შენობა - ნაგებობების არქიტექტურის მიმართულება ყოფილი არქიტექტურული დაგეგმარების კათედრაა, რომელიც თავის არსებობას 1922 წლიდან ითვლის. ამ ხნის მანძილზე მას არაერთხელ შეეცვალა სახელი და იწოდებოდა, როგორც არქიტექტურის სპეციალობა (1922-1928); სამოქალაქო ხუროთმოძღვრების კათედრა (1928-1930); სამოქალაქო მშენებლობისა და დაპროექტების კათედრა (1930-1933); არქიტექტურის კათედრა (1933-1969); არქიტექტურული დაგეგმარების კათედრა (1969-2008); არქიტექტურული დაგეგმარების მიმართულება (2008 წლიდან).
არქიტექტურის კათედრის პირველი გამგე იყო ივანე თულაშვილი (1922-1930 წწ.). შემდეგ კათედრას ხელმძღვანელობდნენ: ივანე ყირქესალი (1930-1938 წწ.), მიხეილ მაჭავარიანი (1938-1951 წწ.), მიხეილ (მიხაკო) შავიშვილი (1951-1955 წწ.), ირაკლი ციციშვილი (1955-1989 წწ.), გიორგი შაიშმელაშვილი (1989-1992 წწ.), ვახტანგ დავითაია (1992 -2009 წწ.). 2009 წლიდან არქიტექტურის კათედრა შევიდა, როგორც ერთ ერთი წამყვანი მიმართულება არქიტეტურული გეგემარების და ქალაქგეგმარების დეპარტამენტში. 2009-2017 წლამდე მიმართულებას ხელმძღვანელობდა ბატონი ვახტანგ დავითაია. 2017 წლიდან კი პროფესორი მედეაია მელქაძე.
არქიტექტურული დაგეგმარების მიმართულება ფაქტობრივად ყოველთვის წარმოადგენდა არქიტექტურის ფაკულტეტის საქმიანობის განმსაზღვრელ ძირითად მიმართულებას. ბუნებრივია, რომ ამ მიმარულების და მთელი ფაკულტეტის ისტორია ასე მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან.
სწავლების პირველ საფეხურზე - ბაკალავრიატში - არქიტექტურული დაგეგმარების მიმართულებაზე ისწავლება ისეთი ძირითადი დისციპლინები, როგორებიცაა: არქიტექტურული
დაპროექტების თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები, არქიტექტურული დაპროექტება 1, 2, 3“ პროექტირების ნორმატიული და საკანონმდებლო საფუძვლები „შენობათა რესტავრაცია, რეკონსტრუქცია, ადაპტაცია“. ბაკალავრიატში სწავლა ოთხწლიანია. მე-8 სემესტრი ეთმობა ბაკალავრიატის საკვალიფიკაციო ნაშრომის შესრულებას.
აკადემიური დისციპლინა „პროექტირების ნორმატიული და საკანონმდებლო საფუძვლების“ მიზანია სტუდენტებისათვის დამოუკიდებელი არქიტექტურული საქმიანობისთვის აუცილებელი ნორმატიულ-საკანონმდებლო ბაზის სწავლება; ევროპის ურბანული პოლიტიკისა და მდგრადი განვითარებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონვენციებისა და ქარტიების მნიშვნელობის გაცნობიერება; პროფესიულ ეთიკასა და ქალაქგეგმარებით პრაქტიკასთან მიმართებაში – ქცევის კოდექსების ცოდნა; პრაქტიკის წარმართვის და ხელშეკრულების დადების საკითხებში არქიტექტორ-–ურბანისტის იურდიული პასუხისმგებლობის გააზრება.
სწავლების მეორე საფეხურზე მიმართულება ემსახურება სამაგისტრატრო პროგრამას „არქიტექტურა“. პროგრამების შესაბამისად ისწავლება სავალდებულო და არჩევითი დისციპლინები მაგ. „საცხოვრისი-ანამნეზი დროსა და სივრცეში.“ასევე გათვალისწინებულია აუცილებელი სემინარული მეცადინეობა - „არქიტექტურის თეორია და პრაქტიკა. კვლევა-განზოგადება“.
მიმართულება ყოველ სემესტრში სისტემატურად ატარებს შიდა საინსტიტუტო კონკურსს ჯგუფისა და კურსის საუკეთესო პროექტის გამოსავლენად. ასევე, ყოველ წელიწადს მიმართულების მიერ ხდება ექსპოზიციის განახლება. მოცემულობები პროექტირებისათვის მოიცავს მრავალ თემას და, ამდენად, პროექტებიც მრავალფეროვანია.
წლების მანძილზე მიმართულება მონაწილეობს სტუდენტთა სადიპლომო ნამუშევრების საერთაშორისო დათვალიერება-კონკურსებში, სადაც წარდგენილ პროექტებს არაერთხელ დაუმსახურებია უმაღლესი ხარისხის ჯილდოები. მიმართულებას კავშირი აქვს მრავალი ქვეყნის, მათ შორის აშშ-ს, რუსეთის, გერმანიის, საფრანგეთის, ავსტრიის, მალტის, იაპონიის, თურქეთის, იტალიის, პორტუგალიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ესპანეთის, ბულგარეთის არქიტექტურულ სკოლებთან.
1996 წლიდან დღემდე მიმართულების პედაგოგებსა და სტუდენტებს არაერთი გამარჯვება აქვთ მოპოვებული „არქიტექტურის დღის“ კონკურსების სხვადასხვა ნომინაციებში. პედაგოგთა უმრავლესობა მუშაობს რეალურ დაპროექტებაზე, არის მთელი რიგი რეალიზებული ობიექტებისა და პროექტების ავტორი, არაერთი პროფესიული კონკურსის გამარჯვებული და სამხატვრო გამოფენების მონაწილე (შ.ბოსტანაშვილის, ნ.ქვათელაძის, ნ.მახარობლიშვილის, ვ.გელაშვილის, ვ.ქობულიას პერსონალური და ნ.ბუზალაძის, ნ.ქვათელაძის, მ.მელქაძის, ზ.სვანაძის, ნ. იმნაძის ჯგუფების საკურსო ნამუშევრების გამოფენები და სხვა).
მიმართულების მეცნიერული კვლევის ძირითადი სფეროა არქიტექტურის თანამედროვე პრობლემური საკითხების შესწავლა-განზოგადება. ამასთან დაკავშირებით, დამუშავებულია სამეცნიერო თემები: „კონტექსტი არქიტექტურაში“, „დიდი ქალაქების ისტორიულად ჩამოყალიბებული ბირთვის როლი თანამედროვე ქალაქების სტრუქტურაში (ძველი თბილისის მაგალითზე)“, „არქიტექტურის პოეტიკა“, „საცხოვრისი თანამედროვე ქალაქგეგმარებით კონტექსტში“, „ვერბალური და ვიზუალური კომუნიკაციები არქიტექტურაში“, „ახალი ფორმათწარმოქმნის პრინციპების ძიებები თანამედროვე არქიტექტურაში - ორგანული არქიტექტურა“, „ეკოლოგიური არქიტექტურა“, „არქიტექტურისა და ბუნებრივი გარემოს ურთიერთკავშირის პრობლემები (თბილისის მაგალითზე)“, „არქიტეტურული მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“, „ტურიზმი და არქიტეტურა“ და სხვა. დამუშავებულია მეთოდური მითითებანი - დავალება პროექტირებისათვის, გამოქვეყნებულია სამეცნიერო სტატიები ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში.
1993 – 1998 წლებში მიმართულების ინიციატივით მოქმედებდა სალექციო კურსი „ხელოვნებისა და არქიტექტურის თანამედროვე პრობლემები“. ლექციებს ატარებდნენ როგორც ინსტიტუტის პედაგოგები, ასევე მოწვეული სპეციალისტები ხელოვნების სხვადასხვა დარგიდან (თეატრის, კინოს, სახვითი ხელოვნების, მუსიკის, არქიტექტურის და სხვა).
2018 წლიდან დღემდე მიმართულების ინიციათივით ტარდება სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარები მაგისტრანტებისთვის: „თანამედროვე არქიტექტურა–პრობლემები და გამოწვევები“.
