სტუ
06/11/2026

ფაკულტეტს უზბეკეთის ნავოის სახელმწიფო სამთო და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია

ფაკულტეტს უზბეკეთის ნავოის სახელმწიფო სამთო და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვია.png

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და უზბეკეთის ნავოის სახელმწიფო სამთო და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს შვიდკაციანი დელეგაცია - ექვსი სტუდენტი და ერთი პროფესორი ეწვია.

ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ორ უნივერსიტეტს შორის პირველი სამუშაო კონტაქტების დამყარება, სტუმრებისთვის სტუ-ის საგანმანათლებლო პროგრამების, სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურის, პარტნიორი ორგანიზაციების საქმიანობისა და საქართველოს კულტურულ-ისტორიული მემკვიდრეობის გაცნობა.

ვიზიტის პირველ ეტაპზე დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი ინფრასტრუქტურა, მუზეუმები, ლაბორატორიები, მათ შორის შახტი-ლაბორატორია. სტუმრები გაეცნენ თანამედროვე ტექნოლოგიების სწავლების პროცესში გამოყენების პრაქტიკას, შესაბამის ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურასა და სწავლების თანამედროვე მიდგომებს.

პროგრამის ფარგლებში, სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებთან სალექციო ფორმატის შეხვედრები გაიმართა, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაეზიარებინათ ცოდნა და გამოცდილება, ემსჯელათ პროფესიული განათლებისა და სამთო-გეოლოგიური დარგის განვითარების საკითხებზე.

ვიზიტის პრაქტიკული ნაწილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორი სამთომომპოვებელი კომპანიის, RMG-ის, საწარმოო ობიექტებზე გაგრძელდა. 

დაბა კაზრეთში სტუმრები უშუალოდ გაეცნენ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და გადამუშავების ტექნოლოგიურ პროცესებს, სამთო საწარმოს ფუნქციონირებისა და საწარმოო საქმიანობის სპეციფიკას.

პროგრამა კულტურულ-შემეცნებით აქტივობებსაც მოიცავდა. სტუმრებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ისტორიული და კულტურული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს, ასევე, ეწვივნენ კომპანია RMG-ის მხარდაჭერით შექმნილ ქართულ-გერმანულ ღვინის სახლს და მოინახულეს საქართველოს უძველესი დედაქალაქი მცხეთა.

ვიზიტის დასასრულს დელეგაციის წევრები შეხვდნენ სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ნოე ხოზრევანიძეს. შეხვედრაზე შეჯამდა ვიზიტის შედეგები და განიხილეს უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, მათ შორის აკადემიური ურთიერთობების გაღრმავებისა და სტუდენტური გაცვლითი პროგრამების განვითარების შესაძლებლობები. დაწყებული თანამშრომლობა ქმნის ახალ შესაძლებლობებს ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინიციატივების განხორციელებისთვის, სტუდენტთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობისა და საერთაშორისო აკადემიური კავშირების გაძლიერებისთვის.