21 აპრილს, სტუ-ის ტექნოლოგიებისა და საგრანტო პროექტების ოფისის ორგანიზებით, გერმანელ მეწარმესთან, ქველმოქმედსა და უნივერსიტეტის საპატიო დოქტორთან კლაუს ჰიპთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში შეჯამდა სტუდენტური კონკურსის შედეგები და გამოვლინდნენ საუკეთესო პროექტების ავტორები.
კლაუს ჰიპის გადაწყვეტილებით, საპრიზო ადგილები დაიკავეს და დაჯილდოვდნენ – არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტი ელენე იობაშვილი და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტი თამარ ოთინაშვილი .
შეხვედრისას კლაუს ჰიპმა სტუდენტებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე გაუზიარა – დაანონსდა ახალი კონკურსი, რომელიც სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი ინოვაციური იდეები რეალურ პროექტებად აქციონ. ახალი კონკურსის პირობებისა და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ კლაუს ჰიპი უკვე რამდენიმე წელია აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების შემოქმედებით და პროფესიულ განვითარებას. მისი პატრონაჟით გამართული პროექტები მიზნად ისახავს ახალგაზრდებში მოტივაციის ამაღლებასა და პრაქტიკული უნარების სტიმულირებას.
ამასთანავე, მსგავსი საერთაშორისო პარტნიორობა და სტუდენტებისთვის გერმანიაში პროფესიული პრაქტიკის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესსა და საქართველოს საგანმანათლებლო სივრცის ევროპულ სტანდარტებთან ინტეგრაციას.