სტუ
26/10/2026

სტუ-ის სტუდენტებმა გერმანიაში კომპანია HiPP-ის მხარდაჭერით პროფესიული პრაქტიკა გაიარეს

21 სექტემბრიდან 21 ოქტომბრამდე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და გერმანულ კომპანია HiPP-ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ცნობილი გერმანელი მეწარმისა და მეცენატის, სტუ-ის საპატიო დოქტორის, პროფესორ კლაუს ჰიპის მხარდაჭერით, ორმა სტუდენტმა გერმანიაში ერთთვიანი პროფესიული პრაქტიკა გაიარა.

გერმანიაში, ქალაქ შაიერნში (Scheyern) პროფესიული პრაქტიკაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დიზაინის საერთაშორისო სკოლის კურსდამთავრებული ელისაბედ გუნთიშვილი და არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტი მარიამ სულაბერიძე იმყოფებოდნენ.

პრაქტიკა მიზნად ისახავდა სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების მიღებასა და შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზებას.

პრაქტიკის ფარგლებში სტუდენტები ჩართულნი იყვნენ ისტორიული ბენედიქტელთა მონასტრის (Kloster Scheyern) საკონფერენციო დარბაზის ინტერიერის დიზაინის შემუშავებისა და მხატვრული გაფორმების პროცესში.

პროექტი განსაკუთრებული იყო იმით, რომ სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე კულტურული მემკვიდრეობის სივრცეში ემუშავათ, სადაც თანამედროვე დიზაინის მიდგომები ისტორიული გარემოსა და არქიტექტურული მემკვიდრეობის გათვალისწინებით უნდა ყოფილიყო გამოყენებული.

ერთი თვის განმავლობაში სტუდენტები მუშაობდნენ ინტერიერის მხატვრულ კონცეფციაზე, სივრცის ესთეტიკურ გადაწყვეტასა და დიზაინის ცალკეულ ელემენტებზე. გამოცდილებამ კი, მათ საშუალება მისცა თეორიული ცოდნა რეალურ სამუშაო გარემოში გამოეყენებინათ და გაცნობოდნენ გერმანულ პროფესიულ პრაქტიკას.

სტუდენტების გერმანიაში პროფესიული პრაქტიკის გავლის ორგანიზება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისმა უზრუნველყო.