სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმი (401-402 ოთახი)
სასარგებლო წიაღისეულის სასწავლო-სამეცნიერო მუზეუმი შეიქმნა გამოყენებითი გეოლოგიის კათედრის ჩამოყალიბებასთან ერთად, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში. იგი დაფუძნებიდან მოყოლებული ვითარდებოდა და მისი საექსპონატო ფონდი ივსებოდა. ნიმუშების მოპოვება ხდებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა საბადოებიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან შეძენილი, გაცვლითი წესით მიღებული, სახელშეკრულებო საველე სამუშაოების დროს შეგროვებული თუ კურსდამთავრებულების მიერ კეთილი ნებით მოძღვნილი კარგად დოკუმენტირებული ექსპონატებით. ამჟამად მუზეუმში თავმოყრილი 5000-ზე მეტი ნიმუში არამარტო შემეცნებითი და სასწავლო დანიშნულებისაა, არამედ მისი მნიშვნელოვანი ნაწილი სამეცნიერო ხასიათისაა. მუზეუმის ექსპონატებში არის საქართველოს თითქმის ყველა საბადოსა თუ მადანგამოვლინების კარგად რანჟირებული და გეოლოგიურად სისტემატიზებული სასწავლო და საკვლევი კოლექციები. მუზეუმი თავისი ნიმუშებით საქართველოში უნიკალურია. ასეთი პრაქტიკული მნიშვნელობის კოლექციები ადრინდელ გეოლოგიურ დეპარტამენტსაც კი არ გააჩნდა. 2001-2002 წლებში, საქართველოსა და გერმანიის მაშინდელი პრეზიდენტების ეგიდით ჩატარებულ გამოფენაზე „საქართველო - განძეულობა ოქროს საწმისის ქვეყნიდან“, მუზეუმის ექსპონანტები გამოიფინა, რაც მადლობის ნიშნად, გერმანიაშივე მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემულ სქელტანიან კატალოგში განთავსდა.
ჩვენს მუზეუმს ხშირად სტუმრობენ პოტენციური ინვესტორები იტალიიდან, ავსტრიიდან, ისრაელიდან და სხვ. ამა წლის ივლისის თვეში ეკონომიკის სამინისტროს თხოვნით ისრაელ ინვესტორები გაეცნენ საქართველოს მოსაპირკეთებელი ქვების ამ მუზეუმში თავმოყრილ ნიმუშებს, რამაც მათი სერიოზული დაინტერესება გამოიწვია.
მუზეუმი მესამე კორპუსის ბოლო სართულზეა მოთავსებული და უკავია 240 კვ.მ ფართობი. იგი შედგება ორი საგამოფენო დარბაზისგან. ცალკეა საპრეპარაციო, ფოტოლაბორატორია და საწყობი.
პირველი დარბაზი ეძღვნება საბადოების წარმოშობის ენდოგენურ, ეგზოგენურ, მეტამორფოგენულ პროცესებს და წიაღისეულის სამრეწველო ტიპებს. შემინულ ვიტრინებში მოთავსებულია მაგმური, პეგმატიტური, გრეიზენული, სკარნული და ჰიდროთერმული პროცესებისათვის დამახასიათებელი ქანების, მადნებისა და მინერალების ეტალონური ნიმუშები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და საქართველოდან. აქვე მოთავსებულია გამოფიტვის, დალექვის და ინფილტრაციის პროცესებთან დაკავშირებული გეოლოგიური წარმონაქმნები. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მსოფლიოში ცნობილი რკინის მეტამორფოგენული საბადოების – კურსკის მაგნიტური ანომალიისა და კრივიო როგის სრული გეოლოგიური ჭრილის მიხედვით რანჟირებულ ნიმუშებს. ამავე დარბაზშია განთავსებული რკინის სკარნული (დაშქესანი) და დანალექი (ქერჩი) მადნების კლასიფიცირებული ნიმუშები. ცალკე გამოფენილია საქართველოს მოსაპირკეთებელი ქვების სხვადასხვა ზომის ასზე მეტი დამუშავებული ნიმუში.
მეორე დარბაზი თითქმის მთლიანად მიძღვნილია საქართველოს საბადოებისა და მადანგამოვლინებებისადმი. აქ თავმოყრილია მეცნიერულად სისტემატიზებული როგორც საექსპოზიციო, ასევე სასწავლო და საკვლევი ექსპონატები. აქვე გამოფენილია მადნეულის კარიერისა და ზოფხითოს ანთიმონიუმის საბადოს თვალსაჩინო მაკეტები. მუზეუმის საცავში ყუთებში ინახება მრავალი ათეული ნიმუში, რომელთა გამოყენება შეიძლება როგორც სასწავლო, ისე სამეცნიერო მიზნებისათვის.
ბაკალავრებს და მაგისტრანტებს, დასამუშავებელი თემატიკის ხელმძღვანელის მიმართვითა და მუზეუმის გამგის ნებართვით, შეუძლიათ იმუშაონ როგორც საგამოფენო დარბაზებში, ასევე მუზეუმთან არსებულ კაბინეტში, საპრეპარაციოში და ფოტოლაბორატორიაში.