საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა – „მოცულობითი სივრცითი კომპოზიცია“ – გაიხსნა.
ექსპოზიციამ, რომელსაც საუნივერსიტეტო გალერეა „უნივერსმა“ უმასპინძლა, 80 სტუდენტის სივრცული ნამუშევრები გააერთიანა. გამოფენა არქიტექტურული კომპოზიციის სასწავლო კურსის ფარგლებში მოეწყო, საუკეთესო სტუდენტური ნამუშევრები კი შიდასაფაკულტეტო კონკურსის საფუძველზე შეირჩა.
როგორც გამოფენის გახსნაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, ყოველწლიური სტუდენტური გამოფენა მომავალ არქიტექტორებს, მათ პედაგოგებსა და სამშენებლო-დეველოპერული ინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობას უწყობს ხელს.