საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-საგანმანათლებლო პოტენციალისა და ქვეყანაში არსებული გეოლოგიური მემკვიდრეობის გაცნობის მიზნით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მან უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტი დაათვალიერა, გაეცნო ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურას, მინერალებისა და ქანების და სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმიების უნიკალურ კოლექციას.
ნინო წილოსანი გაეცნო მუზეუმებში წარმოდგენილ საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის საბადოებიდან მოპოვებული მინერალების, მადნებისა და ქანების მრავალფეროვან ნიმუშებს, ექსპონატების წარმომავლობას, მათ გეოლოგიურ თავისებურებებს, სამეცნიერო ღირებულებასა და სასწავლო თუ სამრეწველო პროცესში გამოყენების შესაძლებლობებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მუზეუმის მნიშვნელობას საქართველოს ბუნებრივი რესურსების, გეოლოგიური მრავალფეროვნებისა და წიაღისეულის პოტენციალის წარმოჩენის თვალსაზრისით.
სტუ-ის პროფესორის, გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის და აკადემიური საბჭოს წევრის ნოდარ ფოფორაძის თქმით, სასარგებლო წიაღისეულის მუზეუმის კოლექცია 5000-ზე მეტ ნიმუშს აერთიანებს. ექსპონატებს შორისაა საქართველოს თითქმის ყველა საბადოსა და მადანგამოვლინების ნიმუშები, ასევე, სხვადასხვა გეოლოგიური პროცესისთვის დამახასიათებელი ქანები, მადნები და მინერალები. კოლექციის მნიშვნელოვანი ნაწილი არა მხოლოდ სასწავლო და შემეცნებითი, არამედ სამეცნიერო დანიშნულებისაა.
„მუზეუმი ორ საგამოფენო დარბაზს მოიცავს. ერთ-ერთ დარბაზში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გეოლოგიური ნიმუშები, მეორე კი, ძირითადად საქართველოს საბადოებსა და მადანგამოვლინებებს ეძღვნება. ექსპოზიციაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მადნეულის კარიერისა და ზოფხითოს ანთიმონიუმის საბადოს მაკეტებს.
მუზეუმის განსაკუთრებული ღირებულება მის პრაქტიკულ დანიშნულებაშიც მდგომარეობს. კოლექციები სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შესაძლებლობას აძლევს, სასწავლო და კვლევითი საქმიანობის ფარგლებში უშუალოდ გაეცნონ გეოლოგიურ ნიმუშებს, შეისწავლონ მათი მახასიათებლები და თეორიული ცოდნა პრაქტიკულ გამოცდილებას დაუკავშირონ. ამასთანავე, მუზეუმი წარმოადგენს საქართველოს მინერალური რესურსებისა და გეოლოგიური მემკვიდრეობის მნიშვნელოვან საგანმანათლებლო სივრცეს“. – პროფესორი ნოდარ ფოფორაძე
ვიზიტის ფარგლებში ნინო წილოსანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფაკულტეტის წარმომადგენლებიც. მხარეებმა უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის საქმიანობის, არსებული შესაძლებლობებისა და სამთო-გეოლოგიური დარგის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.