2017 წლიდან დღემდე მიმართულების პროფესორ-მასწავლებლები აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ საერთაშორისო გაცვლით პროექტში EAშMUშ+ და Eრასმუს K107 Pროჯეცტ Mობილიტყ;
მიმართულება აქტიურად ურთიერთობს მასმედიასთან (ვ.დავითაია, მ.მელქაძე, შ.ბოსტანაშვილი, ნ. იმნაძე, დ. ბოსტანაშვილი) სისტემატურად ქვეყნდება მასალები არქიტექტურის დღევანდელ პრობლემურ საკითხებზე, არც ერთი ფაქტი „არქიტექტურული ცხოვრებისა“ არ რჩება გამოხმაურების გარეშე. რადიო გადაცემა „აკადემიური სივრცე“-პროექტის ავტორი ნინო დათუკიშვილი და წამყვანი მედეა მელქაძე.
მიმართულების წევრები ჩართულნი არიან ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში. მიმართულებაზე გარდა აკადემიური თანმაშრომლებისა მოღვაწეობენ საერთაშორისოდ აღიერებული და საქარტველოს დამსახურებული პრაქტიკოსი არქიტექტორები. მათ შორის, ვახტანგ დავითაია, გიული გეგელია, თენგიზ გოგოლაშვილი, გია ნადირაძე, თემურ ხოჯავა, ვასილ ქობულია, ზაზა სვანაძე, გია ყიფიანი, დავით ჩიქოვანი, ბესარიონ ტატიშვილი, გიორგი კვიწინაშვილი, თამაზ დოგრაშვილი და მამუკა ბარათაშვილი.
მიმართულების ინიციატივით 1992 წლიდან დაარსდა სტუდენტური კლაუზურა-კონკურსი “ქაღალდის არქიტექტურა”
“ქაღალდის არქიტექტურის” ფენომენი განეკუთვნება არქიტექტურული ფანტაზიის, მეტაფორის, არქიტექტურული ოცნების სფეროს. ეს არქიტექტურული ფანტაზიები, უტოპიები, ჰიპერბოლები და მეტაფორები არქიტექტურის მუდმივი თანამგზავრია. გონებრივი სავარჯიშოები, წვრთნა, კლაუზურა–კონკურსების სახით, ხელს უწყობს არა მხოლოდ პროფესიონალი არქიტექტორის, არამედ არტისტის, პოეტის, ზოგადად ხელოვანის ჩამოყალიბებას და მათთვის დამახასიათებელი თვისებების „აღზრდას“.
კლაუზურა-კონკუსრსებს უდიდესი როლი ენიჭება მომავალი არქიტექტორების მხატვრული და მეტაფორული აზროვნების ჩამოყალიბების და განვითარების ურთულეს პროცესში.
ბატონ ირაკლი ციციშვილის კათედრის გამგეობის პერიოდში (1955–1989 წწ.) ასეთი კლაუზურა-კონკურსები ხშირად ტარდებოდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებს შორის.
მას შემდეგ, რაც პროფესორი ვახტანგ დავითაია ჩაუდგა სათავეში არქიტექტურული დაგეგმარების კათედრას (1992 წ.) კლაუზურა-კონკურსებმა რეგულარული ხასიათი მიიღო. 1993 წლიდან ეს კლაუზურა-კონკურსები წელიწადში ორჯერ მორიგეობით ტარდება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში. კონკურსის თემატიკას ტრადიციულად არჩევს და ორგანიზაციულ საკითხებს წყვეტს მომწყობი მხარე. კონკურსების ჟიური ტრადიციულად პარიტეტულ საწყისებზე ყალიბდება სტუ-ის, თსსა-სა და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის წარმომადგენელთა მონაწილეობით. ეს კლაუზურა-კონკურსები განამტკიცებს საქართველოს ორი არქიტექტურული სკოლის _ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის და თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებელთა საქმიან ურთიერთობებს და მეგობრობას. მათ საკმაოდ ამბიციური მიზანი აქვთ და მუდმივად შეახსენებენ საზოგადოებას საყოველთაოდ აღიარებულ ჭეშმარიტებას, რომ არქიტექტურა ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებლური დარგია, ამ სიტყვის ფილოსოფიური გაგებით. ამ წლების გადასახედიდან შეიძლება ითქვას, რომ ეს კლაუზურა-კონკურსები მნიშვნელოვან მოვლენად იქცა არა მხოლოდ არქიტექტურული სკოლებისათვის, არამედ ჩვენი ქვეყნის არქიტექტურული საზოგადოებისათვის.