სტუ

ურბანული დაგეგმარების (ურბანისტიკის) მიმართულება

   ურბანისტიკის   დისციპლინის  სწავლება   სათავეს   არქიტექტურის დაგეგმარების კათედრის წიაღში   1960–იანი   წლებიდან იღებს. „ქალაქგეგმარებითი    პროექტირების“  სახელწოდებით.  

                სწორედ ამ პერიოდში მოღვაწე პედაგოგებმა შეადგინეს ურბანისტიკის  კათედრის  პედაგოგთა   ძირითადი  ბირთვი. მათ შორის იყვნენ: გივი ბერიძე, გივი შავდია, გიორგი შაიშმელაშვილი, გიორგი სალუქვაძე, ვლადიმერ (ლადო) ვარდოსანიძე, ოთარ ნახუცრიშვილი, ეკატერინე (ჩიორა) თევზაძე, თენგიზ მახარაშვილი, პავლე ძინძიბაძე.  მათთან ერთად  პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევიან: მარიკა ფოჩხუა, მაია ჯავახიშვილი, თემურ კლდიაშვილი, მერაბ ბოლქვაძე, თემურ ზედელაშვილი, თემურ ბოჭორიშვილი, ირაკლი მურღულია,  ნინო ჩხეიძე. 

       ურბანისტიკის პედაგოგების პირველი პლეადიდან განსაკუთრებული კვალი დატოვეს ქვეყნის  

აღიარებულმა ქალაქთმშენებლებმა: ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა, ბიძინა მამინაიშვილმა, ნოდარ მიქაძემ.

                ურბანისტიკის კათედრის დამფუძნებელი და პირველი გამგე  1992-1995 წლებში იყო პროფესორი გიორგი შაიშმელაშვილი. 1996 წლიდან 2005 წლამდე კათედრას ხელმძღვანელობდა პროფესორი თენგიზ მახარაშვილი, 2005–2006 წლებში - არქიტექტორი პავლა ძინძიბაძე,  2006 წლიდან კათედრას კვლავ  ჩაუდგა სათავეში სრული პროფესორი გიორგი შაიშმელაშვილი.

      2008 წლიდან  კათედრას   ეწოდა  ურბანული დაგეგმარების (ურბანისტიკის) მიმართულება. ურბანისტიკის მიმართულებაზე ისწავლება აკადემიური დისციპლინები: ქალაქთმშენებლობითი ეკოლოგია, ურბანული (ქალაქთმშენებლობითი) რეკონსტრუქცია, ლანდშაფტური არქიტექტურა, ქალაქთმშენებლობის თეორიის საფუძვლები, ურბანული რეაბილიტაცია, ქალაქის საინჟინრო მოწყობა და ტრანსპორტი, და სხვა.

       აკადემიური დისციპლინა  „ქალაქთმშენებლობითი ეკოლოგია“, რომელის დამფუძნებელი არის პროფესორი გიორგი სალუქვაძე,  მიზნად ისახავს  ქალაქის ეკოლოგიის სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტების აღზრდას, სტუდენტისათვის ქალაქის ეკოლოგიური გარემოს დაცვის, შენარჩუნების, აღდგენისა და გაჯანსაღების შეცნობის უნარის ჩამოყალიბებას. სტუდენტები ეუფლებიან ქალაქთმშენებლობითი ეკოლოგიის ძირითად ცნებებსა და კანონებს, ეკოლოგური პრობლემების გამომწვევ მიზეზებს, გარემოს მდგომარეობის შესწავლის საშუალებებს, ქალაქთმშენებლობითი  ეკოლოგიის მეთოდოლოგიურ საფუძვლებს, ეცნობიან სამამულო  და საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილებას.

