სტუ

არქიტექტურული დაგეგმარების საფუძვლების მიმართულება

არქიტექტურული დაგეგმარების საფუძვლების მიმართულების ამოცანაა გააცნოს სტუდენტს ადამიანის შემოქმედებითი მოღვაწეობის ერთ-ერთი ურთულესი საქმიანობის - არქიტექტურის არსი, მისი მახასიათებლები, საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა, დანიშნულება და პრობლემები; აღჭურვოს საწყისი ცოდნითა და სათანადო პასუხისმგებლობით; აჩვენოს  არქიტექტურული შემოქმედების დიდებულება და ჰუმანიზმი; განუვითაროს  მოცულობით-სივრცითი წარმოდგენები, ფერისა და მასალის, მასშტაბისა და პროპორციების გრძნობა; დამოუკიდებელი შემოქმედებითი აზროვნება და, საბოლოოდ, განაპირობოს სპეციალობის სიყვარული.

მიმართულება არქიტექტურის შესავლისა და არქიტექტურული გრაფიკის კათედრის მემკვიდრეა, რომელიც ფაკულტეტზე  1970-1971   სასწავლო წლიდან შეიქმნა.  1989 წლამდე მას ხელმძღვანელობდა პროფესორი მიხეილ ლორთქიფანიძე. შემდეგ არქიტექტურის მეცნიერებათა დოქტორი,  პროფესორი ნანული თევზაძე.

ამ პერიოდიდან (1989) კათედრას ეწოდა არქიტექტურული დაგეგმარების საფუძვლების,  რომლის სტრუქტურაში შედის არქიტექტურული დაგეგმარების საფუძვლების და სახვითი ხელოვნების აკადემიური დისციპლინები.  

1990 წლიდან არქიტექტურული კომპოზიციის კურსის ფარგლებში აღმოცენდა  ახალი აკადემიური დისციპლინა ,,არქიტექტურის პოეტიკა», რომლის ავტორი და დამფუძნებელია არქიტექტურული დაგეგმარების მიმართულების სრული პროფესორი, არქიტექტურის აკადემიური დოქტორი შოთა ბოსტანაშვილი. 

1991 წლიდან ხდება   არქიტექტურული დაგეგმარების საფუძვლების მიმართულების სრულყოფა და მნიშვნელობის ზრდა. 2008 წლიდან კათედრას ეწოდა  მიმართულება.

სხვადასხვა დროს კათედრაზე მუშაობდნენ  არქიტექტორები: გოგა ბერიძე, შოთა ბოსტანაშვილი, მარინა გუჯაბიძე, თამაზ თევზაძე, რუსუდან ლორთქიფანიძე, ლიანა ქესანაშვილი,  მაია კაჭარავა, ჰამლეტ მოსულიშვილი, გიორგი სეხნიაშვილი და სხვები. ლაბორანტები: თამთა ალხაზიშვილი, ნათელა გერმესაშვილი, მაია გოგოლაძე, მედეა კობახიძე, თინათინ მურვანიძე, გოჩა კილასონია, მანანა ჭუმბურიძე, გიორგი ჯაბადარი და სხვები.  2011-2012 სასწავლო წელს მიმართულებაზე მოღვაწეობენ პედაგოგები: გურამ აბულაძე,  ქეთევან ბერეკაშვილი, შალვა გოგოლაძე, მერაბ გუჯაბიძე, ბადრი გორგილაძე, ნანული თევზაძე, ზურაბ კიკნაძე, თამარ ლორთქიფანიძე, მარინა მაისურაძე, გიორგი მახარაშვილი, ვანდა მუჯირი, ზურაბ ტიტვინიძე, ზაქარია შავაძე, ნინო ჩაჩავა, თამარ ჭანტურია, ლალი ხვედელიძე, გია ჯაველიძე. მოწვეული პედაგოგები არინ: მზია დინუაშვილი, ეკა ზამბახიძე, გივი მარსაგიშვილი, ლეილა მეგრელიშვილი, მაკა მალაღურაძე, ეკა ნანიტაშვილი, ანზორ ნადირაძე, ნათია ქოჩლაძე, თინათინ ჩიგოგიძე, გელა კობიაშვილი,მანანა ჟღენტი-ხვედელიანი,  დავით მეგრელიძე  და სხვები.

მიმართულების დანიშნულებაა ახალგაზრდები მოამზადოს იმ სპეციალური  საგნების დასაუფლებლად, რომლებიც ზედა კურსებზე ისწავლება. ამ მიზნით მიმართულებაზე ისწავლება საგნები, რომლებიც  ხასიათდება   გამომსახველობითი და შემოქმედებითი საწყისებით:

 ,,არქიტექტურის საწყისები“ მიზნად ისახავს გააცნოს სტუდენტს სასწავლებლის სტრუქტურა და სასწავლო პროცესის თანამიმდევრობა, არქიტექტორის შემოქმედების ძირითადი მიმართულებები, ის პრობლემები, რომლებიც წამოიჭრება მის წინაშე დასმული ამოცანების გადაწყვეტისას და ის ძირითადი ფაქტორები, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია ნებისმიერი არქიტექტურული ობიექტის დაპროექტებისას; 

,,არქიტექტურული გრაფიკის საფუძვლები» მიზნად ისახავს  სტუდენტს გააცნოს სახაზავი ინსტრუმენტები და მასალები, ხაზვის ტექნიკა, ორთოგონალური პროექციები და აქსონომეტრია, გამოუმუშაოს მას არქიტექტურული ობიექტების თავისებურებათა ასახვის ჩვევები გამოსახვის სხვადასხვა საშუალებითა და ხერხის გამოყენებით, დაპროექტების მეთოდოლოგიის  და მცირე არქიტექტურული ობიექტების დაპროექტების ჩვევები.

,,არქიტექტურული კომპოზიციის საფუძვლები» მიზანია სტუდენტს განუვითაროს  ვიზუალურ-სივრცითი წარმოდგენის უნარი, რაც, თავის მხრივ, არქიტექტურული ობიექტის შექმნის საფუძველია;

,, არქიტექტურული გეგმარების საწყისები. აზომვითი პრაქტიკა» მიზნად ისახავს ახალგაზრდას შეასწავლოს   აზომვის ტექნიკური საშუალებანი და ხერხები; ანაზომის შეფასებისა და გრაფიკული ასახვის საშუალებით განუვითაროს არქიტექტურის სივრცულ-კონსტრუქციული თავისებურებების გაგების ჩვევები; 

,,არქიტექტურული გრაფიკა (ტრადიციული და ციფრული)»  მიზანია სტუდენტებისათვის გარდა ტრადიციული ხერხებისა, კომპიუტერული ტექნოლოგიების გაცნობა, კომპიუტერის მრავალმხრივი გამოყენების ჩვევების დაუფლება, მისი, როგორც ინფორმაციული წყაროს ათვისება, პროგრამული საშუალებების დაუფლება, ელექტრონული და დისტანციური სწავლების ტექნოლოგიათა გაცნობა; მაღალ კურსებზე, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში 2 და 3-განზომილებიანი გეომეტრიული მოდელების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შეწავლა, დაპროექტების თანამედროვე ტექნოლოგიური საფუძვლების დაუფლება, საპროექტო დოკუმენტაციისა და ფოტორეალისტური ილუსტრაცია-პრეზენტაციის კომპიუტერული ფორმირება, გარემოს ენერგეტიკული ზემოქმედების თვალსაჩინო წარმოდგენასა და ადეკვატური პასუხის გაცემის პრინციპების, ფორმათწარმოქმნისა და კომპოზიციის თანამედროვე პარადიგმის გააზრება;

,,მოცულობით სივრცითი კომპოზიცია»  სასწავლო კურსის მიზანია:

• პრაქტიკული ცოდნის შეძენა სივრცის დაუფლების, სივრცეში ფორმის პლასტიურობის აღქმის, სწორად დანახვის ხელოვნებაში; განუვითაროს კომპლექსური აზროვნება, გამოამჟღავნოს მისი შემოქმედებითი პოტენციალი და დაეხმაროს ახალი შემოქმედებითი გზების პოვნაში.

• განუვითაროს ვიზუალურ-სივრცული წარმოსახვის უნარი, რაც განაპირობებს პრაქტიკაში მომავალი სპეციალისტის მიერ განხორციელებული პროექტის მიხედვით თანამედროვე არაორდინარული ხერხებით კომფორტულობისა და ესთეტიკური სრულფასოვნების მიღწევას.

• საგნის შესწავლით შეძენილი ცოდნა და მხატვრული გემოვნება წარმართოს პროექტირების პროცესის ახალი, ორიგინალური გზების და მეთოდების, ზოგადად სივრცის და ობიექტის, გააზრების და გაანალიზებისკენ. 

       მიმართულებაზე სწავლების მეთოდოლოგია ეყრდნობა ისეთ პრინციპებს, როგორიცაა: 

– ინტუიციურიდან ინტუიციურ ცნობიერებამდე;

–მარტივიდან რთულისაკენ, თამაშიდან და შეგრძნებიდან ჰარმონიის კანონების თანდათანობით შემეცნებამდე; 

– აბსტრაქციიდან რეალობამდე;

– საგნების ინტეგრირებისადმი სწრაფვა;

– განწყობის თეორიის კანონზომიერების გათვალისწინება.

        კათედრის წევრების მიერ სხვადასხვა დროს გამოცემულია  სახელმძღვანელოები (ნ. თევზაძე. მ. ქოჩაკიძე. ე. კალანდაძე), დამხმარე სახელმძღვანელოები  (ე.ფიფია, ნ. თევზაძე, გ. ჩიგოგიძე, ი. ციციშვილი, შ. გოგოლაძე), მეთოდური მითითებები (ე.ფიფია, ნ. თევზაძე, ვ. დავითაია, კ. ამირეჯიბი, ზ. სუჯაშვილი, მ. გუჯაბიძე,  მ. მაისურაძე, თ. ჭანტურია),  მონოგრაფიები   (რ. ლორთქიფანიძე,  მ. გუჯაბიძე, ე. ფიფია). 

მიმართულების წევრთა მეცნიერული კვლევების ძირითად სფეროა არქიტექტურული დაგეგმარების საფუძვლები, ფორმათწარმოქმნისა და და კომპოზიციის კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური საფუძვლები, შენობა-ნაგებობების და განაშენიანების კომპოზიციური ასპექტები. ამასთან, ადამიანი კვლევაში შემოდის არა როგორც ფიზიკური, არამედ როგორც სულიერი არსება მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალობით, არქიტექტურული სივრცე კი განიხილება, როგორც ადამიანის პიროვნების მიზანდასახული ფორმირების განმსაზღვრელი.

მიმართულების წევრები წარმატებით ხელმძღვანელობენ მაგისტრებსა და დოქტორანტებს (ნ. თევზაძე, ზ. კიკნაძე, მ. მაისურაძე), სისტემატურად მონაწილეობენ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა  და  სიმპოზიუმების მუშაობაში,  გამოფენებში.

                მიმართულების სამეცნიერო კვლევებისათვის დამახასიათებელია   გეომეტრიული გარდაქმნების ელექტრონული მოქმედების თანამიმდევრობის ანალიზის ჩართვა ფორმათწარმოქმნასა და არქიტექტურული კომპოზიციის ინტერპრეტაციაში.

                მიმართულებას მიჰყავს არქიტექტურული განათლების საწყისი საფეხური, არქიტექტურის სწავლების პროპედევტიკური კურსი მასში შემავალი საგნებით, რომლებიც გამომსახველობითი და შემოქმედებითი საწყისებით ხასიათდება.

აღსანიშნავია, რომ მიმართულების წევრთა სამეცნიერო-კვლევითი და პედაგოგიური მუშაობა ახლოს  დგას ერთმანეთთან,  რაც განაპირობებს ორივე ნაწილის ცალ-ცალკე წარმატებას. მაგალითად,  ზურაბ კიკნაძე  არქიტექტურული ამოცანების გადაწყვეტისას იყენებს  კომპიუტერულ სისტემებს და სტუდენტებსაც ამ მიმართებით აწვდის პროგრამებს; ნანული თევზაძის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა დაკავშირებულია საცხოვრისის თემატიკასთან და სწავლების პროცესში იგივე თემითაა დაკავებული; მარინა მაისურაძის სამეცნიერო კვლევა ეხება  ქანდაკებების  მაორგანიზებელ როლს ქალაქში  და სტუდენტებთან მუშაობს მცირე არქიტექტურულ ფორმებზე და ა. შ.  

მიმართულების წევრები პარალელურად ჩართულნი არიან რეალურ დაპროექტებაში და სხვადასხვა პროექტისა და აშენებული ობიექტების ავტორები არიან (გურამ აბულაძე, მერაბ გუჯაბიძე, ზურაბ კიკნაძე, ნანული თევზაძე, მარინა მაისურაძე, ვანდა მუჯირი, ზაურ შავაძე, ნინო  ჩაჩავა  და სხვები). 

 

  არქიტექტურული მოდელირება 

2009 წელს სტუ-ს არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე ფაკულტეტის დეკანის, არქიტექტურის დოქტორის, პროფესორ გოჩა მიქიაშვილისა და მიმართულების ხელმძღვანელის, არქიტექტურის დოქტორის,  პროფესორ ზურაბ ტიტვინიძის თაოსნობით შეიქმნა არქიტექტურული მოდელირების სასწავლო-ექსპერიმენტული მიმართულება.

არქიტექტურული მოდელირების  მიმართულების შექმნა მიზნად ისახავს უმაღლესი არქიტექტურული სკოლის დაწყებით კურსებზე “არქიტექტურული ენის” სწავლების მეთოდოლოგიის გადასინჯვას, დახვეწას და სრულყოფას, არქიტექტურის დარგში მიმდინარე თანამედროვე მოთხოვნილებებისა და ტენდენციების გათვალისწინებით. 

სასწავლო კურსის მიზანია: სტუდენტს გამოუმუშაოს მოცულობით-სივრცითი აზროვნება, უნარი გამოხატოს საკუთარი კონცეფცია სამგანზომილებიან სივრცეში, ასახოს სიბრტყითი პროექციების ჩარჩოს მიღმა ხილვადი სამყაროს ნებისმიერი სამგანზომილებიანი არქიტექტურული ფორმა; დაეუფლოს არქიტექტურული მოდელირების (მაკეტირების) თეორიულ საფუძვლებს, შესრულების ტექნიკას და შეიძინოს მოცულობითი მაკეტის დამზადების პრაქტიკული უნარ-ჩვევები, იქნება ეს არქიტექტურული ობიექტის ექსტერიერი, ურბანული განაშენიანების ობიექტი, ინტერიერი თუ არქიტექტურული დიზაინის ელემენტი.

    

მოცულობითი, კონცეპტუალური, პლასტიკური მოდელირების მეთოდის დანერგვა, პროგრესული მეთოდოლოგიის  სრულყოფა და სიბრტყითი არქიტექტურული გრაფიკის პარალელურად პლასტიკურ- მოცულობითი არქიტექტურული გრაფიკის სწავლების ტრადიციული და ელექტრონული მეთოდოლოგიის ინტეგრაცია არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე, ბაკალვრიატის I-II კურსის საბაზისო სასწავლო პროგრამაში, მნიშვნელოვან ფაქტად წარმოჩინდა, რადგან გაიზარდა სტუდენტთა აქტიურობა და ინტერესი, ზოგადად, “არქიტექტურული ენის” შესწავლის მხრივ. ამ მოსაზრებას ამყარებს, ორნახევარი სასწავლო წლის მანძილზე, სტუდენტთა მიერ შესრულებული ნამუშევრებს ხარისხი.