საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 45 წელია წარმატებით ფუნქციონირებს აკადემიკოს გიორგი ზარიძის სახელობის „გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების რესპუბლიკური (გმნკდგრ) ცენტრი“, რომლის (სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018) საგამოცდო ლაბორატორია (GAC-TL-0198) აკრედიტებულია 12 სფეროში: 1. ძვირფასი, ფერადი და შავი ლითონების შემცველი შენადნობები, 2. ძვირფასი ლითონების შემცველი არალითონური მასალები, 3. ოქროს შემცველი მადნები და კონცენტრატები, 4. ძვირფასი (საიუველირო) და სანახელავო მინერალები (ქვები), 5. მაგმური, მეტამორფული და დანალექი ქანები, 6. ნიადაგების ქიმიური შედგენილობის განსაზღვრა, 7. კერამიკა, 8. საღებავების ნაწარმი, სამხატვრო საღებავები, 9. პლასტილინი, 10. პლასტმასის სათამაშოები, 11. პლასტმასები და მათი ნაწარმი, პოლიმერული ნაწარმი, 12. არაორგანული ნარჩენები (გეოლოგიური, მეტალურგიული, სამთო, სამშენებლო). აქედან გვაქვს 34 გამოსაცდელი პროდუქტი და 82 საკვლევი პარამეტრი ISO ან EA სტანდარტებით (https://www.gac.gov.ge/ka/accredited-bodies/16). სფეროები მრავალ დარგს მოიცავს. ასეთი რაოდენობის გამოსაცდელი პარამეტრი საქართველოში მხოლოდ ერთეულ ლაბორატორიას აქვს. ლაბორატორია წლების განმავლობაში ახალ-ახალ აკრედიტებულ სფეროებს იმატებს. 2019-2020 წელს გმნკდგრ ცენტრის საგამოცდო ლაბორატორიის აკრედიტაციის სფეროებს დაემატა ახალი სფეროები: ნარჩენები, პლასტიკატები, საღებავები, პლასტმასის სათამაშოები. მომავალში დაგეგმილია გაფართოვდეს აკრედიტაციის სფერო შემდეგი მიმართულებით: 1. წყლის გამარტივებული ქიმიური ანალიზი, 2. ქანებისა და გრუნტების ფიზიკურ-მექანიკური პარამეტრების განსაზღვრა. გმნკდგრ ცენტრში საექსპერტო-სადიაგნოსტიკო, სამეცნიერო კვლევებს, პროექტებს, გრანტებს ასრულებენ წამყვანი მინერალოგები, პეტროგრაფები, გემოლოგები, მადნების სპეციალისტები, ჰიდროგეოლოგები, გეოეკოლოგები, ქიმიკოსები, ლითონმცოდნეები და სხვა. აღნიშვნის ღირსია სტუდენტების ჩართვა სამუშაოებში, რომლებიც შესაბამის ანაზღაურებას იღებენ.
ლაბორატორა აღჭურვილია როგორც რამდენიმე მოძველებული ხელსაწყოებით - ატომურ-აბსორბციული ანალიზატორით (AAS-30), სპექტროფოტომეტრით (SPECORD 40), მიკრორენტგენოსპექტრული ანალიზატორით (CAMEBAX MICROBEAM), რენტგენოსტრუქტურული ანალიზატორით (DRON-3), ქანებისა და გრუნტების ფიზიკური და მექანიკური თვისებების მზომი ხელსაწყოებით, ბინოკულარებით (МБ-10), ასევე ბოლო ხუთი წლის განმავლობაში შეძენილია საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი თანამედროვე აღჭურვილობა: პოლარიზაციული მიკროსკოპები (AMSCOPE PZ 300T, AMSCOPE PZ 600T, POLAM-312) და არეკლილი სინათლის მიკროსკოპი (MP-3), რენტგენოფლუორესცენციური ანალიზატორი (EDX3600B), გემოლოგიური მიკროსკოპები (GEMORO (superior instrument), გემოლოგიური ხელსაწყოები (ტესტერები - Presidium multiteste და Presidium Diamond Mate-A, ლევერიჯები PRESIDIUM Electronic Gemstone Cauge, რეფრაქტორემეტრი РГ-1, ლუპა ტრიპლეტები, ფერის ეტალონები, ოქროს სასინჯი ანალიზური სასწორები (Sartorus, Metler, RADWAG) სიმკვრივის საზომი დანამატით,ნემსები), ქიმიური ჭურჭელი და ქიმიური რეაქტივები, სტანდარტები, ეტალონები, საველე აღჭურვილობა, GPS ნავიგატორები, საფრენი აპარატი - Phantom 4Pro, კომპიუტერები, პროექტორები, პლოტერი, სპეციალური კომპიუტერული პროგრამები, ქვების დასამუშავებელი ხელსაწყო-მოწყობილობები და სხვა.
ცენტრში ყოველწლიურად სრულდება 30-ზე მეტი სახელშეკრულებო თემა. შესრულებულ სამუშაოებს აქვს დიდი თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა, რომლებიც უაღრესად აქტუალური, მნიშვნელოვანი და ღირებულია.
წლების განმავლობაში შესრულებულ სამუშაოებს შორის აღსანიშნავია ეკოლოგიური, გეოლოგიური, მინერალოგიურ-პეტროგრაფიული, საინჟინრო - გეოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური პროექტები, გრანტები და სახელშეკრულებო სამუშაოები.
კვლევები ხშირად ითვალისწინებს საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან მჭიდრო თანამშრომლობას, საგანძურებში დაცული საინტერესო და ზოგჯერ უნიკალური ძეგლების სიღრმისეული შესწავლის მიზნით. კერძოდ, შეძლებისდაგვარად მკაფიოდ წარმოგვეჩინა უძველესი ძეგლების და სხვადასხვა არტეფაქტების შემადგენელი მინერალების რაობა, მათი წარმომავლობა და დამუშავების ტექნოლოგია.
ხშირად საქმე გვაქვს მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებულ ძეგლებთან. ამიტომ კვლევის წარმოებისას გამოყენებული იყო ისეთი მეთოდოლოგია, რომელიც წინასწარვე გამორიცხავდა შესასწავლი ექსპონატების რაიმე სახის დესტრუქციას. აქედან გამომდინარე, კვლევები ხორციელდებოდა ისეთი აპარატურით, როგორიცაა არადესტრუქციული რენტგენოფლუორესცენციური ანალიზატორები, პოლარიზაციული მიკროსკოპი, გემოლოგიური მიკროსკოპი, რენტგენოფაზური ანალიზატორი, დუოტესტერები და სხვა.
აღნიშვნის ღირსია ცენტრში შესრულებული ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები როგორებიცაა: „გრაკლიანის გორის ამგებელი მასალისა და იქ აღმოჩენილი არტეფაქტების მინერალოგიურ-ლითოლოგიური გამოკვლევა“; „ვარძიის სამონასტრო კომპლექსის ამგებელი ქანების და იქ მიმდინარე პროცესების კომპლექსური გამოკვლევა“; „ დიდი მცხეთის მუზეუმ - ნაკრძალში დაცული ოქროს ნაკეთობების ქიმიური შედგენილობის კვლევა“; „ძველი და ახალი ქვევრების, მათი დამზადებისათვის გამოყენებული ნედლეულისა და ქვევრების დამზადების ტექნოლოგიის კომპლექსური შესწავლა“; ,,ქართულ-ბიზანტიური ტიხროვანი მინანქრის მინერალოგიურ თავისებურებათა კვლევა“; „საქართველოს არქეოლოგიური მონაპოვარების მინერალური შედგენილობის გამოკვლევა“; „მადნეულის და საყდრისის სანაყაროს ფერდობების მდგრადობის შეფასება და წყალამრიდი არხების დაგეგმვა“; „მადნეულის და საყდრისის საწარმოო უბნის გროვული გამოტუტვის მოედნებზე გამოტუტვის ნარჩენების (კვარციტების) რესურსული პოტენციალის შესწავლა და მათი გამოყენების შესაძლებლობები“.
გმნკდგრ ცენტრი ჩართულია სასწავლო პროცესში, მრავალი სასწავლო კურსის ლაბორატორიული და პრაქტიკული სამუშაოების ჩატარებაში; მისი მატერიალურ ტექნიკური ბაზით სარგებლობენ სამთო-გეოლოგიური, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის, საინჟინრო ეკონომიკის, მედია ტექნოლოგიისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების სამივე საფეხურის სტუდენტები, რომლებიც სამეცნიერო კონფერენციების, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების შესრულებაში იყენებენ ცენტრში შესრულებულ ანალიზებს (კვლევებს).
გმნკდგრ ცენტრში შესრულებული სამუშაოების საფუძველზე დაცულია მრავალი სამაგისტრო და სადოქტორო დისერტაცია, შესრულებულია ანგარიშები და გამოქვეყნებულია მონოგრაფიები.