                აკადემიური დისციპლინა „ურბანული (ქალაქთმშენებლობითი) რეკონსტრუქციის“ მიზანია სტუდენტს შეასწავლოს ურბანული რეკონსტრუქციის პროექტირების საფუძვლები;  გააცნობიერებინოს რეკონსტრუქციის, როგორც სოციალურ მოთხოვნებთან   ქალაქის სივრცით-გეგმარებითი სტრუქტურის შეუსაბამობის დაძლევისკენ მიმართული  უწყვეტი პროცესის არსი;  სრული წარმოდგენა შეუქმნას ურბანული რეაბილიტაციის ისეთი საკვანძო დებულების შესახებ, როგორიცაა   შეუსაბამო ფუნქციებისა და ჭარბი სატრანსპორტო ნაკადებისაგან  ქალაქის ისტორული ცენტრის განტვირთვა და მიზიდულობის ახალი პოლუსების ფორმირება ისტორიული ცენტრის გარეთ;   მდგრადი განვითარების მოთხოვნებზე დაფუძნებული ურბანული რეკონსტრუქციის პრინციპები; ქალაქთმშენებლობითი რეკონსტრუქციისა და ძეგლთა დაცვის სფეროში მოქმედი საერთაშორისო კონვენციები და ქარტიები.

       აკადემიური დისციპლინა „ურბანული განვითარების სოციოკულტურული საფუძვლების“ (წამყვანი პროფესორი     ვლ. ვარდოსანიძე) არქიტექტურულ-საგანმანათლებლო პროცესში შემოტანა განაპირობა ურბანული განვითარების ვიწრო, ტექნოკრატული ხედვის დაძლევის საჭიროებამ.              დღევანდელი საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი  უმნიშვნელოვანესი ტენდენციაა  ჰუმანისტური პრინციპების პრიორიტეტულობის დამკვიდრება. ამგვარი ტენდენცია განსაკუთრებით აქტუალურია ქალაქგეგმარებითი პროექტირებისა და ურბანული გარემოს ფორმირების პროცესში. არქიტექტურული ობიექტი ყველგან და ყოველთვის ასახავდა არა მარტო მისი ავტორის ინდივიდუალურ ხედვას, არამედ სოციალურ-კულტურულ კონტექსტსაც. ამდენად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სტუდენტის მიერ იმ პრინციპული დებულების გაცნობიერება, რომ ურბანული გარემო და მისი შემადგენელი ელემენტები წარმოადგენს საზოგადოებაში მიმდინარე სოციალურ-კულტურული პროცესების მატერიალურ განსახიერებას.

      აკადემიური დისციპლინა „ლანდშაფტური არქიტექტურა“ მიზნად ისახავს სტუდენტს შეასწავლოს  ლანდშაფტური პროექტირების საფუძვლები, ლანდშაფტური არქიტექტურის განვითარების ეტაპები, სტილები, მიმართულებები და ტენდენციები ლანდშაფტურ პროექტირებაში; გააცნოს სტუდენტებს უცხოური და სამამულო მაგალითები ლანდშაფტური არქიტექტურის სფეროში; ამასთან ნებისმიერი პროფესიული ამოცანის გადაწყვეტისას გამოუმუშაოს გარემოსეული მიდგომისა და სივრცული აზროვნების უნარი თანამედროვე ფართო ეკოლოგიური მოთხოვნის ჭრილში.

      აკადემიური დისციპლინა „ქალაქთმშენებლობის თეორიის საფუძვლები“ მიზნად ისახავს სტუდენტს  შეასწავლოს ქალაქთმშენებლობის თეორიის საწყისი პრინციპები, დასახლებული ადგილების დაგეგმარებისა და განაშენიანების, აგრეთვე მთელი ინფრასტრუქტურის ორგანიზაცია.

                აკადემიური დისციპლინა „ურბანული რეაბილიტაცია“ მიზნად ისახავს სტუდენტს გამოუმუშაოს ქალაქთმშენებლობით თეორიულ დისციპლინებში მიღებული ცოდნის „ურბანული რეაბილიტაციის“   (ქალაქგეგმარებითი პროექტირების სპეციფიკური მიმართულების) პროექტირებაში გამოყენების  ჩვევები;   ურბანული რეაბილიტაციის პროექტირებაში გააცნობიერებინოს ისეთი ფუძემდებლური დებულების გამოყენების  მნიშვნელობა, როგორიცაა ეკონომიკური განვითარების, სოციალური ერთობის და გარემოს დაცვის თანაბარმნიშვნელობის პრინციპის, როგორც მდგრადი განვითარების  საბაზისო წინაპირობის აღიარება; ურბანული რეაბილიტაციის, როგორც მდგრადი განვითარების  მთავარი ინსტრუმენტის არსის  შეცნობა.

