21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრამდე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გერმანულ კომპანია HiPP-ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ცნობილი გერმანელი მეწარმისა და მეცენატის, სტუ-ის საპატიო დოქტორის, პროფესორ კლაუს ჰიპის მხარდაჭერით, ორმა სტუდენტმა გერმანიაში პროფესიული პრაქტიკა გაიარა.
გერმანიაში, ქალაქ შაიერნში (Scheyern), პროფესიულ პრაქტიკაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ სულაბერიძე და დიზაინის საერთაშორისო სკოლის კურსდამთავრებული ელისაბედ გუნთიშვილი იმყოფებოდნენ.
პრაქტიკას ხელმძღვანელობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო ახობაძე, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული სტუდენტების პროფესიული საქმიანობის კოორდინაციასა და სამუშაო პროცესის წარმართვაში.
პრაქტიკა მიზნად ისახავდა სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების მიღებასა და შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზებას.