08/11/2026
პროფესორი ნოდარ ფოფორაძე ხმელთაშუა ზღვის გეომეცნიერებათა კავშირის მე-6 ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო
8-11 ნოემბერს, ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, ხმელთაშუა ზღვის გეომეცნიერებათა კავშირის (MedGU) მეექვსე ყოველწლიური შეხვედრა - MedGU-26 გაიმართა. ღონისძიების მასპინძელი იყო კაიროს ასტრონომიისა და გეოფიზიკის ეროვნული კვლევითი ინსტიტუტი (NRIAG - National Research Institute of Astronomy and Geophysics).
კონფერენცია ჰიბრიდული ფორმატით (როგორც უშუალოდ დასწრებით, ისე ონლაინ) წარიმართა. NRIAG-ის ბაზაზე გამართულ საერთაშორისო სამეცნიერო შეხვედრას მსოფლიოს ათეულობით ქვეყნიდან ასობით მკვლევარი დაესწრო.
კონფერენციაში მონაწილეობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის პროფესორი ნოდარ ფოფორაძე. მან წარადგინა მოხსენება თემაზე: „საბერეების (გარეჯის) კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსის დეტალური გეოლოგიური კვლევა“.
მოხსენება ეფუძნებოდა კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ძეგლისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის შესწავლის ფარგლებში ჩატარებულ საველე სამუშაოებს. კვლევა მოიცავდა საველე პირობებში აღებული ქანების ნიმუშების ინტერდისციპლინურ ანალიზს, კერძოდ, მინერალოგიურ, პეტროგრაფიულ და ქიმიურ კვლევებს. წარმოდგენილი შედეგები მნიშვნელოვანი იყო ძეგლის გეოლოგიური აგებულებისა და მისი ბუნებრივი გარემოს თავისებურებების და იქ არსებული საფრთხეების შესწავლის თვალსაზრისით.
MedGU-26-ის მთავარი მიზანი იყო ხმელთაშუა ზღვისა და მისი მომიჯნავე რეგიონების, მათ შორის შავი ზღვის აუზისა და კავკასიის, ეკოლოგიური, კლიმატური და სოციალური გამოწვევების განხილვა და მათი გადაჭრის გზების ძიება ინტერდისციპლინური სამეცნიერო კვლევების საფუძველზე.
კონფერენციის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მდგრადი განვითარების მიზნებს (UN SDGs), სეისმოლოგიას, კლიმატის ცვლილებით განპირობებულ ექსტრემალურ მეტეოროლოგიურ მოვლენებს, აგრეთვე გეოსაინფორმაციო სისტემებისა და დისტანციური ზონდირების (Remote Sensing) თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას.
ხმელთაშუა ზღვის გეომეცნიერებათა კავშირის (MedGU) საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმა აქტიურად გამოიყენება ქართველი მეცნიერების მიერ. ქართულ სამეცნიერო საზოგადოებას ამ პლატფორმაზე ძირითადად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტვილდიანის უნივერსიტეტის წარმომადგენლები წარმოადგენენ.
წლევანდელ კონფერენციაზე საქართველოდან ხუთი სამეცნიერო მოხსენება იყო წარდგენილი, რომლებიც რამდენიმე მნიშვნელოვან თემატურ მიმართულებასა და სექციას (Track) მოიცავდა. ქართულმა სამეცნიერო ნაშრომებმა საერთაშორისო მონაწილეთა ინტერესი და ყურადღება დაიმსახურა.
კონფერენციაზე წარდგენილი სამეცნიერო თეზისები Springer-ის კონფერენციის მასალებში გამოქვეყნდება. გამოცემის ინდექსირება Scopus-ისა და SCImago-ს სამეცნიერო ბაზებშია გათვალისწინებული.
MedGU-26-ში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის მონაწილეობა ხელს უწყობს ქართული გეოლოგიური კვლევების საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში წარმოჩენას, საერთაშორისო აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებასა და საქართველოს კულტურული და გეომემკვიდრეობის ძეგლების გეოლოგიური შესწავლის შედეგების პოპულარიზაციას.