     აკადემიური დისციპლინა „ქალაქის საინჟინრო მოწყობა და ტრანსპორტი“ მიზნად ისახავს მოამზადოს პროფესიული ცოდნით აღჭურვილი ქალაქგეგმარებითი პროექტირების პროფილის მქონე სპეციალისტი. გამოუმუშავოს მას კომპლექსური პროექტების დამუშავებისას კონცეპტუალური და სივრცით-გეგმარებითი აზროვნების უნარი.

                მიმართულების მთავარი საზრუნავია სტუდენტის მიერ პროფესიის სოციალური მისიის ანუ თითოეული   არქიტექტორ-ურბანისტის მიერ  საზოგადოების წინაშე საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერება. 

                ურბანისტიკის მიმართულების მრავლწლიანი ისტორია ცხადყოფს განვლილ პერიოდში ქართული ურბანული სკოლის წინაშე „აღმოცენებულ“  ფუძემდებლურ    გამოწვევათა ცვლილებებს. კათედრის დაფუძნების პირველ წლებში  ასეთ გამოწვევას შეადგენდა  სამოცდაათწლიანი საბჭოთა ქალაქთმშენებლობითი პრაქტიკის  საბაზრო ეკონომიკის პირობებთან შეგუების სიძნელეები.    მეორე ფუძემდებლური გამოწვევა  XXI საუკუნის დასაწყისზე მოდის. იგი მდგრადი განვითარების მოთხოვნებზეა დაფუძნებული და ახალი ურბანისტიკის პოლიტიკის გატარებას უკავშირდება,  რაც ურბანისტიკის მიმართულების  მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას ითხოვს.

                აღნიშნულ კონტექსტში, მდგრადი განვითარების პრინციპებისა და ღირებულებების სასწავლო პროგრამებში ინტეგრირება ურბანისტიკის მიმართულების ერთ-ერთი  მნიშვნელოვანი ვექტორია. 

                 ამ თემატიკის პრიორიტეტულობა  გამოხატულებას პოულობს პედაგოგების მეცნიერულ პუბლიკაციებში, სალექციო კურსებში, სამაგისტრო და სადოქტორო შრომებში.

                ურბანისტიკის  მიმართულებაზე პედაგოგიური მოღვაწეობის  განუყოფელ ნაწილს   შეადგენს   სამეცნიერო კვლევები, რაც სრულად შეესაბამება მსოფლიო არქიტექტორთა კავშირისა და იუნესკოს ქარტიის (1993 წ.) მოთხოვნებს.           

                სამეცნიერო მოღვაწეობის დიაპაზონი, ურბანული განვითარების ლოკალურ საკითხებთან ერთად, ქვეყნის სივრცით-ტერიტორიული ორგანიზაციისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის თემატიკას -  წლების განმავლობაში უყურადღებოდ მიტოვებული განსახლებისა და რაიონული დაგეგმარების ასპექტებს მოიცავს.

                დაგროვილი ახალი სამეცნიერო ინფორმაციის სასწავლო პროცესში აკუმულირება პოზიტიურ ასახვას პოულობს  სამეცნიერო მოღვაწეობის ყველა იერარქიულ დონეზე  (სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციები, სწავლების სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები).

                ქალაქგეგმარებითი პროექტირების, როგორც ურბანისტიკის მიმართულების ძირითადი პრიორიტეტის სრულყოფის განუზომელ რესურსს შეიცავს მეცნიერულ კვლევებზე დაფუძნებული  ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტილებების უზრუნველყოფა. ამ რესურსის სრულყოფილი გამოყენების თვალსაზრისით, საიმედო ტენდენციად  შეიძლება იქნეს მიჩნეული ურბანისტიკის მიმართულების პედაგოგების, აღიარებული  პრაქტიკოსი ქალაქმგეგმარებლებისა და ცნობილი  „პროექტანტების“ (გ. შავდია, პ. ძინძიბაძე, მ. ბოლქვაძე, გ. ყიფიანი ) აქტიურ სამეცნიერო მოღვაწეობაში ჩაბმის  ბოლო დროს გამოკვეთილი პროცესი.

       ძალზე მნიშვნელოვანი იყო კათედრის თანამშრომლობა გერმანიის მიწათსარგებლობის აკადემიისა და ფოლქსვაგენის პროგრამებთან. შედეგად, 1997-2006 წლებში ტარდებოდა ქართულ-გერმანული სტუდენტური, ყოველწლიური კონკურსები თემაზე: „გარე ავლაბრის ფრთხილი რეკონსტრუქცია“.  აღსანიშნავია, რომ კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები ყოველწლიურად გაცნობით პრაქტიკას გერმანიაში გადიოდნენ, ხოლო ურბანისტიკის კათედრის ახალგაზრდა პედაგოგები გერმანიაში ვორქშოფებისა და სტაჟირებისთვის იგზავნებოდნენ.

       გარდა ამისა ურბანისტიკის კათედრა სისტემატიურად ატარებდა III-IV კურსის სტუდენტთა საკურსო პროექტების და სხვა მიზნობრივ კონკურსებს.

       1997 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ინსტიტუტსა და გერმანიის ქალაქთმშენებლობისა და მიწათმოწყობის აკადემიის (Dეუტსცჰე Aკადემიე ფურ შტადტებაუ უნდ Lანდსპლანუნგ –DAშL) და საქართველოს მხრიდან პროფესორები გ. სალუქვაძის, ვ. ვარდოსანიძის და თ. მახარაშვილის ინიციატივით დაიწყო ერთობლივი ურბანული პროექტის განხორციელება, რაც ითვალისწინებდა ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილის - ავლაბრის უბნის  სოციალურ-ფუნქციური და არქიტექტურულ-გეგმარებითი განახლების წინადადებების შემუშავებას. ეს თანამშრომლობა  თითქმის ექვსი წელი გაგრძელდა. პროექტის კოორდინატორები იყვნენ გერმანიის მხრიდან DAშL-ს წევრი ბ-ნი იოსტ შრამი, ხოლო საქართველოს მხრიდან ურბანისტიკის კათედრის პროფესორი ვლადიმერ ვარდოსანიძე.

       ავლაბრის უბნის შერჩევა განაპირობა თბილისის ამ ძველ უბანში შენობა-ნაგებობობათა დიდი ნაწილის მწვავე ავარიულმა მდგომარეობამ და  მთლიანდ უბნის   ურბანული  განვითარების აუცილებლობამ. 

       ავლაბრის განახლების პროექტი ინსტიტუტის დირექციამ  ** კურსელთა სასწავლო პროგრამაში შეიტანა. სამუშაო ორ ეტაპად მიმდინარეობდა. ქალაქგეგმარებითი რეკონსტრუქციის საგნის პროგრამით სტუდენტები   I სემესტრში ატარებდნენ  წინასაპროექტო კვლევით სამუშაოებს რაც ითვალისწინებდა ავლაბრის შერჩეული ტერიტორიის შესწავლას, უბნის ისტორიულ, ფუნქციურ, ვიზუალურ კვლევას, ფოტოფიქსაციას, არქიტექტურულ ანაზომებს, ჩანახატებს, სატრანსპორტო ქსელის მდგომარეობის დაფიქსირებას, მოსახლეობის სოციოლოგიურ გამოკითხვას სპეციალურად შედგენილი ანკეტის მეშვეობით. შესწავლილი მასალის ანალიზის საფუძველზე  შემუშავდებოდა საპროექტო დავალება საკურსო-საკონკურსო პროექტირებისათვის.

        II სემესტრში მიმდინარეობდა  დაპროექტება, რომელიც წარიმართებოდა ჯგუფური სისტემით. 4-5 სტუდენტისგან შემდგარ ჯგუფებს  ხელმძღვანელობდნენ კათედრის წამყვანი არქიტექტორი პედაგოგები, სტაჟიორები, ასპირანტები.

       მოგვიანებით ამ კონკურსში ჩაება გერმანიის ქალაქ კაიზერსაუტერნის ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტი და აქ უკვე გერმანელი სტუდენტებიც იღებდნენ მონაწილეობას. კონკურსმა საერთაშორისო სტატუსი მიიღო. 

       საკონკურსო პროექტებს აფასებდა კომპეტენტური ჟიური, რომელსაც თანათავმჯდომარეობდნენ  პროფ. გიორგი შაიშმელაშვილი, იოსტ შრამი, კარლ ციგლერი). კონკურსის შედეგად გარე ავლაბრის რეკონსტრუქციის თემაზე დაგროვდა მნიშვნელოვანი ანალიტიკური და  საპროქტო მასალა, რომლის საფუძველზე გამოიცა გამარჯვებული პროექტების შემაჯამებელი ილუსტრირებული ალბომები (რედაქტორები პროფ. გ. სალუქვაძე, პროფ. თ. მახარაშვილი).

       2008 წლის თებერვალში კაიზერსლაუტენის ტექნიკური უნივერსიტეტის ქალაქგეგმარების ფაკულტეტის მოწვევით გერმანიაში ვიზიტით სტუმრად იმყოფებოდა ჩვენი ფაკულტეტის სტუდენტებისაგან შემდგარი ჯგუფი (ხელმძღვანელები: პროფე. გ. სალუქვაძე და ბ. გედენიძე), რომელმაც მონაწილეობა მიიღო გერმანულ-ქართული პროექტის - ”ქალაქის ფრთხილი რეკონსტრუქცია”- განხორციელებაში. გერმანელ და სტუ-ს სტუდენტებთან ერთად ამ პროექტში ჩართულნი იყვნენ თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტებიც.

         2007 წლის სექტემბრის ბოლოს გერმანელთა თბილისში ვიზიტის დროს მოხდა საპროექტო ტერიტორიის შერჩევა, რომელმაც მოიცვა დავით აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე რამოდენიმე კვარტალი. სამივე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებმა დამოუკიდებლად შეიმუშავეს ქალაქის ამ ნაწილის განვითარების საკუთარი ხედვა და მთელი განვლილი სემესტრის დროს პრაქტიკულად განახორციელეს ქალაქგეგმარებითი პროექტი, რომელშიც ურბანული განვითარების იერარქიულად სამი სხვადასხვა დონე აისახა.

        გერმანელების პროექტი ძირითადად წარმოადგენდა თეორიულ წინადადებებს ფრთხილი რეკონსტრუქციის საკითხებში.     სტუ-ს სტუდემნტთა ნამუშევარი პირდაპირ და ზუსტად პასუხობდა ქალაქმშენებლობითი რეკონსტრუქციის პროექტის მოთხოვნებს. ძალიან დიდი ეფექტი მოახდინა ჩვენი სტუდენტების კონკრეტულმა დეტალურმა ისტორიულმა, სოციალურმა და ფუნქციურმა კვლევებმა, რომლებიც საფუძვლად დაედო საპროექტო წინადადებებს.

       ამგვარად, ამ პროექტის სახით შეიქმნა იმის ვიზუალური მაგალითი, თუ რისი გაკეთება შეიძლება არსებულ სამართლებრივ, ადმინისტრაციულ, ინსტიტუციონალურ და ფინანსურ ჩარჩოებში.

   პროექტის გამოფენა და  პრეზენტაცია, სხვა 11 გერმანულ პროექტთან ერთად, ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში მოხდა 2008 წლის 13-14 თებერვალს. 

        მეტად სასიამოვნო და საპატიოა, რომ ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში ევროპაში ცნობილი ქალაქგეგმარებით ძეგლთა დაცვის სპეციალისტი პროფესორი გაბი დოლფ-ბონეკაემპერი (Pროფესსორ Gაბი Dოლფფ-Bონეკაემპერ) შედიოდა, აღნიშნულ ერთობლივ პროექტს I ადგილი და საერთაშორისო დიპლომი მიაკუთვნა.

          საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის მხრიდან პროექტს ხელმძღვანელობდნენ პროფესორი გიორგი შაიშმელაშვილი და გიორგი სულაბერიძე. სტუ-ს ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ სტუდენტები  თემურ ნინუა, სოფო პაქსაშვილი, ლუდმილა ჩიქოვანი, ია ბართაია, სოფო ნინიძე, შალვა კიკაბიძე, მამუკა კაპანაძე და მაგდა ლეკიშვილი. 

