სტუ
29/11/2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრანტებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის „მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსში“ გაიმარჯვეს.

რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მაგისტრანტთა კვლევითი პროექტების კონკურსის გამარჯვებულები სტუ-ის მშენებლობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები - ირინე ყაჭიური და მარი თებიძე გახდნენ.

როგორც სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი გინა გურეშიძე  აღნიშნავს, საგრანტო კონკურსში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტების გამარჯვებას უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების ხარისხი განაპირობებს, რაც თავის მხრივ ზრდის სტუდენტთა დაინტერესებასა და მოტივაციას, მეტად აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა კონკურსებში და მეტად გამოიყენონ საერთაშორისო კვლევებში ინტეგრაციის შესაძლებლობები.

„ჩვენი ფაკულტეტის მაგისტრანტებმა რუსთაველის ფონდის საგრანტო კონკურსში მაღალ დონეზე შესრულებული სამეცნიერო პროექტები წარადგინეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს. ეს არის არა მხოლოდ ჩვენი ახალგაზრდების, არამედ ჩვენი უნივერსიტეტისა და მისი სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წარმატება. მშენებლობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტმა, ირინე ყაჭიურმა, პროფესორ გელა ყიფიანის ხელმძღვანელობით, საკონკურსოდ წარადგინა პროექტი - „ხარიხა ამწის დინამიკური კვლევა“, ხოლო ამავე პროგრამის მაგისტრანტის, მარი თებიძის საკონკურსო პროექტი - „ტალღამტეხი ნაგებობების მოწყობა ბეტონის ბლოკებით“  პროფესორ მანონი კოდუას მენტორობით შემუშავდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად განვავითაროთ კვლევების ინტერნაციონალიზაციის პროცესი და ყოველმხრივ შევუწყოთ ხელი მოტივირებულ და ნიჭიერ ახალგაზრდებს, მივცეთ მათ მყარი საფუძველი და გავუღვივოთ ინტერესი, რათა აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივ თუ საერთაშორისო სამეცნიერო კონკურსებში და შეძლონ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება“, - აცხადებს გინა გურეშიძე.   

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის „მაგისტრანტთა სასწავლო-კვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსში“ 42 გამარჯვებულ პროექტს შორის ორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მაგისტრანტებს ეკუთვნით.


სიახლეებში დაბრუნება