30-31 ოქტომბერს, სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „სამთო საქმისა და გეოლოგიის განვითარება ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა” ჩატარდება.
კონფერენციას, უკვე მეთორმეტედ, 2015 წლიდან საქართველოს მინერალოგიური საზოგადოება, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, გრ. წულუკიძის სამთო ინსტიტუტთან და ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის ერთად, ყოველწლიურად ატარებს, რომელიც ზუსტად პასუხობს ქვეყნის დღევანდელ მოთხოვნებს.
კონფერენცია, ტრადიციულად, ეძღვნება გეოლოგიის დარგის და სამთო საქმის სხვადასხვა მიმართულების აქტუალურ საკითხებს, გარემოსდაცვითი პრობლემების შეფასებისა და გადაწყვეტის ღონისძიებებს, კერძოდ, ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების თანამიმდევრულ შესწავლას, მინერალური რესურსების კლასიფიკაციას, წყლის რესურსებს (მტკნარი, მინერალური და თერმული), მათ რაციონალურ გამოყენებასა და სწორი გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებას, ნარჩენების მართვას, დიდი სამთო და გეოლოგიური საწარმოების საინჟინრო-გეოლოგიური, ეკოლოგიური და სოციალური ფაქტორების შესწავლას.
მნიშვნელოვანია აგრეთვე სამთო საქმის და გეოლოგიის დარგებში დაგროვილი მნიშვნელოვანი საკითხები და პრობლემები და სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი რესურსული პოლიტიკა, რომელიც სამთო-გეოლოგიური დარგის განვითარების თანამედროვე გამოცდილებასა და სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის უახლეს მიღწევებს ეფუძნება. რეკომენდაციები ეხება რეფორმას, რომლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ სამთო-გეოლოგიური დარგის გაძლიერება და განვითარება იქნება; კერძოდ, სახელმწიფომ უფრო ეფექტურად უნდა გამოიყენოს თავისი უფლებები და მიზანმიმართულად განახორციელოს ღონისძიებები წიაღისეული რესურსების (მოსაპირკეთებელი ქვების, მადნეული და არამადნეული წიაღისეულის) დაძიების, ახალი საბადოების აღმოჩენის, სამთო წარმოებისა და სხვა საკითხების მოსაგვარებლად. ამიტომ აუცილებელია ქვეყანაში გეოლოგიური საქმიანობისა და სამთო წარმოების ცენტრალიზაცია, კოორდინაცია, გრძელვადიანი მიზანმიმართული პოლიტიკის შემუშავება და მისი განუხრელად გატარება.
როგორც ყოველთვის, წელსაც, სპონსორობას და მხარდაჭერას გვიწევს ჩვენი მუდმივი პარტნიორი „არემჯი“ ჯგუფი („RICH METALS GROUP“), მათმა მხარდაჭერამ და ერთობლივად განხორციელებულმა პროექტებმა დიდი შედეგი გამოიღი. ფართოდ არიან ჩართულები სტაჟირებისა და პრაქტიკების კუთხით. წარჩინებულ სტუდენტებს დანიშნული აქვთ სტიპენტია, მონაწილეობას იღებენ ლაბორატორიების აღჭურვაში, სარემონტო სამუშაოებში, რისთვისაც დიდი მადლობა.
გარკვეულ დახმარება გვიწევს გარემოსა და მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოები.კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ როგორც კვლევითი და სასწავლო დაწესებულებების, ასევე კერძო კომპანიების წარმომადგენლები. საქართველოს ეკონომიკის აღორძინება მინერალური რესურსების მიზანმიმართული შესწავლისა და ათვისების გარეშე შეუძლებელია. გეოლოგია ერთ-ერთი ტრადიციული და გამორჩეული დარგია როგორც ჩვენს უნივერსიტეტში, ასევე ქვეყანაში. ძლიერი გეოლოგიური სამსახურების გარეშე შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე და გარემოს მდგრადობა, მინერალური რესურსების სრულყოფილი ბაზის შექმნა.
საქართველოში მოქმედი მინერალური რესურსების შემსწავლელი, მომპოვებელი და გადამამუშავებელი სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების მეცნიერ და პრაქტიკოს გეოლოგთა ასეთი კონტაქტები, კვლევითი სამუშაოებისა და გამოცდილების ერთმანეთისათვის გაცნობა-გაზიარება, გეოლოგიის დარგის სიძლიერისა და წარმატების საწინდარია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად, ღონისძიების მსვლელობაში და ორგანიზებაში აქტიურად არიან ჩართული სტუდენტებიც და სასიხარულოა, რომ მათი მხრივ, ამ კუთხით დაინტერესება წლიდან წლამდე იზრდება.
სახელმწიფოს რეალური დამოუკიდებლობა მისი საკუთარი რესურსებით უზრუნველყოფის პირდაპირპროპორციულია. ამასთან აღსანიშნავია, რომ მინერალური ნედლეულის მოპოვებისა და გამოყენების სწრაფი ტემპით ზრდა უარყოფითად მოქმედებს ჩვენი პლანეტის მგრძნობიარე ეკოლოგიურ წონასწორობაზე, რაც ობიექტურად მოითხოვს მინერალური რესურსების დაძიება-მოპოვება-გადამუშავება-გამოყენების გარემოს დამზოგველი გლობალური პოლიტიკის შემუშავებას.
საქართველოში დღეისათვის ეკონომიკური დამოუკიდებლობის შექმნის პირობებში, ქვეყნის მინერალური ნედლეულით უზრუნველყოფას, პირველ რიგში იმ სახეობებით, რომლებიც ხელს უწყობენ მცირე და საშუალო ბიზნესის სწრაფად განვითარებას - უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება.
საქართველოს მინერალური რესურსების პოტენციალის სრული წარმოჩენისა და საბაზრო ურთიერთობებში ჩართვის მიზნით აუცილებელია ისეთი ამოცანების გადაწყვეტა, რომლებიც დაარეგულირებს ამ დარგში საქმიანობის სრულ ციკლს მარკეტინგიდან-პროდუქტის გასაღებამდე;
სტუ-ის კედლებში არაერთი გამოჩენილი პრაქტიკოსი და მეცნიერი გეოლოგია აღზრდილი და ეს პროცესი ახლაც წარმატებით მიმდინარეობს.
ქვეყნის წინაშე არსებული გარემოსდაცვითი და გეოლოგიური ამოცანების გასასაწყვეტად ჭირდება მაღალი კვალიფიკაციის გეოლოგები, რომელთა მომზადებას თითქმის ას წელზე მეტია წარმატებით ახორციელებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი. ფაკულტეტის აღზრდილი გეოლოგები წარმატებით მოღვაწეობენ სახელმწიფო და კერძო კომპანიებში, მათ შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ - „გარემოს ეროვნულ სააგენტოსა“ და „გარემოს დაცვის დეპარტამენტში“.
სპეციალისტების მომზადებაში, გარდა საუნივერსიტეტო რესურსისა, მნიშვნელოვანია სახელმწიფო სტრუქტურების და კერძო სექტორის მეტი ჩართულობა, უნივერსიტეტისთვის მატერიალური (ხელსაწყო-მოწყობილობების, თანამედროვე სპეციალური პროგრამებისა და მეთოდების შეძენა) დახმარების გაწევა და ადამიანური რესურსის (სტაჟირება, კვალიფიკაციის ამაღლება) საერთაშორისო დონეზე მომზადება.