2017 წლიდან მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ჩართული არიან რეალურ ურბანულ პროექტებში ერთობლივად სხვადასხვა არქიტექტურულ კომპანიებთან ერთად:  მამუკა სალუქვაძე (სითი ინსტიტუტი დამფუძნებელი) გორის მიწათსარგებლობის გენგეგმა, გურამ კამლაძე – შპს “არქიტექტურული ბიურო” - "პარალელური განვითარება" - მთაწმინდის ერთერთი მიკროუბნის განვითარების პროექტი, გ.ჩუბინაშვილის ქუჩის მიმდებარე ოთხი კვარტლის განაშენიანების რეგულირების გეგმა; კურტი  ლებარდეს განაშენიანების რეგულირების გეგმა, ისანში (ავტონაწილების ბაზრობასთან) მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა, ბაკურიანში, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების კომპლექსის  განაშენიანების რეგულირების გეგმა, მრავალბინიან საცხოვრებელი სახლების კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა მექანიზაციის ქუჩაზე, დიღომიში, თბილისი მოლის მიმდებარედ ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების კომპლექსის 3 განაშენიანების რეგულირების გეგმა; ოთარ ხვედელიძე – შპს “ა–არქიტექტურა” - მცხეთაში, სამრეწველო კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა, მაგნიკაში, სასტუმრო კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა, ურეკში,   სასტუმრო კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა, ნავდარაათკარში, საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა, თბილისში, ლილოში, საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა; ვერონიკა ლომინაძე – შპს “დეფანი ად” - კერძო სახლის პროექტი (მიმდინარე) ქ. თბილისში, „ბაგების სატყეო უბანში“, ოფისის პროექტი (მიმდინარე), ქ. თბილისში წერეთელის გამზირზე, გამოფენის ტერიტორია, სპორტული სკოლის პროექტი (მიმდინარე), ქ. თბილისში უნივერსიტეტის ქუჩაზე; გიორგი ბეკურაშვილი შპს “არქი დი–სი”ალავერდის ინფრასტრუქტურის პროექტი; შპს “არტ–სტუდიო”

•             კოლმეურნეობის მოედნის რეკონსტრუქციის პროექტი

გიორგი სეხნიაიძე – შპს “სტუდია 21”

•             ახმეტის მუნიციპალიტეტის და თუშეთის სივრცითი მოწყობის გეგმა

ჯგუფი 2017 2.2,  მაგისტრატურა

•             გივი კახაბრიშვილი _ შპს “არქიტექტურული ბიურო”

•             ქ. თბილისში, გლდანის რაონში, მუხიანის საუბნო საზღვრებში საცხოვრებელი უბნის განაშენიანების რეგულირების გეგმა (დასრულებული) 

•             ქ.თბილისში, დასახლება დიდ დიღომში, ველოტრეკის მიმდებარედ საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა (დასრულებლი) 

•             ქ.თბილისში, სოფელ თხინვალაში დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი უბნის განაშენიანების რეგულირების გეგმა. (დასრულებული)

•             გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, სოფელ გუდაურში, სასტუმრო და საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა ( დასრულებული)

•             ქ.თბილისში, სექტორ-ისანში, ქუჩა ქ.წამებულის N71-ის მიმდებარედ საზოგადოებრივი (კომერციული) და საცხოვრებელი კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა ( მიმდინარე)

•             კურორტ ლებარდეს განაშენიანების რეგულირების გეგმა ( მიმდინარე )

ჯგუფი 2016.6  მაგისტრატურა

•             გიორგი მაღალდაძე _ შპს “ურბანიკა”

•             შერეული ფუნქციის კომპლექსი თბილისში, ჯიქიას ქუჩაზე - განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი

•              საცხოვრებელი ფუნქციის კომპლექსი თბილისში, თავდადებულის ქუჩაზე - განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი

•              შერეული ფუნქციის კომპლექსი თბილისში, ბაღდათის ქუჩაზე - განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი

•             შერეული ფუნქციის კომპლექსი თბილისში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი

•             სამრეწველო ფუნქციის კომპლექსი თბილისში, დიდი ლილოს დასახლებაში. განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი

•             სამრეწველო ფუნქციის კომპლექსი თბილისში, ლილოს დასახლებაში. - განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი

•             სამრეწველო ფუნქციის კომპლექსი თბილისში, აეროპორტის დასახლებაში. - განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი

•              ქ. ფოთში, მალთაყვის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტი

•             ბაკურიანისა და დიდი მიტარბის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი.