიშნა ინსტიტუტში ფუნქციონირებდა 28 ფაკულტეტი, მათ შორის: სამთო ფაკულტეტი, სადაც სწავლება მიმდინარეობდა ექვსი სპეციალობით, ხოლო გეოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლება მიმდინარეობდა ოთხი სპეციალობით.

სამთო ფაკულტეტის დეკანებად სხვადასხვა დროს მუშაობდნენ: რ. ჯიქია, კ. გაბუნია, გ. ჩხეიძე, გ. ქართველიშვილი, ბ. აბესაძე, ნ. ტყემალაძე, დ. შერვაშიძე, ა. ლალიევი, გ. ჯაფარიძე.

1955 წელს ფაკულტეტს სამთო-გეოლოგიური ეწოდა. 1971 წლიდან 1992 წლამდე სამთო და გეოლოგიური ფაკულტეტები ცალ-ცალკე არსებობდნენ, ხოლო 1992 წელს კვლავ გაერთიანდნენ. ამ პერიოდში სამთო ფაკულტეტის დეკანები იყვნენ დ. ბეჟაშვილი, ბ. დემეტრაძე, გ. ბუცხრიკიძე; გეოლოგიური ფაკულტეტისა - გ. ჯაფარიძე, ვ. ჭუმბურიძე, თ. ლორთქიფანიძე, ზ. მგელაძე. გაერთიანებული სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანად არჩეული იყო ზ. მგელაძე. 2005- 2025 წლებში ფაკულტეტის დეკანი იყო ა. აბშილავა,ხოლო 2025 წლიდან თ. კუნჭულია.

2010 წლის 3 ნოემბრის საქართველოს მთავრობის #333 დადგენილების საფუძველზე ფაკულტეტის შემადგენლობაში შეიქმნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის ტყიბულის სამთო-ტექნოლოგიური ინსტიტუტი, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო 2011 წლიდან. ინსტიტუტში ხდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით სპეციალისტების მომზადება სამთო-გეოლოგიური და სამშენებლო სფეროში.

2025 წლიდან სტუ-ს აკადემიური საბჭოს # 01-05 -/154 დადგენილების საფუძველზე ფაკულტეტი გაერთიანდა მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტთან , რომელიც შექმნილი იყო საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 აპრილის #751 განკარგულებისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 7 დეკემბრის #01-05-04/189 დადგენილების საფუძველზე და რომელიც უზრუნველყოფდა მაღალმთიანი რეგიონებისათვის მთისმცოდნე, მდგრადი განვითარების ტრანსდისციპლინური ცოდნით აღჭურვილი ახალგაზრდა ექპერტ-პროფესიონალი კადრების მომზადებას. გაერთიანებულ ფაკულტეტს ეწოდა ‘’სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი’’.

ფაკულტეტის დეკანად არჩეული იქნა ნ. ხოზრევანიძე.

ამჟამად ფაკულტეტზე სწავლა მინდინარეობს სწავლების სამივე საფეხურზე (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), აგრეთვე პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.