საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების მაღალრეიტინგულ სტუდენტებს, 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის ყოველთვიური სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა მიეცემათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, აკადემიკოს დავით გურგენიძესთან შეთანხმებით, საგანმანათლებლო ფონდის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა თამაზ ბექაიამ და ფონდის დირექტორმა ლევან ბექაიამ მიიღეს.
შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, რომლის საფუძველიც მხარეებს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმია, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სასტიპენდიო პროგრამის ბენეფიფიციარი (სტიპენდიანტი), მიმდინარე სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან, სტუ-ის სამი ფაკულტეტის - სამშენებლო; არქიტექტურა, ურბანისტიკა და დიზაინი; აგრარული მეცნიერებები და ბიოსისტემების ინჟინერინგი - უმაღლესი რეიტინგის მქონე ბაკალავრებთან ერთად, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის აქტიური სტატუსის მქონე ის სტუდენტიც გახდება, რომელიც შემოდგომის სემესტრს, აკადემიური მოსწრების მხრივ, უმაღლესი ქულით დაასრულებს.
შეხვედრაში, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა, ასევე მონაწილეობდნენ სტუ-ის სამეთვალყურეო საბჭოს პრეზიდენტი, პროფესორი ზურაბ გუდავაძე, ვიცე-რექტორები თამარ წერეთელი და თამარ ლომინაძე, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლები - პროექტების ხელმძღვანელი გოგა ჩანადირი და კომუნიკაციების ხელმძღვანელი მარიამ ცანდიშვილი.
შეხვედრაზე მხარეებმა ოთხწლიანი პარტნიორობის შედეგები განიხილეს და თანამშრომლობის გაფართოების იმ შესაძლებლობებზე იმსჯელეს, რაც მიზნად ისახავს ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის ახალი ხელშემწყობი და წამახალისებელი მიდგომების შემუშავებას. ფონდის წარმომადგენლებმა სასტიპენდიო პროგრამის სამომავლო მიზნებსა და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი სახელმწიფოს სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე და მაღალმთიანი რეგიონებისთვის მთისმცოდნე ახალგაზრდა პროფესიონალი კადრების მომზადების თვალსაზრისით დაფუძნდა.
ფაკულტეტზე, წარმატებული ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილებაზე დაყრდნობით, დანერგილია ოთხი საბაკალავრო პროგრამა, სწავლა კი სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.
ოთხივე პროგრამა - მთის სოფლის გარემოს მდგრადი განვითარება; მთის მდგრადი ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი; მთიანი რეგიონების ორგანული ფერმერული სისტემების მართვა; ბუნებრივი საფრთხეები მდგრადი გარემო და დაცვა - სრულიად ახალი და უანალოგოა, როგორც საქართველოში ისე სამეზობლო ქვეყნებში.
რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონში ფლაგმანია საინჟინრო-ტექნოლოგიური მიმართულებით და რომელიც წარმატებით ავითარებს ჰუმანიტარულ მიმართულებებსაც, მნიშვნელოვანია იმგვარი შესაძლებლობის არსებობა, რაც გულისხმობს აკადემიური მოსწრების მხრივ მაღალი რეიტინგის მქონე სტუდენტების ჩართვას თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სასტიპენდიო პროგრამაში.
როგორც რექტორმა აღნიშნა, სახელმწიფო სტიპენდიასთან ერთად, დამოუკიდებელი საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტის სტატუსის მოპოვება ძლიერი წამახალისებელი ფაქტორია ნიჭიერი და მოტივირებული სტუდენტებისთვის.
„ჩვენი ქვეყნის მთავრობისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს შორის ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, ყოველსემესტრულად ფონდის სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობა აქვთ უმაღლესი რეიტინგის და აქტიური სტუდენტური სტატუსის მქონე იმ ბაკალავრებს, რომლებიც განათლებას იღებენ სამი პრიორიტეტული მიმართულებით. ესენია: სამშენებლო, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის, ასევე, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტები. სტიპენდია, რომელსაც სემესტრის მანძილზე ფონდი ყოველთვიურად გასცემს, თითოეული სტუდენტისთვის 300 ლარია.
საგულისხმოა, რომ წელიწადში ერთხელ, ფონდი, ასევე, გასცემს ერთჯერად პრემიას, 1500 ლარის ოდენობით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, უმაღლესი ქულებით ჩარიცხულ აბიტურიენტზე, რომელიც აქტიური სტატუსის მქონე პირველკურსელი გახდება. დასაფასებელია საგანმანათლებლო ფონდის მესვეურების, პირადად მისი დამფუძნებლის - ბიზნესმენის, ინჟინერ-ეკონომისტისა და ფილოლოგის, ბატონი თამაზ ბექაიას ძალისხმევა, კიდევ მეტად გააფართოოს უმაღლესი სასწავლებლების გეოგრაფიული არეალი, გაზარდოს ფონდის პრიორიტეტები, მათ შორის, პროფესიული განათლების მიმართულებითაც, დაამატოს ახალი სპეციალობები, ახალი ფაკულტეტები, ახალი უნივერსიტეტები. ფონდის სასტიპენდიო პროგრამაში, ახალი პრიორიტეტული მიმართულების სახით, ჩვენი უნივერსიტეტის მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის ჩართვა ამის ნათელი დადასტურებაა.
ვაფასებთ ფონდის ძალისხმევას და მას მოვიაზრებთ სასურველ პარტნიორად ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით, რაც მოიცავს ხელშემწყობი და წამახალისებელი მიდგომების შემუშავებას იმ ნიჭიერი სტუდენტების მიმართ, რომლებიც ბევრს შრომობენ და სწავლობენ, ისწრაფვიან იყვნენ საუკეთესოები. რაც მთავარია, ორივე მხარე ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ დღევანდელი სტიპენდიანტები მომავალი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები და წარმატებული მკვლევრები გახდებიან, მიღებულ ცოდნას კი ქვეყნის კეთილდღეობას მოახმარენ - ფონდის ფინანსური მხარდაჭერა სწორედ ასეთი ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი. ვისურვებდი, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ფონდის პარტნიორული ურთიერთობები მეტად გაღრმავდეს და გაფართოვდეს, ისევ და ისევ, ჩვენი ნიჭიერი ახალგაზრდებისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. წარმატებას ვუსურვებ ფონდს, მის სტიპენდიანტებსა და მემორანდუმის ხელმოწერ ყველა უმაღლეს სასწავლებელს“, - განაცხადა რექტორმა, დავით გურგენიძემ.
თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტთა და პრემიის მფლობელთა პირველი ნაკადი 2021 წლის შემოდგომაზე გამოვლინდა. შესაბამისად, დღეის მონაცემებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ფონდის სტიპენდიას ბენეფიციართა მე-7 ნაკადი იღებს, საერთო ჯამში კი, 21 სტიპენდიანტი და 4 პრემიის მფლობელი სტუდენტია გამოვლენილი.